Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1945 წლის 7 მაისი, ედვარდ კენედი და მისი „ჟურნალისტური შეცდომა“


გასულ კვირაში მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 68-ე წლისთავი აღნიშნა. ომის დროს დასავლეთის კოალიციაში შემავალ ქვეყნებსა და ევროპის ბევრ სახელმწიფოში მეორე მსოფლიო ომის დასასრული, ტრადიციულად, 8 მაისს აღინიშნა, რუსეთსა და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში კი - მათ შორის, საქართველოში - 9 მაისს. თუმცა უნდა ითქვას, რომ 68 წლის წინ მთელი მსოფლიო 1945 წლის 7 მაისს შეხვდა საყოველთაო ზეიმით გერმანიის კაპიტულაციის ცნობას.

კონკურენცია სამხედრო ტელეგრაფთან ადგილის მოსაპოვებლად

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1945 წელს საფრანგეთში, რეიმსში მყოფმა 17-მა ჟურნალისტმა დასავლეთის კოალიციის სარდლობისგან უკვე 6 მაისს იცოდა, რომ გერმანიის მთავრობა უსიტყვო კაპიტულაციაზე ძალიან მალე - შესაძლოა, რამდენიმე საათში - მოაწერდა ხელს. საქმე ისაა, რომ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა საექსპედიციო ჯარების უმაღლესი სარდლობა (SHAEF) მთავარ სამხედრო შტაბში აკრედიტებულ ჟურნალისტებს თავისიანებად, ერთგვარად „აფილირებულ" კორესპონდენტებად მიიჩნევდა და დარწმუნებული იყო, რომ ისინი გერმანიის კაპიტულაციის შესახებ ინფორმაციას არ გაავრცელებდნენ მანამ, სანამ ცნობას არ მოეხსნებოდა ემბარგო, ანუ ოფიციალური აკრძალვა. წინასწარი შეთანხმებით, გერმანიის კაპიტულაციის შესახებ ინფორმაცია 8 მაისს სახელმწიფოთა მეთაურების მიერ პარიზში, ლონდონში, მოსკოვსა და ვაშინგტონში ერთბაშად უნდა გავრცელებულიყო.

მაგრამ ჟურნალისტების პირობა დაარღვია ედვარდ კენედიმ, გამოცდილმა სამხედრო ჟურნალისტმა და იმ დროს „ ასოშიეიტედ პრესის“ პარიზის ბიუროს ხელმძღვანელმა, რადგან ეშინოდა, რომ მას სხვა კოლეგები დაასწრებდნენ და ასეთ მნიშვნელოვან ამბავს სხვა საინფორმაციო საშუალებები გაავრცელებდნენ. მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში, განსაკუთრებით დიდი კონკურენცია ყოფილა თავად ამერიკელ ჟურნალისტებს შორის. ამერიკის ახალი ამბების სააგენტოს თანამშრომლებს ერთი ან ორი წუთით მაინც სურდათ დაესწროთ სხვა კოლეგებისათვის და ეს სწრაფვა ომის ბოლო დღეს კურიოზებამდეც კი მივიდა.

„პარიზიდან რეიმსში პირველი აღმოჩნდა ბოიდ ლიუსი, „იუნაიტედ პრესის“ კორესპონდენტი, რომელიც რეიმსში პირველივე თვითმფრინავით ჩაფრინდა, გადაჯდა სამხედრო ჯიპში და ყველას დაასწრო ინფორმაციის გადამცემ ტელეგრაფთან მისვლა. რიგში მეორე ადგილი ერგო „ინტერნეიშენალ ნიუს სერვისის“ კორესპონდენტს ჯეიმს კილგალენს, რომელმაც ედვარდ კენედის იმით აჯობა, რომ მას ფეხებთან საბეჭდი მანქანა მიუგდო“, - წერს ფილიპ ნაითლი, სამხედრო ჟურნალისტიკაზე დაწერილი ვრცელი ნაშრომის, „პირველი მსხვერპლის“, ავტორი.


საფრანგეთი, რეიმსი, 7 მაისი - საფრანგეთის დროით შუადღის 2:41 საათზე გერმანიამ უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა დასავლეთის მოკავშირეებისა და საბჭოთა კავშირის წინაშე...
კენედის სიტყვები

მაგრამ გერმანიის კაპიტულაციის შესახებ ინფორმაციაზე სამხედრო სარდლობის მიერ დაწესებულმა ემბარგომ მას შემდეგ დაკარგა აზრი, რაც ედვარდ კენედიმ და სხვა ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ მოკავშირეთა საექსპედიციო ჯარების უმაღლესმა სარდლობამ გერმანიის მთავრობას უბრძანა დანებებულიყო, რაც გერმანიის რადიომ ღია ეთერში გადასცა.




დაბნეული ცენზორები და შერისხული ჟურნალისტი

აი, როგორ აღწერს ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სამხედრო ჟურნალისტიკის მკვლევარი ფილიპ ნაითლი ვრცელ ნაშრომში -„პირველი მსხვერპლი“.

„კენედიმ გადაწყვიტა, რომ დადგა სამთავრობო აკრძალვის დარღვევის დრო. ჟურნალისტი მივიდა ამერიკის არმიის მთავარ ცენზორთან და გააფრთხილა იგი, რომ აპირებდა ამ ამბის გაგზავნას. ამის შემდეგ გამოიყენა რთული სამხედრო სატელეფონო ხაზი, რომელსაც სამხედრო ცენზორები ვერ აკონტროლებდნენ და 7 მაისს, დაახლოებით საღამოს ოთხის ნახევარზე, დარეკა „ასოშიეიტედ პრესის“ ლონდონის ოფისში და შემდეგი შინაარსის ინფორმაცია უკარნახა: საფრანგეთი, რეიმსი, 7 მაისი - საფრანგეთის დროით შუადღის 2:41 საათზე გერმანიამ უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა დასავლეთის მოკავშირეებისა და საბჭოთა კავშირის წინაშე“.

ჟურნალისტის საქციელზე ბრიტანელ ცენზორებს კითხვაც არ გასჩენიათ, რადგან მათ არ ჰქონდათ ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ემოქმედათ კაპიტულაციის შესახებ ინფორმაციის თაობაზე. სულ რაღაც 10 წუთის შემდეგ ედვარდ კენედის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მთელ მსოფლიოს მოედო და ბევრი ქვეყანა გამარჯვების ენით აუწერელმა დღესასწაულმა მოიცვა.

„ასოშიეიტედ პრესის“ ხელმძღვანელობამ ბოდიში მოიხადა ერის წინაშე. მეტიც, მედიაორგანიზაციამ ნიუ-იორკის სასტუმროში საკუთარ იზოლირებულ ჟურნალისტს მოუწოდა ეღიარებინა თავისი შეცდომა, თუ სააგენტოში მუშაობის გაგრძელება სურდა. ედვარდ კენედიმ უარი თქვა ამ გარიგებაზე...
ფილიპ ნაითლი

მაგრამ თავად ედვარდ კენედის ბედი კი ამ საქციელის შემდეგ უკუღმა დატრიალდა. ჟურნალისტი, ვინც სასიხარულო ინფორმაციის გავრცელების გამო დაფნის გვირგვინს ელოდა, მოღალატედ შერაცხული და გარიყული აღმოჩნდა მისივე კოლეგების მიერ. ამის შესახებ ფილიპ ნაითლი წერს:

„მოკავშირეთა საექსპედიციო ჯარების უმაღლესმა სარდლობამ გაუუქმა აკრედიტაცია კენედის. გენერალმა დუაიტ ეიზენჰაუერმა, სხვა ჟურნალისტების პროტესტის შემდეგ, დაგმო ედვარდ კენედის ქმედება, ხოლო „ასოშიეიტედ პრესის“ ხელმძღვანელობამ ბოდიში მოიხადა ერის წინაშე. მეტიც, მედიაორგანიზაციამ ნიუ-იორკის სასტუმროში საკუთარ იზოლირებულ ჟურნალისტს მოუწოდა ეღიარებინა თავისი შეცდომა, თუ სააგენტოში მუშაობის გაგრძელება სურდა. ედვარდ კენედიმ უარი თქვა ამ გარიგებაზე. ამით კენედიმ სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა ჟურნალიზმის ისტორიაში, მაგრამ სამხედრო კორესპონდენტს, ვინც მსოფლიოს პირველმა შეატყობინა გერმანიის კაპიტულაცია, სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა ტკივილი იმის გამო, რაც მან 1945 წელს განიცადა“.

თუმცა, როგორც არ უნდა დაესაჯათ სამხედრო სარდლობისთვის მიცემული პატიოსანი სიტყვის გატეხისა და კოლეგების მოტყუების გამო სამხედრო კორესპონდენტი ედვარდ კენედი, მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორეში ეჭვი არავის შეუტანია. 1945 წლის 7 მაისს ბრიტანეთის ინფორმაციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ოფიციალური ცნობა კაპიტულაციის შესახებ 8 მაისს, შუადღის სამ საათზე, გამოცხადდებოდა და ეს დღე იქნებოდა ევროპის გამარჯვების დღე. იგივე განცხადებები გაკეთდა პარიზსა და ვაშინგტონში. ამ განცხადებებმა დაადასტურეს, რომ ედვარდ კენედის მიერ გავრცელებული ცნობა მართალი იყო, რომ ეს იყო ამ ომის ყველაზე სენსაციური ცნობა, რამაც დააჩქარა ოფიციალური განცხადების გაკეთება გერმანიის კაპიტულაციის შესახებ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG