Accessibility links

logo-print
არალეგალური მიგრაციის პრევენცია და მასთან ბრძოლა, ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაცია, არალეგალურ მიგრანტთათვის დაკავების ცენტრის შექმნა, რეადმისიის ხელშეკრულების ეფექტური განხორციელება - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ მიგრაციის სტრატეგიის სამუშაო ვერსიაში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა. სტრატეგიის პრეზენტაცია 2 აგვისტოს გაიმართა.

როგორც საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის სამუშაო ვერსიის ავტორები აცხადებენ, დოკუმენტში თითქმის სრულად არის ასახული ყველა ის გამოწვევა, რომლის შესრულებასაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს. გიორგი გაბრიელაშვილი, სამოქალაქო მომსახურების განვითარების სააგენტოს უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სტრატეგიაში გაწერილ საკითხებს ხელისუფლება აქამდეც ახორციელებდა, თუმცა დადგა დრო შექმნილიყო ერთიანი, დეკლარირებული დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი, თითოეული სტრუქტურის ფუნქცია და ვალდებულება. მისი თქმით, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის ”ღია კარის” პოლიტიკის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, იმისათვის, რომ ”ღია კარის” პოლიტიკამ ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემები არ შეუქმნას, კონკრეტული მექანიზმების შემუშავებაა საჭირო:

”ეს მექანიზმი, პირველ რიგში, მოიცავს საინფორმაციო სისტემის შექმნას. სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზა, სადაც ბინადრობის ნებართვები გაიცემა და ეს ინფორმაციაა ასახული, საკონსულოს ინფორმაცია ვიზებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით - ეს ყველაფერი ერთ სისტემაში უნდა მოვაქციოთ და გვქონდეს ყოველდღიური ინფორმაცია, თუ ვინ გადმოკვეთა საზღვარი, რამდენი კაცი დარჩა არალეგალურად ქვეყანაში და ა.შ. ეს მხოლოდ ერთი პატარა მაგალითია, რათა ნათელი იყოს, რა სისტემაზეა საუბარი.”

ჩვენი პროგრამა სწორედ ასე მუშაობს. ჩვენ წინასწარ ვსწავლობთ გერმანიაში მყოფ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც არიან დამამთავრებელ ეტაპზე ...

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც სტრატეგიაში განსაკუთრებითაა ყურადღება გამახვილებული, ეს არის საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის საკითხი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. როგორც გიორგი გაბრიელაშვილი ამბობს, ხელისუფლება უნდა გაისარჯოს, რათა იმ ადამიანებს, რომლებსაც უცხოეთში მიღებული განათლებისა და გამოცდილების მიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება და საქმიანობის გაგრძელება სურთ, დასაქმებასა და სამშობლოში დაფუძნებაში ხელი შეუწყოს. უკვე ხუთი წელია სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც გერმანიის სახელმწიფოს დაფინანსებით ახორციელებს პროგრამას ”მიგრაცია განვითარებისათვის”. ირმა წერეთელს, კონსულტანტს მიგრაციის და დიასპორის საკითხებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია ის, რომ სტრატეგიაში აქცენტი სამშობლოში დაბრუნებული მაღალკვალიფიციური კადრების გამოყენებაზე კეთდება. თუმცა ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმასაც ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის არ იქნება ადვილი სამშობლოში დაბრუნებულ მაღალკვალიფიციურ კადრს შესაბამისი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილები შესთავაზოს. ირმა წერეთელი საკუთარი ორგანიზაციის გამოცდილების მაგალითზე ამბობს:

”პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, თუ რა კვალიფიკაციის ადამიანები გვყავს უცხოეთში და შესაბამისად მოვემზადოთ მათი ჩამოსვლისთვის. ჩვენი პროგრამა სწორედ ასე მუშაობს. ჩვენ წინასწარ ვსწავლობთ გერმანიაში მყოფ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც არიან დამამთავრებელ ეტაპზე და მათთან გვაქვს მუდმივი ურთიერთობა. 2007 წლიდან 170-მდე აპლიკანტი გვყავს ჩვენს პროგრამაში. მათი დიდი ნაწილი უკვე საქართველოში დაბრუნდა და დასაქმებულია. ასე რომ, ეს არ არის რეალობას მოკლებული მოსაზრება და ნამდვილად ბრუნდებიან საქართველოში მაღალკვალიფიციური ადამიანები.”

დღეს უკვე ასახულია სტრატეგიაში ის ჩვენი მთავარი მესიჯები, რაც მუშაობის პროცესში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გამოვთქვით ...

საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის შექმნის პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა - ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას აძლევენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი” სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. როგორც ორგანიზაციის პროექტის ხელმძღვანელი თამარ კიკვიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეეცადნენ სტრატეგიის დოკუმენტში მოხვედრილიყო ყველა ის საკითხი, რომელიც, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით აქტუალურია - დაწყებული არალეგალური მიგრაციის პრევენციით და დაბრუნებული მიგრანტების ეკონომიკური ხელშეწყობით დასრულებული:

”ერთი წელია მიმდინარეობს მუშაობა მიგრაციის სტრატეგიაზე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე ასახულია სტრატეგიაში ის ჩვენი მთავარი მესიჯები, რაც მუშაობის პროცესში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გამოვთქვით - მათ შორის, არასამთავრობო სექტორის გააქტიურება, არალეგალური მიგრაციის პრევენციის საკითხები და დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის საკითხები.”

საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის სამუშაო ვერსიის კომენტირებისას, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი შენიშნავს, რომ სტრატეგიით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში დაეხმარება. აქვე შეგახსენებთ, რომ უკვე წელიწადზე მეტია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმება გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ ძალაში შევიდა. ასევე ოფიციალურად ამოქმედდა რეადმისიის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მხარეები ვალდებულებას იღებენ საკუთარი არალეგალური მიგრანტები სამშობლოში დააბრუნონ. ამ უკანასკნელი შეთანხმების შესრულება საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG