Accessibility links

სახიფათო „ორხელისუფლებიანობა“ გაერთიანებულ შტაბში


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების 22 წლიან ისტორიაში არ ყოფილა იმაზე უფრო გაუგებარი სიტუაცია, რაც 2 ნოემბრის შემდეგ შეიქმნა. პარასკევ დილით თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე, რომელიც სამი კვირის წინ ნაჩქარევად დაინიშნა. შეიარაღებული ძალების 31 წლის გენერალი გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე უმაღლესმა მთავარსარდალმა 8 ოქტომბერს დანიშნა. თანაც, უცნაურია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გამოუქვეყნებია შესაბამისი განკარგულება კალანდაძის წინამორბედი შტაბის უფროსის, გენერალ დევი ჭანკოტაძის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

„ზრდილობის წესების“ იგნორირება

არ არის ცნობილი, რა მიზეზით მოხსნეს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ყველა სტაჟიანი შტაბის უფროსი, რომელიც შეიარაღებული ძალების შტაბს სათავეში 2009 წლიდან სამი წლის განმავლობაში ედგა და, როგორც იტყვიან, ზრდილობის ელემენტარული წესებიდან გამომდინარე, სიტყვიერ მადლობას მაინც იმსახურებდა მის მიერ გაწეული ღვაწლის გამო.

მაგრამ ზრდილობის წესების იგნორირებაზე უფრო სახიფათო არმიაში ორხელისუფლებიანობის დაკანონების მცდელობაა.

როგორც მალე გაირკვა, საქართველოს პრეზიდენტმა არ მიიღო გენერალ კალანდაძის გადადგომა და უმოტივაციო ოფიცერი მაინც დატოვა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე. მაგრამ საქმე ისაა, რომ ბოლომდე ვერც ახალ თავდაცვის მინისტრს გაუტეხა ხათრი და ირაკლი ალასანიას მიერ წარდგენილი კანდიდატი, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ დანიშნა.

ვინც ოდნავ მაინც იცის სამხედრო უწყების ბუნება, დამეთანხმება, რომ ეს ერთობ წინდაუხედავი გადაწყვეტილებაა. გენერალი კალანდაძე თანამდებობრივად რჩება შტაბის უფროსად და გენერალ კაპანაძის უშუალო მეთაურად, თუმცა რეალურად შტაბის წარმმართველი ძალა ხდება გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ირაკლი ალასანიას „ნდობის ჯგუფთან“ ერთად 5 ოქტომბრიდან აწარმოებდა ე.წ. სამინისტროს გადაბარების პროცესს და, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, არ გასჭირვებია დაენახა საქართველოს დღევანდელი არმიის ავ-კარგი - ამასთან, სამხედრო ძალების ოფიცერთა უმრავლესობა, ვისაც იგი ახსოვს, ერთხელ უკვე გენერალური შტაბის უფროსის რანგში, როგორც გამოცდილი და ღირსეული მეთაური, მის მიმართ სიმპათიით განეწყო.

საკმარისია, რაც ჯარმა გადაიტანა

2004-2005 წლებში ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე სათავეში ედგა შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს და სწორედ მან შეიმუშავა გაერთიანებული შტაბის სტრუქტურის დასავლური მოდელი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და შტაბის ფუნქციების მკვეთრ გამიჯვნას გულისხმობდა. მაგრამ ასეთი მოდელი მიუღებელი აღმოჩნდა მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილისათვის, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი იმხანად „ყველა დროის საუკეთესო თავდაცვის მინისტრს“ უწოდებდა. გავლენისა და პოპულარობის ზენიტში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს 2005 წლის ოქტომბერში არ გასჭირვებია მოეპოვებინა პრეზიდენტის მხარდაჭერა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ვახტანგ კაპანაძე და მასთან ერთად ყველა საჯარისო სახეობის სარდალი ოქრუაშვილმა ერთი ხელის მოსმით გადააყენა თანამდებობიდან და დაითხოვა არმიიდან.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამის შემდეგ ცოტა ხანი უშიშროების საბჭოს აპარატში პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა, მაგრამ უკრაინის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული, გამოცდილი გენერალი რუსეთ-საქართველოს ომის წინ ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საერთოდ ჩამოაშორა სამხედრო საქმეს და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტში გადაიყვანა ხელმძღვანელის თანაშემწის თანამდებობაზე. თუმცა, ბევრი მისი ყოფილი კოლეგისგან განსხვავებით, ვახტანგ კაპანაძეს არ დაუკარგავს არც ძველი თანამებრძოლები და არც საყვარელ საქმეზე უთქვამს უარი. იგი ენთუზიაზმით კითხულობდა ლექციებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში, უანგაროდ უწევდა კონსულტაციებს სამხედრო სტრატეგიით დაინტერსებულ ქართველ ანალიტიკოსებს და თავადაც აქვეყნებდა საინტერესო სტატიებს სამხედრო ჟურნალ „არსენალში“.

გენერალ ვახტანგ კაპანაძის განვლილი გზა მოწმობს, რომ მას, როგორც ნამდვილ სამხედროს, არ უნდა გაუჭირდეს მასზე ასაკით უმცროსი და შედარებით გამოუცდელი მეთაურების ბრძანების შესრულება, მაგრამ შექმნილ ვითარებაში პრობლემა ისაა, შეძლებს თუ არა გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის უფროსობას მისი პირადი მეთაური გენერალი კალანდაძე, რომელსაც საკუთარი გადადგომის პატაკი უკვე დაწერილი აქვს და მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. ცხადია, სააკაშვილს შეუძლია გაწელოს დრო და კიდევ რამდენიმე კვირით შეეცადოს კალანდაძის გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე შენარჩუნებას, ანდა კიდევ უფრო მეტად გაჯიუტდეს და დაბლოკოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივა, რაც სამხედრო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნილი ოფიცრების აღრიცხვას და მათ რეინტეგრაციას გულისხმობს. მაგრამ მთავარსარდლის მხრიდან ასეთი მოქმედება დათვური სამსახური იქნებოდა არა მხოლოდ კონკრეტული ოფიცრების, არამედ მთელი არმიის მიმართ, რომელსაც ორხელისუფლებიანობა და სამხედრო მეთაურების ფარული დაპირისპირება ზარალის მეტს არაფერს მოუტანს. ისიც საკმარისია, რაც ქართულმა ჯარმა გადაიტანა ბოლო წლების დაუსრულებელი საორგანიზაციო ექსპერიმენტების, სამეთაურო შემადგენლობის დიდი დენადობისა და პოლიტიკოსების მიერ დაგეგმილი წარუმატებელი საბრძოლო ოპერაციების გამო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG