Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო მიგრანტების თურქეთში დაბრუნება


მიგრანტთა უფლებების დამცველი აქტივისტი აპროტესტებს დეპორტაციის პროცესს. ქალაქი დიკილი
მიგრანტთა უფლებების დამცველი აქტივისტი აპროტესტებს დეპორტაციის პროცესს. ქალაქი დიკილი

საბერძნეთმა თურქეთში 200-ზე მეტი მიგრანტი გააბრუნა. თურქეთ-ევროკავშირის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც საბერძნეთში გაჩერებული ლტოლვილების თურქეთში დაბრუნებას ითვალისწინებს, ეს არის პირველი ტალღა მიგრანტებისა, რომლებმაც ბერძნული კუნძულები დატოვეს.

ამ შეთანხმებით, რომელსაც გაერო და ადამიანის უფლებათა დამცველი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებს, თურქეთი ევროპისგან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს მიიღებს.

საბერძნეთის კუნძულებიდან, ლესბოსიდან და კიოსიდან, გემებით თურქეთისკენ 202 ადამიანი გადაიყვანეს. მათ შორის 191 კაცია, ხოლო 11 - ქალი.

მათი უმრავლესობა პაკისტანელია, თუმცა ლტოლვილებს შორის არიან ავღანელები, ირანელები, კონგოელები, შრი-ლანკელები, ბანგლადეშელები, ინდოელები - ასევე, თითო ადამიანი ერაყიდან, სომალიდან და სპილოს ძვლის კუნძულებიდან, თუმცა არც ერთი სირიელი.

როგორც თურქეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ვოლკან ბოზკირმა 4 აპრილს სააგენტო „როიტერთან“ თქვა, ისინი სირიელი მიგრანტების შემოსვლას ელოდებიან, რომ რეგისტრაციის პროცესი დაიწყოს:

„ლტოლვილების ჯგუფს შორის სირიელები არ არიან. არიან ერაყელები, პაკისტანელები, ბანგლადეშელები... ჩამოვლენ თუ არა სირიელები, ჩვენ მათ დავარეგისტრირებთ და ევროკავშირს ვეტყვით, რომ მივიღეთ სირიელი მიგრანტების კონკრეტული რაოდენობა, რის შემდეგაც მათ იმავე რაოდენობის მიგრანტი უნდა მიიღონ. აი, ასე იმუშავებს ეს მექანიზმი“.

საზღვრებზე შეიცვალა წესები და დამოკიდებულება, განსაკუთრებით, ახლად შემოსული სირიელი მიგრანტების მიმართ. ეს ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრიდან მოდის, ანუ იმ დროიდან, როდესაც თურქეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ნათელია, რომ ეს რაღაც თურქეთის ცენტრალური მთავრობისგან მოდის და არა ადგილობრივი მესაზღვრეებისგან...
ჯონ დალჰუსეინი

თურქეთსა და ევროკავშირს შორის მარტის დასაწყისში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, მიგრანტთა საბერძნეთიდან თურქეთში დაბრუნება 4 აპრილს დაიწყო. ხელშეკრულების თანახმად, თურქეთმა უკან უნდა მიიღოს ის ლტოლვილები, რომლებმაც საბერძნეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, სანაცვლოდ კი ევროკავშირისგან ფინანსურ სარგებელს, უვიზო მიმოსვლასა და წევრობის შესახებ დაჩქარებულ მოლაპარაკებებს მიიღებს.

ამ შეთანხმებას თავიდანვე აკრიტიკებდნენ გაერო და ადამიანის უფლებათა დამცველი რამდენიმე დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიგრანტთა განსახლების დასაწყებად შესაბამისი ზომები მიღებული არ არის, ნაწილი კი ეჭვობს, რომ ლტოლვილებისთვის უსაფრთხო არ იქნება თურქეთში დაბრუნება.

მიგრანტთა გადასახლების დაწყებამდე 3 დღით ადრე საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ “ამნესტი ინტერნეშნლმა” ეჭვი გამოთქვა, რომ თურქეთი მიგრანტებს იძულებით აბრუნებს უკან, სირიაში.

„საზღვრებზე შეიცვალა წესები და დამოკიდებულება, განსაკუთრებით, ახლად შემოსული სირიელი მიგრანტების მიმართ. ეს ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრიდან მოდის, ანუ იმ დროიდან, როდესაც თურქეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ნათელია, რომ ეს რაღაც თურქეთის ცენტრალური მთავრობისგან მოდის და არა ადგილობრივი მესაზღვრეებისგან“, თქვა 1 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე “ამნესტი ინტერნეშნლი​ს” დირექტორმა ევროპასა და შუა აზიაში, ჯონ დალჰუსეინმა. მან თურქეთის მთავრობას მოუწოდა „შეწყვიტოს ეს არაადამიანური პოლიტიკა“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ეს ინფორმაცია უარყო. მისი განცხადების თანახმად, თურქეთის საზღვარი სირიელი მიგრანტებისათვის უკვე ხუთი წელია ღიაა და ქვეყანა მკაცრად იცავს წესს, არ დააბრუნოს ადამიანები იმ ქვეყანაში, სადაც მათ საფრთხე ემუქრებათ.

მიგრანტები საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე
მიგრანტები საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე

​თავშესაფრისა და მიგრაციის საკვლევი ცენტრის პრეზიდენტმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ყოფილმა წარმომადგენელმა თურქეთში, მეთინ ჩორაბათირმა, 4 აპრილს „როიტერთან“ საუბარში აღნიშნა, რომ, მრავალი პრობლემის მიუხედავად, შეუძლებელია მიგრაციის პროცესის შეჩერება დღეს, დღევანდელ სიტუაციაში:

„ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას ბევრი პრობლემა აქვს. ერთ-ერთი მათგანი ბერძნული მხარეა. ვინ უნდა გავგზავნოთ უკან? მაგალითად, გაერო და ადამიანის უფლებათა დამცველი ყველა ორგანიზაცია ეწინააღმდეგება მიგრანტთა მასობრივ გაბრუნებას. უნდა არსებობდეს გარანტიები იმ ადამიანებისათვის, ვინც დაცვას საბერძნეთში ეძებს“.

2015 წლიდან მოყოლებული, საბერძნეთში მილიონზე მეტი მიგრანტი შემოვიდა. აქედან 150-მა ათასმა მიგრანტმა ქვეყნის საზღვარი 2016 წელს გადმოკვეთა.

როგორც ბერძნული საინფორმაციო სააგენტო „ეი ენ ეი“ იუწყება, 5-დან 7 აპრილამდე საბერძნეთის კუნძულ ლესბოსიდან თურქეთში კიდევ 750 ადამიანს გააბრუნებენ.

თავშესაფრის მაძიებელი 16 ადამიანი 4 აპრილს თურქეთიდან ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში გაამგზავრეს, ხოლო 11 ფინეთში. როგორც ფინეთის მთავრობა აცხადებს, ქვეყანა, ჯამში, 750 მიგრანტს მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG