Accessibility links

გასულ კვირაში, ხუთშაბათს, მიწას მიაბარეს 7 ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად 6 ივნისს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში დაიღუპნენ. სამწუხაროდ, როგორც წინა შემთხვევებში, დაღუპულთა ჭირისუფლებმა და ოჯახის წევრებმა უარი თქვეს თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებაზე, საძმო სასაფლაოზე ერთად დაეკრძალათ საერთაშორისო მისიის შესრულებისას ერთ დღეს დაღუპული თანამებრძოლები, თუმცა, ამის მიუხედავადაც, ავღანეთში დაცემულ მეომრებს არ უწერიათ დავიწყება - თუნდაც იმიტომ, რომ მათ სახელს სამუდამოდ დაუკავშირდება ცვლილება, რომელიც ბევრი დაღუპული მეომრის ოჯახს შეუმსუბუქებს დუხჭირ ცხოვრებას.

რა უღირდა სახელმწიფოს გმირების სიცოცხლე?

თუკი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დავუჯერებთ, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები საქართველოს ნათელი მომავლისათვის, მისი უსაფრთხოების განსამტკიცებლად და ქვეყნის ნატოს სტრუქტურებთან კიდევ უფრო დასაახლოებლად იბრძვიან. ასეთი მაღალი მისიის შესრულების დროს ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლე კი სახელმწიფოს 15 ათასი ლარის ერთჯერად დახმარებად, დაკრძალვის ხარჯებად და მარჩენალდაკარგულისათვის განკუთვნილ, თვეში 100 ლარის სოციალურ შემწეობად უღირდა.

თანაც, წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები წელიწადში ერთხელ ღებულობდნენ ერთი თვის სარგო პრემიას, მაშინ როცა ყველა დონის სახელმწიფო მოხელე, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურიდან დაწყებული და ცენტრალური აპარატით დამთავრებული, ყოველთვე ღებულობდა ხელფასის მოცულობის ფულად ჯილდოს. მაგრამ 6 ივნისს ავღანეთში ერთბაშად 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვამ საქართველო შოკში ჩააგდო. ხუთჯვრიან დროშაგადაფარებული შვიდი კუბოს გარდა, მთელმა საქართველომ პირველად ნახა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში - ფაქტობრივად, დანგრეულ სახლებში - ცხოვრობენ დაღუპული გმირების ოჯახის წევრები. ავღანეთში მყოფი 1561 სამხედრო მოსამსახურე ყველაზე დაბალ სოციალურ საფეხურზე მდგომ ფენას ეკუთვნის. საქართველოს ნათელი მომავლისათვის, მისი უსაფრთხოების განსამტკიცებლად და ქვეყნის ნატოს სტრუქტურებთან კიდევ უფრო დასაახლოებლად ავღანეთში არ იმყოფებიან პოლიტიკური, ბიზნეს, სამეცნიერო, შემოქმედებითი, სპორტული და თუნდაც სამხედრო ელიტის წარმომადგენელთა შვილები. თუ ყურადღებით გადავხედავთ მათ ბიოგრაფიებს, ავღანეთში დაღუპული 29-ვე ქართველი ჯარისკაცი უბრალო ოჯახიდანაა.

თანაც, წინა წლებში ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის სამშობლოში ჩამოსვენება, სამოქალაქო პანაშვიდი და დაკრძალვა გასაიდუმლოებულ ოპერაციას ჰგავდა. სამხედრო ხელმძღვანელობის თხოვნით, რასაც ანგარიშს უწევდნენ, ჭირისუფალი არ ურთიერთობდა ჟურნალისტებთან, ხოლო სამხედრო პოლიცია ფხიზლად ადევნებდა თვალს უცხო პირთა გადაადგილებას, იგონებს სამხედრო ჟურნალისტი ზვიად თხელიძე, რომელიც 2011 წლის 1 მარტს ვანის რაიონის სოფელ ციხესულორში ესწრებოდა ჰელმანდში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ გიორგი ავალიანის საიდუმლო დაკრძალვას:

„პოლიცია უკვე გზიდან რამდენიმე მეტრში იდგა და არ ატარებდა არავის, ამოწმებდა, რომ ვინმე ფოტოაპარატით ან კამერით არ მისულიყო და არ გასაუბრებოდა ოჯახის წევრებს ან სხვა ჭირისუფლებს. ამიტომ არც ერთი ჟურნალისტი, არც ერთი კამერა და არც ერთი ფოტოაპარატი იქ არ ყოფილა, რადგან ყველაფერი მკაცრად კონტროლდებოდა. იქ იყვნენ როგორც სამხედრო პოლიციის, ისე პოლიციის პატრულის თანამშრომლები“.

რატომ არ გვაქვს ქართული არლინგტონი?

უცნაურია, რით იყო განპირობებული საქართველოს ნათელი მომავლისათვის, მისი უსაფრთხოების განსამტკიცებლად და ქვეყნის ნატოს სტრუქტურებთან კიდევ უფრო დასაახლოებლად მებრძოლი ჯარისკაცების ასეთი გასაიდუმლოებული დაკრძალვა საქართველოს წინა ხელისუფლების დროს? ან იქნებ სწორედ ასეთი მიდგომის მიმართ ჭირისუფლის ჩუმი პროტესტის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ ავღანეთში 4 წლის მანძილზე დაღუპული 29 ჯარისკაციდან არც ერთი არ არის დაკრძალული მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცები განისვენებენ?

თუმცა აქ ხელისუფლების ფაქტორი არ არის მთავარი. არც 6 ივნისს დაღუპული შვიდი ჯარისკაცის ჭირისუფალმა მოისურვა დაღუპულების საძმო სასაფლაოზე დაკრძალვა.

არადა, რა საამაყო იქნებოდა შვიდი ქართველი ჯარისკაცის საფლავი შთამომავლებისათვის!

მაგრამ ამ რთულ ფენომენს ფაქიზი მიდგომა სჭირდება. ასეთ შემთხვევაში, უწინარეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ჭირისუფლის ნება - მათ კი საგვარეულო სასაფლაოზე ურჩევნიათ დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვა.

თუმცა ძალიან დასანანია და ეს არ არის მარტო ხელისუფლების პრობლემა, რომ საქართველოში ვერ განხორციელდა ქართული „არლინგტონის“ იდეა. სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ბრძოლებში ქვეყნისათვის დაღუპული ჯარისკაცების საფლავები მიმოფანტულია მთელ საქართველოში და არ არის ერთი ადგილი, სადაც ადამიანი მივა და ყველას ერთად მიაგებს პატივს - აფხაზეთში, ცხინვალის მისადგომებთან, ერაყსა თუ ავღანეთში დაღუპულ მეომრებს. არადა, დროს თავისი ულმობელი კანონები აქვს და რაც დრო გავა, სამწუხაროდ, დაიკარგება ეს მიმოფანტული საფლავებიც და დაიკარგება ხსოვნაც იმ ჯარისკაცებისა, რომლებიც ავღანეთში საქართველოს ნათელ მომავალს და მის უსაფრთხოებას სწირავენ თავს.

7 გმირის ბოლო ღვაწლი

მაგრამ დღეს მათმა სიკვდილმა გამოაფხიზლა საქართველო. ხელისუფლებამ პირველად დაინახა მთელი სერიოზულობით, რომ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნა სახელმწიფოს საზრუნავია და არ უნდა იყოს განსხვავება საქართველოს ტერიტორიაზე სეპარატისტულ კონფლიქტში 23 წლის წინ დაიღუპა ჯარისკაცი თუ 10 დღის წინ ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო ოპერაციაში.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი, დაწყებული აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებიდან, მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის ჩათვლით, მიიღებენ ყოველთვიურად 1000 ლარს. ეს ცვლილება განხორციელდება ორ ეტაპად - დაიწყება 2014 წელს და 2015 წელს დასრულდება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით ცვლილება შედის „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი 15 ათასი ლარის ნაცვლად მიიღებს ერთჯერად დახმარებას, 100 ათასი ლარის ოდენობით. აი, ეს მქონდა მხედველობაში, როდესაც ვამბობდი, რომ ავღანეთში დაღუპული 7 ჯარისკაცის სახელს სამუდამოდ დაუკავშირდა ცვლილება, რომელიც ბევრი დაღუპული მეომრის ოჯახს შეუმსუბუქებს დუხჭირ ცხოვრებას-მეთქი.

ეს ცვლილება ამ შვიდი გმირის ბოლო, სიკვდილის შემდგომი, ღვაწლია.

საბრძოლო მოქმედებებისაგან კი, სამწუხაროდ, დედამიწის ზურგზე არც ერთი ქვეყანა ბოლომდე არ არის დაზღვეული - მით უფრო, საქართველო, რომლის ორი რეგიონიც, საბოლოო ჯამში, ტერიტორიის 25 პროცენტი ოკუპირებულია და რომლის დარჩენილ ტერიტორიაზეც ლამის ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი უკანონო, გამყოფი მავთულხლართები.
XS
SM
MD
LG