Accessibility links

logo-print

მიშელ ფლურნოი რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს


ევროპელი ლიდერები ვლადიმირ პუტინს და პეტრო პოროშენკოს ხვდებიან.

ევროპელი ლიდერები ვლადიმირ პუტინს და პეტრო პოროშენკოს ხვდებიან.

საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინისთვის იარაღის მიწყოდებაზე აქტიურად საუბრობს. ამ დრომდე შეერთებული შტატები უკრაინას მხოლოდ არალეთალურ სამხედრო დახმარებას აწვდის. ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მიშელ ფლურნოი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიისთვის თავის გასართმევად უკრაინას თავდაცვითი იარაღი უნდა მიეწოდოს.

„ჩემი აზრით, სამხედრო წვრთნების ჩატარება და არალეთალური იარაღის მიწოდება, რაც უკვე მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად, უკრაინას თავდაცვითი იარაღიც უნდა მივაწოდოთ. ამ იარაღის დანიშნულება იერიშებზე წასვლა არ უნდა იყოს, რადგან უკრაინა ამ ომს სამხედრო გზით ვერ მოიგებს. თუმცა ეს იარაღი დამატებითი აგრესიის შეკავების ერთ-ერთი მეთოდი იქნება.“

ფლურნოი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად დიპლომატიური გადაწყვეტილების გამონახვა მოუწევს, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სხვადასხვა მეთოდებით იქნება გამყარებული:

„ზოგჯერ ზეწოლის სხვადასხვა ფორმა, მაგალითად ეკონომიკური სანქციები და შეიარაღების მიწოდება დიპლომატიურ შეთანხმებას ძალას მატებს. მაგრამ უკრაინისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული განვითარების კურსის შენარჩუნებაა. აგრესიამ, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ხდება, ქვეყნის განვითარებაზე და დემოკრატიულ პროცესებზე გავლენა არ უნდა იქონიოს.“

შეკითხვაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია რუსეთის აგრესიის გავრცელება ევროპის სხვა ქვეყნებზე და განსაკუთრებით ნატოს წევრებზე, ფლურნოი აცხადებს, რომ მოსკოვს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს იმაში, რომ ალიანსი საკუთარი წევრების დასაცავად მუდამ მზადაა:

„რუსეთის დამატებითი აგრესია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში უნდა გვაწუხებდეს. ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ევროპა მთლიანი, ერთიანი და მშვიდობიანი ყოფილიყო. რუსეთის მხრიდან ცალმხრივი მოქმედებით ამის დარღვევა ყველას უნდა აშფოთებდეს. ნატოს ნებისმიერი წევრის, კერძოდ კი ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ წარმოებულ ნებისმიერ აგრესიაზე რუსეთმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ნატოს აქვს არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ პოლიტიკური ნებაც იმისთვის, რომ მოკავშირეები დაიცვას.“

ამერიკის საგარეო საფრთხეების შეფასებისას თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ რუსეთის აგრესია უდავოდ ერთ-ერთი გამოწვევაა.

„ყურადღება რამდენიმე გამოწვევაზე უნდა გავამახვილოთ - იქნება ეს უკრაინაში რუსეთის აგრესია თუ ისლამური სახელმწიფოს გაძლიერებით ტერორისტული საფრთხეების მომატება. თითოეული ეს პრობლემა ერთ ძირითად საკითხს უკავშირდება - ზოგიერთი მოთამაშე ნორმებით დარეგულირებულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ეკონომიკური განვითარების საწინდარიცაა, შეცვლით ემუქრება.“

ფლურნოი აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად უნდა გაერთიანდეს.

XS
SM
MD
LG