Accessibility links

ქვეყნის წარსულში დაბრუნების მცდელობა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტერესების დათმობა რუსეთთან დაახლოების პროცესში და ამ მხრივ სომხეთისთვის მიბაძვა - ამ ძირითადი აქცენტებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზე გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი ხელისუფლების მწვავე კრიტიკას დაუთმო. შინაარსის მართებულობის გარდა, ანალიტიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა პრეზიდენტის განზრახვასთან დაკავშირებითაც.

თუკი პრეზიდენტის სიტყვებით ვიმსჯელებთ, 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, კორუფციასა და ავტორიტარიზმთან წარმატებით მებრძოლი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამაოდ სცადა რუსეთთან კეთილმეზობლობა და ევროატლანტიკური ფასეულობების გამო არ შეუშინდა ოკუპანტის ბომბებს, ჩაანაცვლა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, ავიწროებს თავისუფალ მედიას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე ცდილობს რუსეთთან დაახლოებას, ციხიდან ათავისუფლებს რუსეთის ჯაშუშებს და, საერთოდ, მტკიცე პროდასავლური გზიდან გადახვევას ცდილობს. ამ ჭრილში მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი ხელისუფლების რიტორიკა არ შეესაბამება რეალურ განზრახვებს:

”მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ახალი მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს აშკარად პოზიტიური სიგნალია და რამდენჯერმე მეც საჯაროდ მივესალმე და შესაბამის მინისტრებს შევთავაზე, რომ ამ თემაზე, რაც შემიძლია, ყველაფრით გავუწევ დახმარებას. კარგია, როდესაც ირწმუნები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის - შესაბამისად უნდა მოიქცე”.

ვერ ვხედავ ვერც ერთ საფუძველს იმის სათქმელად, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა რაიმე ისეთი, რაც იქნებოდა მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური სივრციდან დაშორებისა...

როდესაც ასეთ უკმარისობაზე ლაპარაკობს, მიხეილ სააკაშვილს მაგალითად მოჰყავს პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტი სომხეთში. პრეზიდენტი ამბობს, რომ რადგანაც ბიძინა ივანიშვილი სომხეთს, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, სამაგალითო ქვეყნად მიიჩნევს, ხოლო სომხეთს ნატოს წევრობა არ სურს, პრეზიდენტის ლოგიკით, საქართველოც უარის თქმას აპირებს ნატოზე. ”ჩემი აზრით, ქართველ ხალხს ხმა არ მიუცია ძირითადი მიმართულების შეცვლისთვის. ჩვენს კარგ ურთიერთობას მეზობლებთან მსხვერპლად არ უნდა შევწიროთ ის მისწრაფება, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე გამოსვლისას. მან მადლობა გადაუხადა საპარლამენტო ასამბლეას აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული და რუსეთის ვალდებულებების ამსახველი 3 უმწვავესი რეზოლუციის გამო და გამოთქვა იმედი, რომ ევროპული თანამეგობრობა არ დაიშურებს ძალისხმევას ”არც გარე საფრთხეების წინაშე და არც ჩვენი შიდა დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის კუთხით”.

სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი ქვეყნისთვის ასეთ ფაქიზ თემაზე ასეთ დაუფიქრებელ განცხადებებს აკეთებს, - უთხრა ჟურნალისტებს 22 იანვარს პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა არმაზ ახვლედიანმა. ანალიტიკოსი თვლის, რომ პრეზიდენტის განცხადებები ყოვლად უსაფუძვლოა, რადგანაც ახალი ხელისუფლების ქმედებებში საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილება არანაირად არ შეინიშნება:

”ვერ ვხედავ ვერც ერთ საფუძველს იმის სათქმელად, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა რაიმე ისეთი, რაც იქნებოდა მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური სივრციდან დაშორებისა. არა, პირიქით, ქვეყანა შეძლებისდაგვარად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ მიმართულებით, მაგრამ ამ მიმართულებით სვლა სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველომ მოახერხოს ურთიერთობების მოწესრიგება მეზობელთან, მეზობლებთან”.

როდესაც ასეთი საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენება შიდაპოლიტიკური გარჩევებისთვის ან განხილვებისთვის, რა თქმა უნდა, ზოგადად ეს არ არის კარგი ნიშანი...

თუკი, არმაზ ახვლედიანის მსგავსად, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ცილისწამებაზე ლაპარაკობს, პრეზიდენტის მიერ ახალი ხელისუფლების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს უსამართლოდ არ მიიჩნევს ”მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი გია ნოდია. მისი აზრით, პრეზიდენტს აქვს საფუძველი ილაპარაკოს იმის შესახებ, რომ საქართველომ, ახალი ხელისუფლების ხელში, ბოლო თვეებში აშკარად გადაუხვია პროდასავლური ორიენტაციის გზიდან, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად გამართლებულია შიდა პრობლემების გატანა საერთაშორისო ასპარეზზე:

”როდესაც ასეთი საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენება შიდაპოლიტიკური გარჩევებისთვის ან განხილვებისთვის, რა თქმა უნდა, ზოგადად ეს არ არის კარგი ნიშანი, როდესაც პოლიტიკური ლიდერები ქვეყნის გარეთ იყენებენ ტრიბუნას იმისთვის, რომ ერთმანეთი აკრიტიკონ. ეს შეეხება პრეზიდენტსაც და პრემიერ-მინისტრსაც. ახლა პრეზიდენტი უფრო ხშირად და მეტი ხალისით საუბრობს გარეთ, მაგრამ ზოგადად ეს ტენდენცია შეიმჩნევა”.

გია ნოდიას თქმით, შიდა ამბების საერთაშორისო სარბიელზე გატანა ყოველთვის ლახავს ქვეყნის იმიჯს, რადგანაც არ არის ნორმალური მოვლენა - როცა ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობას შიდა პრობლემების ”დე ფაქტო მსაჯულად” მიიჩნევს, ეს ნიშნავს, რომ არ შეგვწევს უნარი ჩვენი პრობლემები დამოუკიდებლად მოვაგვაროთ.

გოგი ხუციშვილი

გოგი ხუციშვილი

პრეზიდენტის გამოსვლამ უკმაყოფილო დატოვა ”კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი. კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ 21 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო ტრიბუნა 2 ძირითადი მიზნისთვის გამოიყენა:

”ერთი არის ის, რომ ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსს ხელი შეუშალოს, რაც შეიძლება მეტი დაბრკოლება და პრობლემები გაუჩინოს და, მეორე მხრივ, გაამართლოს ის პერიოდი, როდესაც თითონ იყო ხელისუფლების სათავეში”.

კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის აზრით, პრეზიდენტმა კოაბიტაციის პროცესშიც გააგრძელა რუსეთის გაღიზიანების ჩვეული პოლიტიკა და ამჟამად მისი ქმედებები მიმართულია ახალი ხელისუფლების გეგმების ჩაშლისკენ, რომ რეალურად არ გაუმჯობესდეს ურთიერთობები რუსეთთან, რისკენაც საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობაც მოუწოდებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG