Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: „ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს არაკომპეტენტურ ადამიანებთან“


ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია
რატომ ვერ აიცილა თავიდან საქართველოს ხელისუფლებამ სისხლიანი დაპირისპირება ლოპოტის ხეობაში? სად იმყოფებიან ფსევდორეზერვისტები, რომლებიც თითქოს ზუგდიდში კერძო სახლებში ცხოვრობდნენ? და რა პოლიტიკური მიზანშეწონილობით არის განპირობებული სამხედრო ქვედანაყოფის გაზრდა ავღანეთში? - საქართველოს უსაფრთხოების ამ და სხვა საკითხებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია საუბრობს.

2001-2002 წლებში ირაკლი ალასანია, რომელიც მაშინ საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, აქტიურად იყო ჩართული პანკისის ხეობის კრიზისის განმუხტვაში. ალასანია, რომელიც 13 სექტემბერს პრაღაში რადიო თავისუფლების სათავო ოფისს სტუმრობდა, ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ მომხდარიყო შეტაკება ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის რაზმთან და არ დაღვრილიყო სისხლი პანკისის ხეობაში:

„ ჩვენ მაშინ სწორი ტაქტიკა ავირჩიეთ როგორც ტერორიზმთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიმინალური ოპერაციების ჩატარების... იმ დროს ქვეყნის ინტერესებისადმი ბევრად უფრო პასუხისმგებლობით იყო გამსჭვალული მაშინდელი ხელისუფლება, ვიდრე დღეს არის სააკაშვილი და მისი ხელისუფლება.“

ირაკლი ალასანია სრულყოფილი საჯარო ინფორმაციის არარსებობის გამო თავს იკავებს ლოპოტის ხეობაში 29 აგვისტოს სპეცოპერაციის პოლიტიკური შეფასებისაგან. სამი კვირის წინ სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, 11 დივერსანტი და სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს აბსოლუტურად არაკომპეტენტურ ადამიანებთან, და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დაწყებული პრეზიდენტიდან, გაგრძელებული უშიშროების საბჭოს მდივნით, მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ ...

ირაკლი ალასანია, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და სამხედრო სფეროს ყოფილი მაღალჩინოსანი, შიშობს, რომ ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებაშია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება მუდამ დაუცველი იქნება.

„არის რაღაც ნაწილი ინფორმაციის, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმის მოქმედების მეთოდებს და დეტალებს შეეხება და დახურული უნდა იყოს. მაგრამ იმის საფარით, თითქოს ეს არის საიდუმლო, მთლიანად დაუმალეს საზოგადოებას, თუ ვინ ხელმძღვანელობდა ოპერაციას, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რატომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩატარებულიყო არა აყვანის, არამედ განადგურების ოპერაცია“, - ამბობს ირაკლი ალასანია და დარწმუნებულია, რომ „დივერსანტების“ აყვანის შემთხვევაში გამოძიება მათგან ეროვნული უსაფრთხოებისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებდა.

„ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს აბსოლუტურად არაკომპეტენტურ ადამიანებთან, და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დაწყებული პრეზიდენტიდან, გაგრძელებული უშიშროების საბჭოს მდივნით, მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ საქართველოს საზოგადოების წინაშე. უტიფრად ატყუებდნენ საზოგადოებას და, რაც ყველაზე გულსატკენია, იმ ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი ვაჟკაცების ოჯახებსაც.“

მოკლული ოფიცრის ბედის გარკვევაში

2011 წლის 17 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი, საკუთარ სახლში დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ოფიცრის საცხოვრებელ სახლში მოგვიანებით ჩხრეკაც ჩატარდა, ერთი კვირის შემდეგ კი ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ოფიცერი სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. ირაკლი ალასანიამ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, გასული წლის ოქტომბრის ბოლოს საპროტესტო აქცია გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინ და სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას „ჯაშუშომანიით“ შეპყრობილი „მკვლელები“ უწოდა. ირაკლი ალასანია წუხს, რომ, მისი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო სიმართლის დადგენა სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს:

„მაშინ, სამწუხაროდ, მიაღწიეს იმას, რომ არ ჩატარდა გარდაცვლილის შესაბამისი შემოწმება. და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ოჯახი დააშინეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებმა. მე მაშინ პირობა მივეცი ოჯახს და საქართველოს საზოგადოებას, რომ ამ საქმეს გამოვიძიებთ და მის მკვლელებს მართლმსაჯულების წინაშე წარვადგენთ.“
ამ განცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის სამინისტრომ სასწრაფოდ დაიწყეს სამართლებრივი სივრცის შექმნა ასეთი ჯგუფებისთვის, რასაც მათ „რეზერვი“ დაარქვეს ...

უკანონო „რეზერვისტები“ - სააკაშვილის „ჩავარდნილი პროექტი“

პრაღაში მყოფ ირაკლი ალასანიასთან საუბრისას სამეგრელოში შექმნილი ვითარებითაც დავინტერესდი. ნახევარი წლის წინ, 20 მარტს, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სამეგრელოში მთავრობის მიერ დაფინანსებული შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა. ალასანიას განცხადებით, რეზერვს ამოფარებული სამხედრო ჯგუფები ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ერთადერთი მიზნით შექმნა - შეუზღუდოს საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის თავისუფლება და დევნოს განსხვავებული აზრის მქონე ხალხი. აღნიშნული ინფორმაცია ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს გააცნო, ხოლო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამ სამხედრო ფორმირებების დაუყოვნებლივ დაშლისაკენ მოუწოდა.

„ამ განცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის სამინისტრომ სასწრაფოდ დაიწყეს სამართლებრივი სივრცის შექმნა ასეთი ჯგუფებისთვის, რასაც მათ „რეზერვი“ დაარქვეს. არ იყო გათვლილი ბიუჯეტი, არ იყო არც ერთი ბრძანება - არც პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება და არც თავდაცვის მინისტრის ბრძანება. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე განცხადება გავაკეთე, დაიწყეს სამართლებრივი სივრცის შექმნა, დაიწყეს გადაადგილებები, დაატოვებინეს ძალიან ბევრს ის სახლები ზუგდიდის რაიონში, რომელშიც იყვნენ განსახლებულნი. და ახლა ფორმირების წევრები გადასულები არიან რაიონებში, რამდენიმე ადგილას.“

ამ, როგორც თავად უწოდებს, „პრევენციული“ განცხადების შემდეგ ირაკლი ალასანია, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გააკრიტიკა შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მცდელობისთვის. ირაკლი ალასანია ამ ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ მისმა პრევენციულმა განცხადებამ მიზანს სხვა მხრივაც მიაღწია:

„მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ პრევენციული შედეგი ამას მოჰყვა იმ პატრიოტულად განწყობილი ადამიანების მხრიდან, რომლებიც სამხედრო რეზერვში გულწრფელად გაერთიანდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჰქონდეს მაღალი დონის თავდაცვისუნარიანობა და სამხედრო რეზერვი. ისინი, პრაქტიკულად, ერთხმად იძახიან, რომ სააკაშვილს არც ერთ შემთხვევაში არ გამოაყენებინებენ თავს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ხელისუფლებას და სააკაშვილს, კონკრეტულად, ეს პროექტი, პრაქტიკულად, ჩაუვარდათ.“

მისია ავღანეთში - ქართული ოპოზიციისა და ხელისუფლების თანხვედრის სივრცე
ვფიქრობ, რომ ასეთ ნაბიჯებს სააკაშვილი „პიარულად“ იყენებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად საზღვარგარეთ და განსაკუთრებით ნატოს ალიანსის წევრებთან ...

ჩემი თანამოსაუბრე არ მალავს, რომ ერთადერთი საკითხი, რაშიც ირაკლი ალასანია ხელისუფლებას თითქმის სავსებით ეთანხმება, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და, მათ შორის, ავღანეთში ქართული სამხედრო მისიის ყოფნაა:

„უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას ნატოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წარმოებულ კონტრტერორისტულ ოპერაციებში. ჩვენ წლების განმავლობაში ვიყავით მიმღები უსაფრთხოების, ახლა კი უდა გავხდეთ გამღები. და ეს არის ის წვლილი, რაც ჩვენ უნდა შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოებაში.“

ერთი რამ, რაშიც კოალიცია „ქართულო ოცნების“ ლიდერი ბოლომდე არ არის დარწმუნებული, ავღანეთში ქართული ქვედანაყოფის გაორმაგებაა - თანაც იმ დროს, როდესაც ნატოს სხვა წევრი ქვეყნები ან მნიშვნელოვნად ამცირებენ სამხედრო ძალებს, ანდა უკვე გამოცხადებული აქვთ მსოფლიოს ყველაზე „ცხელი წერტილიდან“ თავიანთი სამხედროების საბოლოო გაყვანის თარიღი:

„რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ კი არა და, ვფიქრობ, რომ ასეთ ნაბიჯებს სააკაშვილი „პიარულად“ იყენებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად საზღვარგარეთ და განსაკუთრებით ნატოს ალიანსის წევრებთან. ეს აშკარაა. მაგრამ ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკა არ უნდა წარვმართოთ სააკაშვილის ან ანტისააკაშვილის განწყობების მიხედვით. მე ვთვლი, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომ ჩვენ ავღანეთში უნდა ვიყოთ, მაგრამ როგორც კი მისია ამოიწურება, უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი ბიჭები სახლში.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG