Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის არმია უსაფრთხოებაზე ზრუნვას მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყებს


ავღანეთის არმია
ავღანეთის არმია
გასულ კვირაში მსოფლიოს მთავარ ახალ ამბად იქცა ცნობა, რომ ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოფიციალურად იტვირთეს მთელი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ამ მოვლენის აღსანიშნავად ქაბულში საზეიმო ცერემონიაც კი გაიმართა, თუმცა პოლიტიკურმა ღონისძიებამ დაასწრო მოვლენათა განვითარებას და რეალურად მთელი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვას ავღანეთის სამხედრო ძალები დამოუკიდებლად ჯერ კიდევ ვერ ახორციელებენ.

ნატოს ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და ავღანეთის ხელისუფლების მიერ შეთანხმებული გეგმის თანახმად, ავღანეთის შეიარაღებული ძალები ეტაპობრივად იბარებენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყოველი ახალი გარდამავალი ეტაპის დასრულება ავღანეთის პოლიტიკურ რუკაზე მეტი მწვანე ზონის, ანუ უსაფრთხო სივრცის, შექმნას უკავშირდება, რაც, ქვეყნის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მთავარი მიზანია.

„ეს იყო ჩემი ერთ-ერთი უდიდესი სურვილი და მიზანი და ბედნიერი ვარ, რომ მე, როგორც ავღანეთის მოქალაქემ და ავღანეთის პრეზიდენტმა, მივაღწიე დღეს ამ მიზანს და ავღანეთის ჯარებმა ჩაიბარეს სარდლობა ქვეყანაში. ავღანელი ხალხისათვის ეს ასეთივე მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი დღე იყოს - როცა ავღანელები დაინახავენ, როგორ ზრუნავენ საკუთარი შვილები, საკუთარი ახალგაზრდები მათი სიცოცხლისა და მათი ქვეყნის დაცვაზე“, განაცხადა ჰამიდ კარზაიმ სამშაბათს ქაბულში ნატოს ჯარების მიერ ავღანეთის არმიისა და პოლიციისათვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ჩაბარების ცერემონიაზე.

თუკი ავღანეთის პოლიტიკურ რუკას უსაფრთხოების თვალსაზრისით გადავხედავთ, ეს ნიშნავს, რომ საქმე ეხება იმ რაიონებს, რომლებშიც აქამდე უსაფრთხოების საკითხებს წყვეტდნენ ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციური ძალები. თუ უფრო ზუსტი ვიქნებით, სამშაბათს დასრულდა უსაფრთხოების გადაბარების გარდამავალი პროცესის მეოთხე ეტაპი, რომლის დროსაც ავღანეთის არმია და პოლიცია იქნებიან პასუხისმგებელი ქვეყნის ტერიტორიის დარჩენილ 20 პროცენტზეო, - განმარტავს რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის თანამშრომელი ჰაბიბ აბდული:

„მაგრამ როდესაც ჩვენ ავღანეთის ძალებისთვის პასუხისმგებლობის გადაცემის გარდამავალ პერიოდზე ვსაუბრობთ, რჩება კიდევ ერთი ეტაპი, რომელსაც პასუხისმგებლობის გადაცემის მეხუთე ეტაპი ეწოდება. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ავღანეთის ძალები უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობას იკისრებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ დარჩენილ 95 რაიონში, სადაც ვითარებას აქამდე კოალიციური ძალები აკონტროლებდნენ. ამ რაიონებში ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტი ცხოვრობს“.

ანუ 17 ივნისს გამოცხადდა ბოლო, მეხუთე ეტაპის დაწყება, როდესაც ავღანეთის არმიამ და უსაფრთხოების ძალებმა კოალიციური სარდლობისაგან ოფიციალურად გადაიბარა პასუხისმგებლობა ქვეყნის ტერიტორიის დარჩენილ 20 პროცენტზე.

ახლა, გაზაფხულის დამდეგს, როდესაც გარდამავალი პერიოდის მეხუთე ეტაპი ახლოვდება, მოგვდის ცნობები ჰელმანდის პროვინციაში გახშირებული ინციდენტების თაობაზე...
ჰაბიბ აბდული
თუმცა ამ გადაწყვეტილებას პრაქტიკაში განხორციელება სჭირდება. ეს კი არცთუ ისე იოლი საქმეა და არავინ იცის, როდის დასრულდება გარდამავალი ეტაპის მეხუთე ფაზა, რადგან საქმე ეხება ავღანეთის ყველაზე მღელვარე - ჰელმანდის, ყანდაარის, ხოსტის, პაკტიისა და კუნარის - პროვინციებს, სადაც თალიბანის მებრძოლები კოალიციური ძალების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ.

ტრადიციულად, ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პროვინციად რჩება ჰელმანდი, სადაც შარშან, კოალიციური სამხედრო ძალების მკვეთრი გაზრდის შემდეგ, შედარებით გაუმჯობესდა ვითარება, თუმცა გაზაფხულზე თალიბანის მიერ გამოცხადებულმა „საგაზაფხულო ნადირობის სეზონმა“ მკვეთრად გააუარესა უსაფრთხოების გარემო, - ამბობს ჰაბიბ აბდული, რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის თანამშრომელი.

„ახლა, გაზაფხულის დამდეგს, როდესაც გარდამავალი პერიოდის მეხუთე ეტაპი ახლოვდება, მოგვდის ცნობები ჰელმანდის პროვინციაში გახშირებული ინციდენტების თაობაზე. მაგალითად, თალიბანმა იერიში მიიტანა სანგინის რაიონში, სადაც ბრძოლებმა ორ კვირაზე მეტხანს გასტანა“.

ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო ძალები აგრძელებენ ბრძოლას თალიბანთან ჰელმანდის პროვინციის ისეთ რაიონებში, როგორიცაა სანგინის, მუსა ყალის და სხვები, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება ძალიან არასტაბილურია...
ჰაბიბ აბდული
ჩემი ავღანელი კოლეგის მიერ ნახსენები თალიბანის მასირებული იერიში წლევანდელი მაისის შუა რიცხვებში დაიწყო და მხოლოდ 4 ივნისს დასრულდა - მას შემდეგ, რაც ავღანეთის არმიას აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა და ბრიტანეთის სამეფო ძალების ავიაციამ გაუწიეს დახმარება. შეტაკებაში 100-ზე მეტი ექსტრემისტი დაიღუპა. თუმცა ჰაბიბ აბდული ამბობს, თალიბები შეტევას განაგრძობენ ჰელმანდის პროვინციის სხვა რაიონებში, რათა ამით ჩაშალონ მეხუთე, გარდამავალი, ეტაპი, როცა ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა რეალურად უნდა განახორციელონ მთელ ქვეყანაში უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანა:

„ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო ძალები აგრძელებენ ბრძოლას თალიბანთან ჰელმანდის პროვინციის ისეთ რაიონებში, როგორიცაა სანგინის, მუსა ყალის და სხვები, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება ძალიან არასტაბილურია. ასე რომ, თალიბანმა ახლახან გააძლიერა თავდასხმები, რათა, როგორც ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ჩიხში შეიყვანოს და ჩაშალოს უსაფრთხოების გადაბარების გარდამავალი ეტაპი. ეს რაიონები სწორედ ჰელმანდის პროვინციაშია, მაგრამ ხელისუფლება მაინც იმედოვნებს, რომ როდესაც ამ რეგიონში უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობას ავღანეთის არმია გადაიბარებს, ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდება“.

ცხადია, ჩემს კოლეგასთან საუბარში იმითაც დავინტერესდი, თუ რას ფიქრობენ ჰელმანდში მყოფ ქართველ ჯარისკაცებზე ავღანელები და რამდენად შეესაბამება სინამდვილეს გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული ცნობა, თითქოს ადგილობრივი მცხოვრებნი მათ აიგივებენ რუსებთან, რომლებიც ავღანეთის მოსახლეობაში „საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ კვლავ მტრებად აღიქმებიან“.

ამ მგრძნობიარე თემაზე მომზადებულ რეპორტაჟს სამხედრო პროგრამის უახლოეს გამოშვებაში შემოგთავაზებთ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG