Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში სტიქიის შედეგად დაზარალებული კახეთის რეგიონის სამოქალაქო ხელისუფლების ორგანოების დასახმარებლად ხელისუფლებამ იქ სამხედრო რეზერვის ნაწილებიც გადაისროლა. სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა პირველი სერიოზული გამოცდა გამოდგა თავდაცვის ახალი მინისტრის დიმიტრი შაშკინისათვის, რომელმაც ახალ პოსტზე მუშაობის პრინციპად ამერიკელი რეინჯერების დევიზი აირჩია.

თავდაცვის ახალი მინისტრი, რომელსაც ძალიან მოსწონს ამერიკელი რეინჯერების დევიზი No man gets left behind ("არავის მივატოვებთ განსაცდელში"), ორი კვირის წინ სამხედრო უწყების პირად შემადგენლობას დაჰპირდა, რომ თავისი მინისტრობისას - „არც მშვიდობიან დროს და არც ომში,- არც ერთ ადამიანს არ მიატოვებს“.

ახალი მინისტრის სამი T-ს პრინციპი

თუ როგორ შეასრულებს ამ დაპირებას თავდაცვის ახალი მინისტრი, ჯერჯერობით ვარაუდის საგანია. თუმცა ერთი რამ უდავოა - დიმიტრი შაშკინს მართლაც არ მიუტოვებია არც ერთი თანაგუნდელი განათლების სამინისტროში და ყველა თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანა უფრო მაღალ თანამდებობებზე. განსაკუთრებით მოულოდნელი მაინც თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ კოკა სეფერთელაძის დანიშვნა იყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დამსახურებისათვის დააწინაურა დიმიტრი შაშკინმა მოხელე, რომელმაც განათლების სამინისტროში თავისი მოღვაწეობის დროს საზოგადოებას საქართველოს უახლოეს ისტორიაში ალბათ ყველაზე სასაცილო ინტერვიუთი და ჟურნალისტის ყველა შეკითხვაზე ერთი და იმავეს უთავბოლოდ გამეორებით დაამახსოვრა თავი:
როდესაც ვლაპარაკობთ თავდაცვაზე, ეს არის ტოტალური თავდაცვა, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის რეზერვი ...

„ჩვენი მიზანია პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება, ამ ადამიანებზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით მასწავლებელთა სახლი, სადაც 24 საათის განმავლობაში თითოეულ პედაგოგს ჩვენ ვატრეინინგებთ იმისათვის, რათა მათ შეძლონ სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება. ჩვენი ამოცანა არის მათი კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდაზე მათი წარმატება არის ნამდვილად ჩვენი ამოცანა.“

არანაკლებ მოულოდნელი იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილედ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსისა და აწ უკვე შინაგან საქმეთა მინისტრის ძმის, დათა ახალიას დანიშვნა. თუმცა არაპოპულარული დუეტი შაშკინმა იქვე გააზავა გასაგები საზოგადოებრივი სახეებით: თავდაცვის მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ მაია სიფრაშვილი და თავდაცვის ეროვნული აკადემიის ყოფილი უფროსი დავით ნარდაია. პირველი ცნობილია როგორც წარმატებული კოორდინატორი პროგრამისა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, მეორე კი ცნობილი მოაზროვნეა და ბოლო ხანს - მართალია, სულ ერთი თვის განმავლობაში - თავდაცვის ეროვნულ აკადემიას ედგა სათავეში.

აი, ამ კადრებით და რეინჯერული შემართებით შეუდგა დიმიტრი შაშკინი სამხედრო უწყების მართვას და სულ მალე თავდაცვის მინისტრმა ახალი კონცეფციის მონახაზიც წარმოადგინა, ე.წ. სამი T-ს პრინციპის სახით. პირველი T გულისხმობს ტოტალურ ზრუნვას (Total Care), მეორე T - ტოტალურ წვრთნას (Total Training) და მესამე T - ტოტალურ თავდაცვას (Total Defense).

ამ ტოტალურობაში, ერთი შეხედვით, ომს მოწყურებული „პოლიტიკური ქორის“ მისწრაფება იკითხება. თუმცა, როგორც დიმიტრი შაშკინმა უთხრა ტელეკომპანია „მაესტროს“, საქართველო ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივად აღებული ვალდებულების ერთგული რჩება:

„საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ავიღეთ ვალდებულება, რომ არ გამოვიყენებთ ძალას აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებისათვის. და ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მშვიდობით დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები და, ამავდროულად, ვიზრუნოთ თავდაცვაზე. და როდესაც ვლაპარაკობთ თავდაცვაზე, ეს არის ტოტალური თავდაცვა, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის რეზერვი.“

