Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის წარსულის აჩრდილი და მიგრანტების პრობლემა


მიგრანტები რეგისტრაციის მოლოდინში. ბერლინი, 2015 წლის 9 დეკემბერი
მიგრანტები რეგისტრაციის მოლოდინში. ბერლინი, 2015 წლის 9 დეკემბერი

გერმანიას ბნელი წარსული აქვს, რაც შეეხება ადამიანების წარმომავლობის დადგენას, მათ აღწერას და დახარისხებას. ახლა კი ეს ბნელი წარსული ქვეყანას, შესაძლოა, მეორე უკიდურესობისკენ უბიძგებდეს. გერმანიის ამჟამინდელი პოლიტიკის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მიგრანტთა დოკუმენტირების ნელმა ტემპმა შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოებას ავნოს.

გერმანია მეთოდურ და წესრიგიან ქვეყანადაა ცნობილი, თუმცა დღეს ეს წესრიგი, როგორც ჩანს, არ ვრცელდება მიგრანტთა დოკუმენტირების პროცესზე. მიგრანტთა ათასობით თითის ანაბეჭდი დღემდე არ არის სკანირებული და შეყვანილი მონაცემთა ბაზაში.

გადმოწერა

ამის მიზეზი, ერთი მხრივ, მიგრანტთა რაოდენობაა, - 2015 წლიდან ქვეყანაში 1,3 მილიონი ადამიანი შევიდა, - მაგრამ ამაში თავის როლს გერმანიის ისტორიაც თამაშობს. გერმანიის სახელმწიფო - ჯერ ნაცისტები, შემდეგ კი აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახურები - პირად მონაცემებს ტოტალიტარული კონტროლის დასამყარებლად იყენებდა.

წარსულის შეცდომების გამეორების თავიდან ასაცილებლად გერმანიამ საპოლიციო ძალის მკაცრი დეცენტრალიზაცია განახორციელა. პირადი ცხოვრების დასაცავად ამ ქვეყანაში ევროპის უმკაცრესი კანონები მოქმედებს. წარსულის გამოსასწორებელი ეს ძალისხმევა დღეს ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის პრობლემებს.

სწორედ ამ პრობლემებზე ლაპარაკობს საშა ლანგენბახი, ბერლინის სენატის ჯანდაცვის დეპარტამენტის სპიკერი. ბერლინში ჩასული მიგრანტებისთვის ეს უწყებაა პირველი, სადაც რეგისტრაცია უნდა გაიარონ. მისი თქმით, ერთ წლის განმავლობაში მიგრანტების აღრიცხვისადმი დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა. ლანგენბახმა თქვა: „შარშან ვამბობდით, რომ ჩვენი მოვალეობაა ადამიანებს დავეხმაროთ, ვლაპარაკობდით ადამიანობასა და ჰუმანიტარულ მიზეზებზე. ჩვენ არ გვილაპარაკია უსაფრთხოებაზე და ეს შეიძლება გულუბრყვილობა იყოო“.

ლანგენბახის თქმით, მის უწყებას ძალიან უჭირს 2015 წლიდან დედაქალაქში ჩასული 100 ათასი მიგრანტისთვის საკვების, საცხოვრებლის, სამედიცინო დახმარების მიწოდება. რეგისტრაციის პროცესი დღეებისა და ზოგჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში იწელება. ვითარებას ართულებს ისიც, რომ გერმანიის 16 ფედერალურ შტატს საკუთარი პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები ჰყავს, რომლებიც ხშირად მონაცემთა ბაზებს ერთმანეთს ვერ უზიარებენ. ამგვარად, ზოგმა მიგრანტმა რამდენიმე ადგილას დარეგისტრირება შეძლო და, შედეგად, კუთვნილზე მეტ დახმარებას იღებს.

ხდება ისეც, რომ დარეგისტრირებული მიგრანტი პოლიციის რადარიდან ქრება. დოიჩე ველეს ცნობით, გერმანიაში 130 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც სირიიდან ჩამოსული თავშესაფრის მაძიებელი გერმანიის შესაბამის უწყებაში მივიდა, დარეგისტრირდა, შემდეგ კი შესაბამის უწყებაში აღარ გამოცხადდა.

ხშირ შემთხვევაში კი მიგრანტთა ვინაობის გარკვევა სულ ვერ ხერხდება. ზოგჯერ თარჯიმნებს ეჭვი აქვთ, რომ მიგრანტი, ვის გასაუბრებასაც თარგმნიან, ცრუობს: ამბობს, სირიელი ვარო, აქცენტი კი სირიული არა აქვს ან არაბულის სხვა დიალექტზე ლაპარაკობს. ბევრი, საერთოდ, უსაბუთოა. გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ არ იცის გერმანიაში მყოფი 400 ათასამდე ადამიანის ვინაობა, თუმცა ამ რიცხვს ეჭვქვეშ აყენებს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის მტკიცებით, ბიუროკრატიულ არეულობას წლის ბოლომდე მოევლება.

ლანგენბახის შეფასებით, ბერლინში 20 ათასამდე ადამიანია, რომლებმაც თავშესაფრის მიღების პროცესი დაიწყეს, თუმცა ჯერ დასტური არ მიუღიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ დაადგინოს, რომ ისინი სინამდვილეში ეგრეთწოდებული უსაფრთხო ქვეყნებიდან არიან - ბალკანეთიდან, მაგალითად, ან ჩრდილოეთ აფრიკიდან - და მათ დარჩენის უფლებას არ მისცემენ.

რაც შეეხება გერმანიის ისტორიას და მის გავლენას დღევანდელობაზე, ბერლინის შტაზის მუზეუმის გიდმა ფელიქს მიულერმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წარსული გერმანელების მენტალიტეტის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიულერისთვის ბნელი წარსულის გახსენება ყოველდღიური სამსახურია - ის დამთვალიერებლებს აჩვენებს ხოლმე ოთახში დასამონტაჟებელ სათვალთვალო კამერებს, ნათურაზე დასამაგრებელ პატარა მიკროფონებს, რომელთა მეშვეობითაც აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო სამსახური თავის მოქალაქეებს აკონტროლებდა. ამან გერმანელების ფსიქიკა შეცვალაო, თქვა მიულერმა.

თუმცა გერმანიას მოუხდა ცვლილებები გაეტარებინა ლტოლვილების კრიზისის გამო. თებერვალში ქვეყანამ ლტოლვილთა აიდი ბარათი შექმნა, ნელ-ნელა იქმნება ცენტრალური სისტემა, სადაც თავი უნდა მოიყაროს ინფორმაციამ ყველა მიგრანტის შესახებ. 2015 წლიდან დღემდე ქვეყანაში ჩასული 900 ათასი ადამიანის მონაცემები უკვე ამ სისტემაშია, თუმცა შესაყვანი რჩება ჯერ დაუდგენელი რიცხვი - ათობით ან შეიძლება ასობით ათასი ადამიანიც კი.

გერმანიაში მომხდარი 5 თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 15 ადამიანი ემსხვერპლა და საიდანაც 3 მიგრანტმა ჩაიდინა, კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს უსაფრთხოების გასამკაცრებლად. მისი თქმით, ხელისუფლება გაამარტივებს იმ მიგრანტების დეპორტაციის პროცესს, ვისაც თავშესაფარზე უარი ეთქვა, და გააძლიერებს მეჩეთებში რადიკალიზაციის შემთხვევების გამოვლენას.

თუმცა წარსულის აჩრდილი მაინც ძლიერია. მერკელის ადმინისტრაციის უფროსმა პეტერ ალტმაიერმა გააფრთხილა გერმანელები, აბსოლუტური უსაფრთხოება მხოლოდ ისეთ სახელმწიფოშია შესაძლებელი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებსო.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG