Accessibility links

„ნაციონალებმა“ საქართველოს მაღალი კორუფციული რისკის თავდაცვა დაუტოვეს?


გასულ კვირაში საქართველოში არსებული კორუფცია კვლავ გახდა მსჯელობის საგანი. ამის მიზეზად იქცა ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო ინდექსი, რომლის თანახმად, საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნების კატეგორიაში, სადაც თავდაცვის სფეროში კორუფციის რისკი საკმაოდ მაღალია.

საერთაშორისო ორგანიზაციამ კორუფციის რისკის თვალსაზრისით მსოფლიოს 82 ქვეყანა შვიდ ჯგუფად დაჰყო და საქართველოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგად ადგილი მიუჩინა D ჯგუფში, ანუ იმ ქვეყნების კატეგორიაში, სადაც თავდაცვის სფეროში კორუფციის რისკი საკმაოდ მაღალია. საქართველოს გარდა ამ კატეგორიაშია კიდევ 14 ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, თურქეთი და ჩინეთი.

ასეთი არასახარბიელო სურათი რამდენიმე სფეროსა და მიმართულების ანალიზის საფუძველზე წარმოჩინდა. შეფასება შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას, რაც გულისხმობს შესყიდვებისა და ტენდერების გამჭვირვალობას, კადრების დაწინაურება-დაქვეითებისა და წახალისების სამართლიანობას და საპარლამენტო-დემოკრატიულ კონტროლს შეიარაღებულ ძალებზე.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ყველა ამ თვალსაზრისით მიღებული შედეგები მეტყველებს, რომ თავდაცვის სიტემაში კვლავაც პრობლემად რჩება ელიტური კორუფცია, ხოლო კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებები პრაქტიკაში არ ხორციელდებოდა.

„არსებობს საქართველოს პარლამენტი, რომელმაც ზედამხედველობა უნდა გაუწიოს თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ ჩვენ წინა წლებში ვხედავდით, რომ ასეთი კონტროლი არ ხდებოდა. იგივე შეიძლება ითქვას შესყიდვებზე. საქართველოს მთავრობა ამბობდა, რომ არსებობს ელექტრონული შესყიდვების გამჭვირვალე სისტემა, თუმცა, რეალურად არც ეს განხორციელებულა.“

„სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსი 2013,“ რომელზეც ეკა გიგაური საუბრობს, 29 იანვარს გამოქვეყნდა და მის შექმნაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - ბრიტანეთის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ეროვნული ბიუროები მონაწილეობდნენ. მიუხედავად ასეთი რეპრეზენტაციული კვლევისა, ცოტა დაუჯერებლად გამოიყურება კორუფციის რისკის თვალსაზრისით რუსეთთან და ჩინეთთან საქართველოს მოხვედრა - საქართველოსი, რომლის სამხედრო უწყების წარმატებულ რეფორმირებაზე სულ არის საუბარი ნატოს ბოლო სამიტის დეკლარაციებში. მაღალი რისკის ზონაში საქართველოს თავდაცვის უწყების მოხვედრას ბოლო ხანს გამომზეურებული სკანდალური ფაქტებით ხსნის არასამთავრობო ორგანიზაციის „თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის სამოქალაქო საბჭოს“ გამგეობის წევრი თეონა აქუბარდია, რომელიც ზემოხსენებულ თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის შედგენაში აქტიურად იყო ჩაბმული:

„ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო ‘ელბიტ-სისტემის’ თემა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ 50 მილიონი დოლარი გადაიხადა, მაგრამ არ არის გახმაურებული, თუ რატომ მოხდა ამ თანხის გადახდა. იგივე „კალანშიკოვების“ თემა, რომელიც არჩევნების შემდეგ გახმაურდა, იგივე 130-მილიონიანი დანაკლისი თავდაცვის ბიუჯეტში, რომელიც ალასანიას დახვდა სამხედრო უწყების ჩაბარების დროს.“

ისრაელის თავდაცვით ფირმა „ელბიტ სისტემთან“ 2008 წელს დადებული კონტრაქტის პირობების დარღევის გამო, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტმა გვარიანად იზარალა. ოთხწლიანი დავისა და საერთაშორისო სკანდალის შემდეგ, საქართველოს მხარემ მოთხოვნილი 100 მილიონი დოლარის ნაცვლად მოდავე კომპანია „ელბიტ სისტემს“ 35 მილიონი დოლარი გადაუხადა და აღჭურვილობის ნაწილიც უკან დაუბრუნა. თუმცა, წინა ხელისუფლებამ ისე დაასრულა მოღვაწეობა, რომ პასუხი არ მოუთხოვია საზარალო კონტრაქტზე ხელმომწერი არცერთი ქართველი მოხელისთვის. რაც შეეხება რუსული წარმოების „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, ამ და სხვა შესყიდვებში სავარაუდო კორუფციული სქემების არსებობის შესწავლა ხელისუფლების გადაბარების შემდეგ ახალმა მთავრობამ მოითხოვა.

„კიდევ ერთი გაუაზრებელი დაფინანსება, რომელიც მათ მოახერხეს და განახორციელეს, ეს გახლდათ თავდაცვის სამინისტროში შეიძინეს N რაოდენობის უძველესი ტიპის ‘კალაშნიკოვის’ ავტომატები ათმაგ ფასში - 42 მილიონი ლარი გადაიხადეს, რაც აუცილებლად გადაეცემა პროკურატურას შემდეგი კვლევისათვის. გადარიცხულია იმავდროულად რაღაც ტანკზე 3 მილიონი ლარი, მეორე სამ მილიონს ჩვენ უკვე აღარ გადავრიცხავთ, მაგრამ, აი, ასეთი ტიპის ხარჯების გამო მოგვიწია, 52 მილიონი ლარი დაგვემატებინა წლის ბოლომდე თავდაცვის სამინისტროსათვის“, - განაცხადა 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

მთავარ პროკურატურას მართლაც გადაეცა ეს საქმე და ყველა სხვაც, რაც აუდიტის ჩატარების შემდეგ გამოვლინდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. თუმცა, საქმე არ შემოიფარგლება მხოლოდ 2012 წელს განხორციელებული საეჭვო შესყიდვების კანონიერების შესწავლით. როგორც საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა ღია ეთერში, პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროში 2004-2012 წლამდე განხორციელებული საფინანსო საქმიანობის შესწავლა დაიწყო. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც თავდაცვის სამინისტრო ყველაზე მაღალბიუჯეტიან, თუმცა, ყველაზე დახურულ და გაუმჭვირვალე სტრუქტურად გადაიქცა.
XS
SM
MD
LG