სტიქია და ვერმობილიზებული ტერიტორიული რეზერვი

სამხედრო რეზერვი არა მხოლოდ თავდაცვის კომპონენტია, არამედ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის დროს სამოქალაქო ხელისუფლების დამხმარე სტრუქტურას. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შვიდი წლის განმავლობაში გაღებული დიდძალი დაფინანსების მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ორგანიზებული სამხედრო რეზერვი. 18-19 ივლისს, როდესაც კახეთს სტიქიური უბედურება დაატყდა თავს, აღმოჩნდა, რომ რაიონში რეგულარული ნაწილების მობილიზება გახდა საჭირო და ადგილობრივი რეზერვისტების მობილიზება კვლავ ვერ მოხერხდა. აი, რა თქვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ თანამშრომელმა გელა მთივლიშვილმა, რომელიც ადგილზე აკვირდებოდა სამხედროების მოქმედებას:

„ეს ხუთდღიანი შეკრებები რომ გაატარეს რეზერვისტებს და სახალხო ლაშქრები რომ შექმნეს, ასეთი გადამზადებული ბრიგადები კახეთში უკვე არსებობს. და ეს რესურსი, ეს სახალხო ლაშქრები, რაზეც ხელისუფლება აცხადებდა, რომ ამ მიზნის გამო იქმნებოდა, უნდა გამოეყენებინათ ამ შემთხვევაში. აბა, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მომხდარიყო?! და არ მომხდარა ამ გადამზადებული რეზერვისტების მობილიზება. სამაგიეროდ, გუშინ დაიძრა და დღესაც და გუშინაც ჩამოიყვანეს თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან როგორც მაშველები, ასევე რეზერვისტები. რატომ, არ ვიცი.“

ჩვენ არ მივატოვებთ არც ერთ ადამიანს ამ გასაჭირში. ჯარი იქნება ამ რეგიონში მანამდე, სანამ ყველა პრობლემა არ იქნება მოგვარებული ...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილთან ეს ინტერვიუ 20 ივლისს ჩავიწერეთ. სხვა დამოუკიდებელი წყაროებიც მიუთითებენ, რომ სტიქიური უბედურების შემდეგ ე.წ. ტერიტორიული რეზერვის მობილიზება ვერ მოხერხდა და სამხედრო უწყების ხელმძღვანელობამ სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად ძირითადად რეგულარული საინჟინრო ნაწილი გადმოისროლა. მაგრამ ეს არაორგანიზებულობა არ არის დიმიტრი შაშკინის ბრალი. სამი კვირის წინ დანიშნულ თავდაცვის ახალ მინისტრს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ თავი წინამორბედის შეცდომებით იმართლოს. თუმცა ხუთდღიანი რეზერვი რომ მხოლოდ თავის მოტყუებაა, ამის შესახებ ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს თავად დიმიტრი შაშკინმა, რომელსაც თავდაცვის ბოლო სამი მინისტრისაგან ის მაინც განასხვავებს, რომ 90-იან წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვს გავლილი საქართველოს ჯარში და შეიარაღების სპეციალისტადაც უმუშავია. შაშკინიც გააგრძელებს თუ არა საბიუჯეტო ფულის გადაყრას უსარგებლო რეზერვის მომზადებაში, ახლა ძნელი სათქმელია. გასულ კვირაში თავდაცვის უწყების ახალ მესვეურს ბუნების ჭირვეულობამ სხვა საზრუნავი გაუჩინა.

„ჩვენ არ მივატოვებთ არც ერთ ადამიანს ამ გასაჭირში. ჯარი იქნება ამ რეგიონში მანამდე, სანამ ყველა პრობლემა არ იქნება მოგვარებული. აქ არიან როგორც რეზერვისტები, ისე საინჟინრო ბატალიონი. ყველა ტექნიკა არის მობილიზებული და, როგორც მე ვთქვი, არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ,“ - განაცხადა თელავში მყოფმა შაშკინმა, რომელიც, როგორც საქართველოში უყვართ თქმა, პირადად ხელმძღვანელობდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმული სამხედრო კონტინგენტის საქმიანობას. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ამერიკულ-ქართული კომბინაციით გამოყვანილი ეს რეინჯერული დევიზი მართლაც კარგად ჟღერს განსაცდელის დროს მიტოვებული ადამიანების გასამხნევებლად.

ისინი კი, მიტოვებულები და გულაცრუებულები, საქართველოში, სამწუხაროდ, მრავლად არიან. ყველაზე ზრუნვას დიმიტრი შაშკინი ვერ გასწვდება და ეს პასუხისმგებლობა მას, ცხადია, არც აკისრია, თუმცა დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის მინისტრის ამ სიტყვებს საკუთარი მისამართით სიამოვნებით ელოდება სამხედრო უწყებიდან მისი წინამორბედების საკადრო ექსპერიმენტების შედეგად გაძევებული და ღვთის ანაბარად მიტოვებული ასობით ოფიცერი, სერჟანტი და კაპრალი. მათ წინაშე კი ეს პასუხისმგებლობა თავდაცვის ახალ მინისტრს ნამდვილად აკისრია, თუკი შაშკინის დაპირება, რომ „არც ერთ ადამიანს არ მიატოვებს არც მშვიდობიან დროს და არც ომში“, არაა ოდენ დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ატაშეების გასაგონად ნათქვამი ლამაზი სიტყვები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG