Accessibility links

logo-print

მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტის საფრთხეები


იმერეთი

იმერეთი

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ხელისუფლების ახალი ინიციატივა მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით: სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირებს ყველა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სხვა პირის უფლება არ დგინდება. დაინტერესებულ პირებს ექნებათ 1-წლიანი ვადა იმისათვის, რომ მოითხოვონ სახელმწიფოს საკუთრების გაუქმება და კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მათი უფლების რეგისტრაცია.

ამ ინფორმაციას იმთავითვე საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის საკმაოდ კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. გუშინ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა მოკლე ანგარიში, რომელშიც შეფასებულია კანონპროექტის რისკები. ანგარიშის თანახმად, დღესდღეობით პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც საჯარო რეესტრი ვერ ახერხებს რეგისტრირებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დადგენას. ამის მიზეზი ისაა, რომ 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი დარეგისტრირდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით, სათანადო საკადასტრო ინფორმაციის გარეშე. სამწუხაროდ, შემოთავაზებული კანონპროექტი ამგვარი მესაკუთრეების დაცვის მექანიზმს არ ითვალისწინებს.

ორგანიზაცია ეჭვობს, რომ ხარვეზიანი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მქონე პირები დაკარგავენ მიწაზე საკუთრების მოპოვების შესაძლებლობას. ხშირია შემთხვევები, როდესაც პირი მრავალი წლის მანძილზე ფლობს მიწის ნაკვეთს, თუმცა ვერ ახერხებს საკუთრების რეგისტრაციას ხარვეზის შემცველი, დაკარგული ან განადგურებული დოკუმენტაციის გამო. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ასეთი შემთხვევებისათვის გამარტივებული რეგისტრაციის პროცედურებს. შესაბამისად, 1-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ასეთი პირები დაკარგავენ ყოველგვარი მოთხოვნის უფლებას და ის მიწა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე ფლობდნენ და ამუშავებდნენ, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.

ანგარიშის თანახმად, არსებობს საფრთხე, რომ იმ პირებმა, რომლებიც ფლობენ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, შესაძლოა 1 წლის ვადაში ვერ მოახერხონ საკუთრების რეგისტრაცია. დღეის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციოდ გასაწევი ხარჯების (აზომვითი სამუშაოები, არქივიდან დოკუმენტების მოძიება და სხვ.) ოდენობა 1 ჰა მიწის ნაკვეთისთვის, საშუალოდ, 300 ლარს შეადგენს, რაც, თავისთავად ცხადია, ბარიერი იქნება არაერთი მოქალაქისთვის.

შეიძლება საკადასტრო საზღვრების გადაფარვისა და მსგავსი საკითხებით გამოწვეული სასამართლო დავების ოდენობა გაიზარდოს, რადგან, დღეის მდგომარეობით, აზომვითი ნახაზების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა მთლიანად მესაკუთრეს და კერძო საამზომველო კომპანიას ეკისრება, წარმოდგენილი აზომვითი ნახაზების სიზუსტის გადამოწმების მექანიზმი კი საჯარო რეესტრს არ გააჩნია.

არსებობს მიწის ბაზრის განვითარებისა და საინვესტიციო გარემოს გაუარესების საფრთხე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ სახელმწიფო განკარგავს მიწის ნაკვეთებს, რომელზეც კერძო პირებს აქვთ მოთხოვნის უფლება. ასეთ შემთხვევებში გარდაუვალი იქნება სასამართლო დავები.

არ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში მოითხოვს სახელმწიფო მიწის ნაკვეთის განკარგვის აკრძალვას.

თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება მნიშვნელოვნად გართულდება. კანონპროექტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებად შეიძლება დარეგისტრირდეს თვითნებურად დაკავებული მიწაც, რომელიც ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების პროცედურის ხანგრძლივობიდან გამომდინარე კი, დაინტერესებულმა პირმა შესაძლოა კანონპროექტით დადგენილ 1-წლიან ვადაშისაკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ უზრუნველყოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG