Accessibility links

logo-print

"გვაერთიანებს ხალხის სწრაფვა თავისუფლებისა და ევროპაში ინტეგრაციისკენ"


ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ეს იყო მისი რიგით მეოთხე გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე.

სააკაშვილმა პოდიუმი გამოიყენა რამდენიმე საკითხზე ყურადღების გასამახვილებლად. მათ შორის იყო ოკუპაციის პრობლემა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა და საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ.

„როგორც ყველგან, სადაც დემოკრატიაა, საქართველოშიც არის შესაძლებელი, ამომრჩევლის ნებით უმრავლესობის შეცვლა. მაგრამ ჩვენი ხალხის მისწრაფება თავისუფლებისა და ევროპაში ინტეგრაციისკენ, სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ განხეთქილებას და გვაერთიანებს. ეს არის დღეს ჩემი მთავარი სათქმელი და მასზე სასაუბროდ ვერ წარმომიდგენია იმაზე უკეთესი ადგილი, ვიდრე ეს ასამბლეაა. ევროპის საბჭო აერთიანებს ჩვენი კონტინენტის ყველა ქვეყანას იმ პრინციპებისა და ფასეულობების გარშემო, რომლებიც ევროპის ბედს განსაზღვრავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ფასეულობები და პრინციპები, რომლებმაც დაანგრია ბერლინის კედელი და შესაძლებელი გახადა ევროპის გაერთიანება. ეს ფასეულობები - თავისუფლება, ადამიანის უფლებები, პოლიტიკური ანგარიშვალდებულება და კანონის უზენაესობა, უაღრესად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისათვის, და ისინი მამოძრავებდა ჩემი, როგორც პოლიტიკოსის მთელი ცხოვრების განმავლობაში,“ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდზე საუბრისას გამოყო თავისი გუნდის ბრძოლა კორუფციის, ორგანიზებული დამნაშავეობის, საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი ბიუროკრატიული დაბრკოლებების წინააღმდეგ. მისი თქმით, ამ ბრძოლის შედეგებმა დაამტკიცა, რომ კორუფცია და ავტორიტარული მმართველობა არ არის ქვეყნის ბედისწერა. მაგრამ საქართველოს ძვირად დაუჯდა ტრანსფორმაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის არჩევაო - დასძინა სააკაშვილმა. ბოლო ათწლეულის მანძილზე "საქართველოს ემუქრებიან, მისთვის ემბარგო აქვთ გამოცხადებული, ის დაუბომბავთ, ის ოკუპირებეულია, ჩვენს ორ რეგიონში ეთნიკური წმენდა განხორციელდა", განაცხადა სააკაშვილმა. კრიტიკა ამ კონტექსტში, ცხადია, რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული.

საქართველოს პრეზიდენტმა გააკრიტიკა საქართველოს მთავრობაც. მან ერთობ პირქუში სურათი დახატა - შერჩევითი სამართლებრივი დევნის, რომელიც, სააკაშვილის თქმით, მიმართულია წინა მთავრობის წევრების, ოპოზიციონერი დეპუტატების, ადგილობრივ ხელისუფალთა, დამოუკიდებელი მედიის წინააღამდეგ. პრეზიდენტმა ახსენა შანტაჟი და ზეწოლა.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, ახალი ხელისუფლება ძალიან ხშირად უმცირესობის ნებისმიერ აქტივობას პოლიტიკურ ელფერს აძლევს და ხშირად თავდასხმებიც ხდება.

პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს თანამდებობიდან გადადგომას აიძულებს და მას ”მეცხრე არხთან” აერთიანებს, რომელიც მისი ოჯახის მფლობელობაშია.

მისივე თქმით, ახალი მთავრობა არ უნდა ეცადოს, რომ გადაშალოს ის, რაც გაკეთებული იყო, არამედ უნდა სცადოს, უფრო წინ წავიდეს და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.

"ჩვენი გადაწყვეტილება იყო, მოგვეშალა ნებისმიერი კომუნისტური მემკვიდრეობა, მაგრამ არის თუ არა გამართლებული დღეს სტალინის ძეგლების დაბრუნება, როგორც ეს ხდება ზოგიერთ რეგიონში, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით და სახელმწიფო თანხებით ფინანსდება", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა.

"მე შემეძლო, რომ ხელი შემეშალა მთავრობის ჩამოყალიბებისთვის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ჩვენ მივეცით ახალ მთავარობას შესაძლებლობა, რომ მთლიანად თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე. ვთვლი, რომ ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ახალი ხელისუფლება მთლიანად გრძნობს პასუხისმგებლობას, შედარებით შესუსტებული როლი აქვს პრეზიდენტს და ასეთი ნეიტრალური არბიტრის როლი სწორედ კონსტიტუციის საფუძველში დგას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართულ დებატებში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, პირველი ოქტომბერის შემდეგ მიიღო, როცა დაუყოვნებლივ, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისთანავე მიიღო არჩევნების შედეგები.

„თუმცა, მე ძალიან პესიმისტურად ვუყურებდი იმ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოდიოდა, მაგრამ ოპტიმისტურად ვუყურებდი საქართველოს მომავალს და ვიცოდი, რომ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს სწორი გამოცდილება, განვითარების სწორ გზაზე დადგეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა უპასუხა პარლამენტარების შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა რუსეთთან ურთიერთობის, კოჰაბიტაციის, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სხვა სიტყვებით ხელახლა განმარტა პოზიცია, რომელზეც ძირითად გამოსვლაში ისაუბრა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია 21-დან 25 იანვრამდე გრძელდება. 23 იანვარს განიხილავენ მოხსენებას აგვისტოს ომის შემდგომი ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ. მოხსენება მოამზადა მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG