Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკლ მაკფოლი - უიღბლო ელჩი?


მაიკლ მაკფოლი
მაიკლ მაკფოლი
რუსეთში აშშ-ის ელჩი, მაიკლ მაკფოლი, სოჭის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ამ პოსტის დატოვებას აპირებს. მაკფოლმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ სამუშაოდ დაბრუნდება სამშობლოში, სტენფორდის უნივერსიტეტში. შეერთებული შტატების ეს ელჩი, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვთან ურთიერთობაში პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის“ პოლიტიკის ინიციატორი იყო, რუსეთში მუშაობის დაწყებიდან მალევე აღმოჩნდა ადგილობრივი მედიის კრიტიკის სამიზნე. რატომ მოხდა ასე და, ზოგადად, რა კვალი დააჩნია ელჩმა მაიკლ მაკფოლმა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას?

მაიკლ მაკფოლი 2012 წლის იანვრიდან მუშაობს რუსეთში შეერთებული შტატების ელჩად. მანამდე ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის - სტენფორდის უნივერსიტეტის - პროფესორი და ეროვნული უშიშროების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველთა გუნდის წევრი. მაკფოლი მიჩნეულია რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ მცოდნედ.
მაიკლ მაკფოლმა გააკეთა ყველაფერი საიმისოდ, რომ, სულ ცოტა, არ გაუარესებულიყო რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა. მაგრამ ის, რომ იტყვიან, არასწორ ადგილზე აღმოჩნდა არასწორ დროს...
ალექსანდრ გოლცი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, პროფესორ ნიკოლას გვოზდევის განმარტებით, მაკფოლი რუსეთში გასაგზავნად შეირჩა პრეზიდენტის პოსტზე დმიტრი მედვედევის საქმიანობის პერიოდში და ვაშინგტონში იმედოვნებდნენ, რომ ეს ელჩი შეძლებდა ურთიერთობა აეგო რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის საფუძველზე, ანუ იმ პოლიტიკური კურსით, რომლის შემუშავებასაც თვით მაკფოლი ხელმძღვანელობდა ობამას მრჩეველთა გუნდში.

გვოზდევის თქმით, გავრცელებული ვარაუდი იყო, რომ მაკფოლი „მედვედევის ადმინისტრაციასთან ერთად გააგრძელებდა მუშაობას ე.წ. გადატვირთვაზე, მაგრამ მოსკოვში ჩასულს, მას დახვდა დაბრუნებული პუტინის ადმინისტრაცია, რომელსაც განსხვავებული შეხედულება ჰქონდა შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობაზე - ვგულისხმობ თავად პუტინსაც და მისი გარემოცვის წევრებსაც. ვითარება კიდევ უფრო გაართულა 2011 წლის მიწურულს რუსეთში გამართულმა საპროტესტო აქციებმაც, რომლებმაც დაგვანახვა, რომ პუტინის გადაწყვეტილებას ხელისუფლების სათავეში დაბრუნებულიყო ყველა არ ეთანხმებოდა“, - ამბობს პროფესორი გვოზდევი.

ნიშანდობლივია, რომ რუსეთის წამყვანმა სახელმწიფო ტელეარხმა 2012 წლის იანვარში მკაცრად გააკრიტიკა მაკფოლი, მაშინ რუსეთში აშშ-ის ახალი ელჩი. პირველ არხზე ითქვა, მაკფოლი რუსეთში დესტაბილიზაციისათვის არის გამოგზავნილიო. ეს კრიტიკა მოჰყვა მაკფოლის შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებთან...

მაკფოლი ამის შემდეგაც არაერთხელ გამხდარა ღია კრიტიკის სამიზნე. ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა რუსეთში აშშ-ის ყოფილ ელჩს, ჯეიმს კოლინზს, ჰკითხა, რამდენად მისაღებად მიაჩნია ასეთი დამოკიდებულება და რუსეთში ელჩად მუშაობისას თვითონაც დაუგროვდა თუ არა მსგავსი გამოცდილება. კოლინზის პასუხი იყო:

„პირადად მე არ გამომიცდია. ჩემი ელჩობის დროს ჩვენი ურთიერთობა ურიგო არ ყოფილა. გვქონდა სირთულეები, გვქონდა რთული პერიოდები. გავიხსენოთ თუნდაც დემონსტრაციები ბალკანეთში აშშ-ის პოლიტიკის წინააღმდეგ. მაგრამ პირადად ჩემი მისამართით რაიმე თავდასხმა არ ყოფილა. ჩემი აზრით, ელჩ მაკფოლს რამდენიმეჯერ მოუხდა მის მიმართ სრულიად უსინდისო ქმედებასთან შეჯახება. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის
ჯეიმს კოლინზი
ჯეიმს კოლინზი
წარმომადგენელი იყო და, ცხადია, მისთვის და მისი ოჯახისთვის ეს იოლი არ ყოფილა. ვფიქრობ, ამას არავითარი გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. ჩვენს ქვეყანაში დიპლომატებს ასე არ ექცევიან“.

რუსი პოლიტოლოგისა და სამხედრო ექსპერტის ალექსანდრ გოლცის აზრით, რუსეთში აშშ-ის ამჟამინდელმა ელჩმა გააკეთა ის, რაც შესაძლებელი იყო ასეთ ვითარებაში.

„მაიკლ მაკფოლმა გააკეთა ყველაფერი საიმისოდ, რომ, სულ ცოტა, არ გაუარესებულიყო რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა. მაგრამ ის, რომ იტყვიან, არასწორ ადგილზე აღმოჩნდა არასწორ დროს. ის აღმოჩნდა სიტუაციაში, როცა რუსეთის ხელისუფლება მყარად იყო დარწმუნებული, რომ წყეულ სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთში ნარინჯისფერი რევოლუციის მოწყობა სურს. როდესაც ერთი მხარე აპრიორი დარწმუნებულია მეორე მხარის აგრესიულ განზრახვაში, ძნელია რაციონალური დიპლომატიის წარმოება. მაგრამ მაიკლმა მაინც ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ ურთიერთობა რაციონალური ყოფილიყო. კერძოდ, ბევრი გაკეთდა ავღანეთის საკითხში თანამშრომლობის თვალსაზრისით“. - ასეთ შეფასებას გამოთქვამს რუსი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ გოლცი მას შემდეგ, რაც რუსეთში აშშ-ის ელჩმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ ამ პოსტიდან წასვლას აპირებს.

თუ როგორ განვითარდება ამის შემდეგ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები, ამ მხრივ ექსპერტ ნიკოლას გვოზდევს საყურადღებოდ მიაჩნია შემდეგი რამ: „როცა საქმე მისი (მაიკლ მაკფოლის) მემკვიდრის შერჩევაზე მიდგება, საინტერესო იქნება ვნახოთ, რა დასკვნები გამოიტანეს მომხდარიდან. იმედი მაქვს, არ გადაწყვეტენ, რომ უმჯობესია გვყავდეს უფრო მეტად ჩრდილში მყოფი ელჩი, ან ელჩი, რომელმაც რუსული არ იცის, ან ელჩი, რომლის საქმიანობაც დიპლომატიური კომუნიკეების გამოქვეყნებით შემოიფარგლება. აუცილებელია გვყავდეს ელჩობის კანდიდატი, რომელსაც ეცოდინება, რაოდენ რთულ გარემოში მოუწევს საქმიანობა, რომელიც მზად იქნება მძიმე ვითარებაში სამუშაოდ“.

„მძიმე ვითარებაში მუშაობა“ აქ გულისხმობს რუსეთში აშშ-ის ელჩის საქმიანობას, რასაც მაიკლ მაკფოლი შეწყვეტს სოჭის ოლიმპიური თამაშების შემდეგ.
XS
SM
MD
LG