Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ


დილიდან გაიფიცნენ თბილისის მიკროავტობუსის მძღოლები. ისინი დღიური გეგმის შემცირებას, ინდმეწარმის სტატუსის მოხსნას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ტენდერის გაუქმებას მოითხოვდნენ. თბილისის მერიამ შპს ”თბილისის მიკროავტობუსის” ხელმძღვანელობას მძღოლებთან საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა.

მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი სამუშაოზე დილიდან არ გავიდა, ნაწილი კი გაფიცვას მოგვიანებით შეუერთდა. გლდანში მდებარე ავტოპარკთან შეკრებილი მძღოლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შპს ” თბილისის მიკროავტობუსისათვის” გადასახდელი დღიური გეგმის შემცირებას და ინდმეწარმის სტატუსის მოხსნას მოითხოვდნენ, სტატუსისა, რომელიც მათ მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ მიენიჭათ, რადგან მიკროავტობუსები იჯარით გადაეცათ. მძღოლების კიდევ ერთი მოთხოვნა მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფის შემცირებაც იყო.

”ფიქსირებული იყო მძღოლისგან გადასახადი 20 ლარი, დანარჩენი... მძღოლი თავადაც აკეთებს მანქანას და თავისუფლება მივცეთ მძღოლს, თავისი მანქანა სად გარეცხოს, სად გააკეთოს... ამას ვითხოვთ, ანუ როგორც ადრე იყო”.

”ჯერ ერთი, დიდია გადასახადი; მეორეც კიდევ, ინდმეწარმეები რომ გავხდით, საგადასახადო უნდა გადაიხადო, იქ კიდე ბუღალტერიაო... მე გეგმას ხომ ვიხდი და რატომ უნდა ვირბინო კიდევ საგადასახადოში... საწვავს ჩაასხამ, საბუთები მოიტანე... და მე რა შუაში ვარ ამდენ რამეში!”

მიკროავტობუსების მძღოლებთან ერთად 2011 წელს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის გაუქმებას მოითხოვდა დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „’ქართული ოცნება’ - თბილისელების” წარმომადგენელი მამუკა ბალიაშვილი. მისი სიტყვებით, ის ეცდება მერიაში შეხვედრის გამართვას. სხვა შემთხვევაში ფრაქცია, კანონით განსაზღვრული წესით, საკრებულოში დაიბარებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს აკაკი ჯოხაძეს და შპს "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობას:

”გაუქმდეს ტენდერის მასალები და ტენდერი თავიდან გამოცხადდეს, თუმცა ჩვენი პირველი რიგის ამოცანა დღეს არის მივაღწიოთ კონკრეტულ შეთანხმებას, რათა ის პირველადი მოთხოვნები, რაც მძღოლებს აქვთ, დაკმაყოფილებული იქნეს”.

მიკროავტობუსების გაფიცული მძღოლების მოთხოვნებს თბილისის მერია განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებით მერიამ შპს ”თბილისის მიკროავტობუსის კომპანიის“ ხელმძღვანელებს მძღოლებთან საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა, რათა მგზავრებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ. ამასთან, 2011 წელს ჩატარებული კონკურსის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით მერიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ”აღნიშნული კონკურსი კანონის სრული დაცვით ჩატარდა და ის სამართლიანობის პრინციპზე იყო დაფუძნებული. მისი რევიზიის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს და თუ რომელიმე მხარე - მათ შორის, ე.წ. „ხაზების ძველი მეპატრონეები“ - კონკურსის შედეგებს სადავოდ მიიჩნევს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და საკუთარი პრეტენზია დააფიქსიროს”.

„თბილისის მიკროავტობუსის კომპანიის“ გენერალური დირექტორის გიგლა ჯაბიშვილის სიტყვებით, მძღოლების მასობრივი გაფიცვა არ მომხდარა და პროვოკაცია იყო ის, რომ საპროტესტო განწყობების მქონე მძღოლებმა ავტოპარკის გამოსასვლელთან გზა გადაუკეტეს სხვა მიკროავტობუსების მძღოლებს და მათ სამუშაოზე გასვლის საშუალება არ მისცეს. რაც შეეხება მძღოლების მოთხოვნებს, გიგლა ჯაბიშვილის თქმით, მოთხოვნათა ნაწილის დაკმაყოფილება კომპანიის კომპეტენციას სცდება, თუმცა კომპანია მზად არის ისაუბროს თითოეული სამარშრუტო ხაზის მძღოლთან და მათთან ინდივიდუალურად განიხილოს პრობლემები:

”გვექნება შეხვედრები. თუ ჩვენი მხრიდან რაიმე კონკრეტული გვექნება გასაკეთებელი და შევძლებთ ამის გაკეთებას, ბუნებრივია, ვეტყვი და დავეხმარებით. ადრეც ვაკეთებდით ამას. თუ ჩვენი გადასაწყვეტი ვერ იქნება, იმიტომ რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცდება... მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნა რაც იყო, ინდმეწარმეობის საკითხის გაუქმება, ბუნებრივია, სამწუხაროა, ამაზე მე ვერაფერს დავპირდები [კანონით რეგულირდება ეს საკითხი]... შეიძლება რაღაცაში დავეხმარო, მაგრამ ამ კუთხით მე დაპირებებს ვერ გავცემ”.

გიგლა ჯაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ იმ მძღოლების მიმართ, რომელთაც „თბილისის მიკროავტობუსის კომპანიასთან“ ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო სამართლებრივი ღონისძიებები გაატაროს. არ არის გამორიცხული, თუ გაფიცვის გამო კომპანიას ზარალი მიადგა, მძღოლების დათხოვნის საფუძველიც გაჩნდეს. თავად მიკროავტობუსების მძღოლები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შეთხვევაში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG