Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იორი“ - არ არის იოლი!


ზაფხულის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ინტენსიურ წვრთნებს გადიან. სახელმწიფო კვლავ მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავს, რათა ქართული საჯარისო ნაწილები სათანადოდო იყვნენ მომზადებული მყიფე მშვიდობის დასაცავად, საზოგადოება კი სულ უფრო მეტად ცდილობს გააკონტროლოს სამხედრო უწყება და მოსთხოვოს მას იყოს უფრო მეტად ანგარიშვალდებული, პირველყოვლისა, ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიმართ.

ყველანი პოლიგონზე, ცეცხლისა და კვამლის ქვეშ!

თუ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტს დავუჯერებთ, ქართული ჯარის ლამის მთელი მპირადი შემადგენლობა პოლიგონებზეა გასული. „ორ ფრონტზე მოქმედი“ საქართველოს არმიის ზოგიერთი ქვედანაყოფი ემზადება იმისათვის, რომ სათანადოდ შეძლოს მის წინაშე დასმული შიდა ამოცანა - უზრუნველყოს ქვეყნის თავდაცვა საგარეო აგრესიის შემთხვევაში. საქართველოს არმიის მეორე, საკმაოდ მნიშნელოვანი სეგმენტი კი საველე შეკრებასა და წვრთნებს ავღანეთის მიწაზე საერთაშორისო სამხედრო მისიის შესასრულებლად გადის. ავღანეთის უსაფრთხოების ძალთა მხარდამჭერ ოპერაციაში ჩაბმის წინა საწვრთნელი შეკრება უკვე დაასრულა საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა, რომლის პირადი შემადგენლობა რამდენიმე დღეში გაემგზავრება მსოფლიოს ყველაზე „ცხელ წერტილში“ და იქ მყოფ ქვედანაყოფს ჩაანაცვლებს. ეს „რამდენიმე დღე“, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება ორ კვირასაც გაგრძელდეს, მით უფრო, რომ ქვედანაყოფს ე.წ. გადასროლის წინა შეკრებაც ელოდება გერმანიაში მდებარე ერთ-ერთ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. თუმცა 20 აგვისტოს მე-13 ბატალიონს გზა უკვე დაულოცა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობამ და აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშემ. კონტინგენტი მომზადებულია და მოტივირებული საერთაშორისო ამოცანის შესასრულებლადო, - ამბობს შეიარაღებული ძალების გაერთანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე:

„დარწმუნებული ვარ, რომ ჯარისკაცები წარმატებით გაართმევენ თავს დასმულ ამოცანას, ვინაიდან მათ გააჩნიათ ყველაფერი: მომზადება, ტექნიკური აღჭურვილობა, უზრუნველყოფა ამ ამოცანის შესრულებისათვის და, ამის გარდა, ისინი არიან პირველი ბრიგადის მებრძოლები და აკეთებენ მართალ საქმეს“.

ეს, რაც შეეხება ავღანეთში მიმავალ ქართულ ქვედანაყოფს. თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, საწვრთნელი სწავლების ცეცხლსა და კვამლში სხვა სამხედო ნაწილებიც არიან გახვეული.

არის საშტაბო-სამეთაურო სწავლება პირადი შემადგენლობის მიზიდვით. სწავლებაში ჩართულია პირველი, მე-4 და მე-5 ქვეითი ბრიგადა. დღეისათვის მიმდინარეობს ბრიგადის შტაბის ასე...
ირაკლი ჭუმბურიძე
თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ - „კრწანისის“ - პოლიგონზე 22 აგვისტოს ერთობლივი საარტილერიო სწავლების ერთი ეტაპი დაასრულეს ქვეითმა ნაწილებმა. ჯარისკაცები სამიზნეებს ესროდნენ 60 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნიდან, რომელიც ეფექტურ ქვეითსაწინააღმდეგო შეიარაღებად ითვლება - განსაკუთრებით მთაგორიანი რელიეფის პირობებში.
საარტილერიო სწავლება “ნატოს ოპერატიული თავსებადობისა და შესაძლებლობების შეფასების პროგრამის (OCC E&F) ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი ბატალიონის ნატოს ოპერაციებში მონაწილეობისთვის მომზადებააო“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საბრძოლო ბრძანების გამოცემასაც სწავლა სჭირდება

დაბოლოს, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გეგმიური საველე სწავლება მიმდინარეობს კახეთის რეგიონში. წვრთნა, კოდური სახელწოდებით „იორი-2013“, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების შტაბის გეგმით ხორციელდება. ამ სამხედრო სწავლების სანახაობრივი მხარე საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

„არის საშტაბო-სამეთაურო სწავლება პირადი შემადგენლობის მიზიდვით. სწავლებაში ჩართულია პირველი, მე-4 და მე-5 ქვეითი ბრიგადა. დღეისათვის მიმდინარეობს ბრიგადის შტაბის ასეულის მეთაურის მიერ საბრძოლო ბრძანების გამოცემა“, ამბობს „სწავლება 2013“-ის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე.

ის, რომ სასწავლო მანევრების დროს მეთაურები „საბრძოლო ბრძანების“ გამოცემას სწავლობენ, უკვე მეტყველებს „იორი-2013“- ის მნიშვნელობაზე. თანაც, როგორც სწავლების ხელმძღვანელი ამბობს, მასში სამი ბრიგადა, ანუ ქართული შეიარაღებული ძალების ლამის ნახევარზე მეტი, მონაწილეობს. ასეთი ინტენსიური სწავლებები, რა თქმა უნდა, კარგია არმიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისათვის, თუმცა მხოლოდ კარგი ამბებით არ შემოიფარგლება ყოველდღიურ რისკებთან დაკავშირებულო სამხედრო ცხოვრება. გასულ კვირაში საქართველოს არმიაში ერთი წვევამდელი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მოხდა საავიაციო ბაზაზე. ჯარისკაცმა, რომლის სახელსაც შეგნებულად არ ვასახელებთ, წინასწარი გამოძიებით, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

„პოლიტკორექტული დაპირისპირება“

აგვისტოს დასაწყისშივე გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადება, რომელშიც ორგანიზაციამ თავდაცვის სისტემაში გამოვლენილ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თავდაცვის სამინისტროში სისტემური და საკადრო პრობლემებია: გორის სამხედრო ბაზაზე მასობრივად არის გავრცელებული ჩუტყვავილა, ხოლო სამხედრო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნებითაა დაკომპლექტებული, რასაც არასამთავრობო ორგანიზაცია შეცდომად მიიჩნევს.

მიუხედავად იმისა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ შედარებით ახალი არასამთავრობო ორგანიზაციაა ასეთი ჯგუფების რაოდენობით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე მყოფ საქართველოში, სამხედრო უწყების ახალ ხელმძღვანელობას, წინამორბედებისაგან განსხვავებით, არ უცდია მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკული შენიშვნის იგნორირება და ვრცელი პოლიტკორექტული პასუხით შეეცადა დაემტკიცებინა ოპონენტებისათვის, რომ ისინი ცდებიან და რომ საქართველოს არმიაში არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ეს ზოგიერთ „ინფორმირებულ წყაროს“ წარმოუდგენია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG