Accessibility links

logo-print

მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს


უკვე მეოთხე წელია, ყოველ 8 აგვისტოს, მიცვალებულთა სულების მოხსენიების დღეს, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებთან მათი ოჯახის წევრები და მეგობრები იკრიბებიან. საქართველოს სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალში მონაწილეობას იღებენ საქართველოს პრეზიდენტი, სხვა ოფიციალური პირები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამხედრო მოსამსახურეები. ასე იყო წელსაც. გმირთა მემორიალო გვირგვინებით შეიმკო. ყვავილები ეწყო იმ ჯარისკაცთა საფლავებთანაც, ვისი ვინაობაც დღემდე უცნობია.

მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში დაღუპული 43 ქართველი ჯარისკაცია დაკრძალული. რამდენიმე საფლავის ქვა დღემდე უსახელოა, დაღუპული მეომრების ვინაობა - უცნობი. თუმცა 8 აგვისტოს აქ ყველას ერთად იხსენებენ, სახელიანსაც და უსახელოსაც, ყველა საფლავზე ანთია სანთელი და დევს ყვავილი. ნუნუ თენიეიშვილმა ომში დაღუპული შვილი ომიდან სამი თვის მერე დნმ-ის ანალიზის საშუალებით იპოვა. ზაურ თენიეიშვილი 21 წლის იყო:



”მე ამ დასაფლავებას მუხათგვერდის სასაფლაოზე ტელევიზორში ვუყურებდი და წამომცდა, ვაიმე, შვილო, შვილებო, რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი ხარ თუ სხვისი, ერთი ცრემლი ხომ უნდა ჩაგყოლოდათ ვიღაცის-მეთქი, და თურმე ჩემს შვილს მარხავდნენ.”

ზაურ თენიეიშვილის დედა იხსენებს, რომ უმამოდ გაზრდილი შვილი ჯარში თავისი სურვილით წავიდა. რვა თვეში კი ომიც დაიწყო:

”სტომატოლოგიური დაამთავრა, მაგრამ ფული არ გვქონდა, ინსტრუმენტები რომ გვეყიდა. სწავლა ძალიან უნდოდა და მითხრა, წავალ, დედა, ჯარშიო, გამოგვიძახესო. მე უარზე ვიყავი. ეს ერთი შვილი მყავდა, უმამოდ გაზრდილი. მერე ჩემმა ძმამ მითხრა, წავიდეს, ომი არ არის და არაფერი, არ არის საშიშიო. 7 აგვისტოს რომ დავურეკე, კარგად ვარო, მითხრა. 8-ში მითხრა, მალე დავბრუნდებიო. გამოსული უკან შებრუნებულა, დაჭრილები გამოჰყავდა თურმე და ვეღარ გამობრუნდა. ცხრაში დაიღუპა ცხინვალში.”

ნუნუ თენიეიშვილი დღეს თავისი დის ოჯახში ცხოვრობს, რუსთავში, მას აღარავინ დარჩა. ამბობს, რომ დრომ ტკივილი არ გაანელა, მაგრამ ამაყობს, რომ გმირი შვილის დედაა:

”ოთხი წელი კი გავიდა და ეს ტკივილიც ენით აუწერელია მართლა, მაგრამ ის რომ გმირია, დედისთვის ესეც ბედნიერებაა.”

პოლიტიკოსებიდან მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე პირველი ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია გამოჩნდა. მან პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და თქვა, რომ ახლა მთავარი ცოცხალი გმირების მოფრთხილებააა.

მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე გმირთა მემორიალთან დილიდან საპატიო ყარაული დგას, დროშები დაშვებულია. ოფიციალური ცერემონია, ტრადიციულად, სამგლოვიარო მარშით იხსნება და საქართველოს ჰიმნით სრულდება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს კათალიკოს-პატრიაქი ილია მეორე მემორიალს გვირგვინებით ამკობენ და სასაფლაოს მოკლე ოფიციალური ცერემონიის დასრულებისთანავე უკომენტაროდ ტოვებენ.
პრეზიდენტის შემდეგ მემორიალთან შს მინისტრი ბაჩო ახალაია მივიდა. მისი სიტყვებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ათასობით ისეთი თავგანწირული სამხედრო მოღვაწეობს, ვინც ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.

ჭირისუფლების ნაწილი ჟურნალისტებთან საუბარს ერიდება. ლევან მიდელაშვილის დედა ამბობს, რომ წლები გადის, დარდი კი არ იკლებს:

”გმირის დედობა კარგია, მაგრამ მაინც შვილი ყოველთვის ცოცხალი ურჩევნია ჰყავდეს თავის დედას. რა გითხრათ. ძნელია ჩემთვის ლაპარაკი. დარდი ისევ დარდად დარჩა. რა შეიცვალა, არაფერიც არ შეცვლილა ამ ოთხ წელში...”

შმაგი სოფრომაძე 5 ივლისს 25 წლის შესრულდებოდა. ის პირველი ქვეითი ბრიგადის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მსახურობდა. მის საფლავთან შმაგის დას ვხვდებით, შორენა სოფრომაძეს. ძმის სიკვდილის შემდეგ ისიც ჯარში წავიდა და დღემდე მსახურობს:

”ვფიქრობდი, ფორმას თუ ჩავიცმევდი და მის დაწყებულ საქმეს გავაგრძელებდი, რაღაც შვება მექნებოდა.. მსიამოვნებს ჯართან ყოფნა და ყველას გვერდზე დგომა. თითქოს ჩემი ძმაც ჩემთანაა. ვიცი, რომ ჩემი ძმა გმირია და ეს ჩემთვის არის გაასმაგებული პასუხისმგებლობა. შევეჩვიე იმ აზრსაც, რომ ჩემი ძმა ყველაზე დიდ და ღირსეულ საქმეს შეეწირა. ვიცი, რომ ბრძოლების დროს დაჭრილები გამოჰყავდა, შემდეგ ტყვედ ჩავარდა, ცხრანი იყვნენ. ის კადრებიც მაქვს ნანახი. ვიცი, რომ რამდენიმედღიანი წამების შემდეგ დახვრიტეს.”

შორენა ამბობს, რომ ყველასგან, ვინც კი იგებს, რომ ის შმაგი სოფრომაძის დაა, განსაკუთრებულ თანადგომას გრძნობს და უნდა, რომ სულ ასე დარჩეს:

”მინდა, რომ სულ ასე ვიყო - პირველ რიგში ვიყო შმაგი სოფრომაძის და. ეს ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ მე ვიყო შორენა სოფრომაძე.”
XS
SM
MD
LG