Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისქვეშა თბილისი


თბილისის ქვეშ არის მეორე ქალაქი - მიწისქვეშა თბილისი. იქ მეტროს მოქმედ და ძველ, დაკონსერვებულ გვირაბებს მივყავართ მიწისქვეშა გაყვანილობებით, სამხედრო თავშესაფრებით, სარდაფებით, ბევრი შეუმჩნეველი და მივიწყებული ადგილით...

არიან ადამიანები, რომლებიც თბილისის ამ ნაწილს ხშირად სტუმრობენ, ისინი თავს “დიგერებს” უწოდებენ. „დიგერი“ ინგლისური სიტყვაა და მთხრელს ნიშნავს.

“დიგერების” ინტერესიმიწისქვეშეთში ჩასვლა, მძაფრი შეგრძნებები, ძველი ადგილების მოძიება და ახალი აღმოჩენებია. იკვლევენ გვირაბის აგებულებას, ეძებენძველ რუკებს, აირწინაღებს, დაჟანგულ ტექნიკას.

„დიგერი“ ლუკა ჯაფარიძე 22 წლისაა.პირველად მამისგან შეიტყო, რომ მარჯანიშვილის მეტროს მეორე ამოსასვლელი აქვს. მაშინ 13 წლის იყო. დროთა განმავლობაში ინტერესიც გაუჩნდა და მიწისქვეშეთში ჩასვლა გადაწყვიტა, ფორუმზე ერთ „დიგერს“ მიაგნო და ობიექტების ათვისება დაიწყო.

ლუკა ჯაფარიძე გვიამბობს:

“მე რომ დავიწყე დიგერობით დაინტერესება, სამეგობრო წრეში არავინ მყავდა დაინტერესებული და ვიპოვე იუზერი „პოლარისი“. ის მეორე თაობის ცნობილი „დიგერია“. ვუთხარი ჩემი ცოდნის შესახებ მარჯანიშვილის მეტროზე და, დიდი წვალების შემდეგ, როგორღაც ვათქმევინე ერთ-ერთი ობიექტის კოორდინატები. შემდეგ დავიწყე ჩემით, ვკითხულობდი ამ თემის შესახებ და ვიგებდი როგორი აგებულებისაა საჰაერო შახტა, ქალაქში სიარულისას ვცდილობდი დამენახა საჰაერო შახტები და მთავარი ქუჩიდან ოდნავ გადამეხვია, ყოველთვის ვპოულობდი რაღაცას...”

თბილისში „დიგერთა“ ჯგუფები სხვადასხვა დროს შეიქმნა და, მიუხედავად მათ შორის მცირე ასაკობრივი სხვაობისა, ისინი “თაობებად” ჩამოყალიბდნენ. დღეს „დიგერთა“ 4 თაობა არსებობს და თითოეულ ჯგუფს შექმნის თავისი ისტორია აქვს.

მესამე თაობა ერთ გუნდად ექსპედიციებზე გასვლებმა ჩამოაყალიბა. მათ შორის არის „დიგერი“, მეტსახელად „კოშმა“. მეტროს რარიტეტული ვაგონის, “ლიანდაგმზომის”, ნახვა ლუკასა და „კოშმასთვის“ ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა.

ლუკა იხსენებს:

“ლიანდაგმზომს ველოდებოდი და ვნახე, რომ ვიღაც ჩემსავით ელოდება და არც ერთ მატარებელში არ ჯდება. ვაგონმა რომ გამოიარა, მობილურით გადაღება დაიწყო. ვკითხე, რა ნიკით ხარ-მეთქი? „კოშმაო“ რომ მითხრა, მერე კიდევ შევხვდით. ვისაუბრეთ ფორუმზე რამდენიმე ობიექტზე და ასე დავმეგობრდით, სულ თავიდან ვახო ნოზაძე გავიცანი. „კოშმამდე“ გეპეის შახტაში ვიყავით ჩასულები”.

მიწისქვეშეთში ჩასვლისას „დიგერები“ ობიექტს ყოველთვის უფრთხილდებიან და ქცევის წესებს იცავენ.

ლუკა ამბობს:

“სადმე რომ ჩავდივართ ეხლა, ყოველთვის წინა თაობას ვეკითხებით, იციან თუ არა ესა თუ ის ადგილი. ყოველთვის ვეძებთ ევაკუაციის გეგმას, გამოსასვლელს და მერე შევდივართ.

ყველა ერთ ჭკუაზე ვართ, რომ არ დავყაროთ ნაგავი, ჯართი არ წამოვიღოთ და ჩვენი დევიზია: ვიღებთ მხოლოდ სურათებს, ვკლავთ მხოლოდ დროს და ვტოვებთ მხოლოდ ნაფეხურს”.

ერთ-ერთი უკვე ნაცნობი ობიექტი რუსთაველზე იტალიურ ეზოში არსებული თავშესაფარია - დიდი გვირაბიდან წყალი გამოდის, ირგვლივ ნარჩენები ყრია.

ერთი შეხედვით, უინტერესო ადგილი. 1941 წელს შეიქმნა, დაბომბვის შემთხვევაში თავშესაფარი რომ ჰქონოდა ხალხს. როგორც „დიგერები“ გვეუბნებიან, ეს ობიექტი 1500 ადამიანზე იყო გათვლილი. მას ბევრი ოთახი, საშხაპე, საპირფარეშო და რამდენიმე გასასვლელი აქვს,

დღეს აქ მხოლოდ ღამურები და ჯართში ჩაბარებას გადარჩენილი საჰაერო ფილტრებია. გამვლელებისთვის შეუმჩნეველი ადგილი ეზოში მცხოვრებთა მიერ უკვე ათვისებულია. თავშესაფრის ნაწილი ვიღაცას უკვე სათავსოდ აქვს გამოყენებული.

„კოშმა“ ამბობს:

“პირველად რომ შემოვედით, მურაბებიც ეწყო და ვნახეთ. მეეზოვეები კიაქ ინახავენ თავიანთ ტანსაცმელს, ცოცხებს. დილით მოდიან, ხსნიან, ასუფთავებენ ქუჩებს და მერე ტოვებენ ისევ აქ. ადრე ცხოვრობდა აქ ერთი კაცი და ხანძარიც გააჩინა. ესენი კისაჰაერო შლუზებია და ახლაც მუშაობს“.

ვახო კი აგრძელებს:

“ჰერმეტული კარები იყო ადრე აქ და ახლა ჯართისთვისაა მოხსნილი”.

შემდეგი ობიექტი მეტროს დაუსრულებელი მესამე ხაზია, დაახლოებით 50 მეტრი მიწის ქვეშ. იქ ჩასვლა ხის უსწორმასწორო კიბით გიწევს და მერე ხედავ ძველ, ჟანგიან ტექნიკას და გრძელ გვირაბებს...

ღამით რთული ბარიკადების გადალახვა, ხშირად უცხო პირთათვის აკრძალულ ადგილებში შეღწევა და მიწისქვეშეთში მოხვედრა „დიგერებისთვის“ დამატებითი მძაფრი შეგრძნებების საშუალებაა. ჩასვლის წინ მაინც არავიწყდებათ, ახლობელს რომ ტელეფონითშეტყობინება გაუგზავნონ, რა ადგილას ჩავიდნენ მიწისქვეშა ქალაქში.

როგორც „დიგერი“ ვახო გვეუბნება, მათ კიდევ ბევრი ობიექტი აქვთ სანახავი:

“როცა ამოვწურავთ ყველა ობიექტს, რაზეც ხელი მიგვიწვდება, მერე, ალბათ, დავანებებთ დიგერობას თავს და ჩვენს ცოდნას გადავცემთ სხვას”.

“დიდი ხანი არ მოხდება მე მგონი ეგ...”

მიწისქვეშეთის სტუმრები აგრძელებენ უცნობი თბილისის აღმოჩენას. რაც დრო გადის, მით უფრო მეტი ხალხი იჩენს ამ საქმისადმი ინტერესს, აღმოჩენილი ობიექტების რაოდენობა კი იზრდება. თუმცა სანამ მზის შუქზე ცხოვრება ჩვეულ რიტმს მიჰყვება, მიწისქვეშა პარალელური ცხოვრება ბევრისთვის ისევ მალულირჩება.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG