Accessibility links

logo-print
მოსკოვის პოლიცია აცხადებს, რომ სპეციალური დანიშნულების ჯგუფმა შეიპყრო აზერბაიჯანელი ორხან ზეინალოვი, რომელიც მოსკოვის ბირიულიოვოს რაიონში 10 ოქტომბერს მომხდარ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ეჭვმიტანილის მშობლებს არ სჯერათ მათი შვილის მიმართ წაყენებული ბრალდება, რომელსაც ‘შეთითხნილს“ უწოდებენ .

აზერბაიჯანელი ორხან ზეინალოვის შესახებ ინფორმაცია პოლიციას მოსკოველმა ალექსეი პროხინმა მიაწოდა მას შემდეგ, რაც ტელევიზიით ნაჩვენები ეჭვმიტანილის ფოტოზე თავისი თანამობინადრე ამოიცნო. პროხინის თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე ზეინალოვმა სასწრაფოდ წამოკრიფა თავისი ნივთები და სავარაუდო მივლინებაში გაემგზავრა:

„ვუყურებ და აშკარად ვხედავ, რომ ის არის. თავიც მისია, ლურჯი ქურთუკიც. პირდაპირ ზედგამოჭრილია“.

კვირას 23 კაცი - მათ შორის, რვა პოლიციის ოფიცერი - დაშავდა იმ არეულობაში, რომელიც მოსკოვის ბირიულიოვოს რაიონში ნაციონალისტების მიერ ორგანიზებულ მიგრანტების საწინააღმდეგო აქციას მოჰყვა. პოლიციამ არეულობაში მონაწილეობის გამო 267 კაცი დააკავა, მათგან 32-ს ხულიგნობის გამო ფულადი ჯარიმა დააკისრა. ზოგიერთის მიმართ კი, არ არის გამორიცხული, საგამოძიებო კომიტეტში სისხლის სამართლის საქმე „მასობრივი არეულობისა“ და „პოლიციის წინააღმდეგ ძალადობის“ მუხლით აღიძრას.

თავად არეულობა ბირიულიოვოს რაიონში 25 წლის ეგორ შჩერბაკოვის მკვლელობას მოჰყვა. გამოძიების ვერსიით, ჩხუბის დროს, რომელიც გოგოს გამო ატყდა, ორხან ზეინალოვმა მას დანა ჩაარტყა. თუმცა მათი შვილის მიმართ წაყენებული ბრალდებისა არ სჯერათ ზეინალოვის მშობლებს, რომლებსაც ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახური დაუკავშირდა. ორხანის მამა ზაჰიდ ზეინალოვი მისი შვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს „პოლიტიკურად“ მოტივირებულს უწოდებს:

„ვერ დამიჯერებია, რომ ეს მართლა მოხდა. ჩემი შვილი მოსკოვში ოთხ წელიწადზე მეტია, ცხოვრობს. როდესაც ეს ამბავი შევიტყვე, ძალიან გავბრაზდი. ჩემი შვილი ამას არ ჩაიდენდა. ეს საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია. ეს ერთგვარი პოლიტიკური საქმეა, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი. მეტი რა ვთქვა?“

თუმცა, როგორც 16 ოქტომბერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა უთხრა ჟურნალისტებს, ზეინალოვი აღიარებს დანაშაულს:

„დაკითხვისას ზეინალოვმა მისცა ჩვენება მკვლელობის გარემოებებზე და აღიარა, რომ ეგორ შჩერბაკოვს სასიკვდილო დარტყმა დანით სწორედ მან მიაყენა. ეჭვმიტანილის დაპატიმრების მიზნით გამოძიებამ უკვე მოამზადა შუამდგომლობა, რომლის განხილვასაც სასამართლოზე დღეს ვგეგმავდით. მაგრამ გაირკვა, რომ ზეინალოვს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ათ წელიწადზე მეტია ცხოვრობს, რუსული დავიწყებია და ახლა დაგვეკისრა ვალდებულება, მისთვის უზრუნველვყოთ თარჯიმანი, რაც გავაკეთეთ კიდეც“.

მოსკოვში, ბირიულიოვოს რაიონში, სადაც კვირას ქსენოფობიურ ნიადაგზე შეტაკებები მოხდა, პოლიციამ ასობით მიგრანტი დააკავა, სასამართლომ კი მიიღო გადაწყვეტილება ბირიულოვოში ხილ-ბოსტნეულის საწყობი 90 დღით დაიხუროს, ხოლო მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გადააყენა ბირიულიოვოს რაიონის პოლიციის უფროსი გენადი კავერინი.

მიგრანტების საწინააღმდეგო აქციას დღეს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი გამოეხმაურა. მოსკოვის ხელისუფლებას „ესმის და მხარს უჭერს მოსკოველების მოთხოვნას დამყარდეს წესრიგი ბაზრებსა და სავაჭრო ბაზებში და აღიკვეთოს არალეგალური მიგრაცია“, - განაცხადა სობიანინმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG