Accessibility links

logo-print
თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ახალი წლიდან ქართული ჯარი პირველი კატეგორიის ხორცით უნდა მომარაგდეს. შესაბამისი ტენდერის გამოცხადების თაობაზე თავდაცვის სამინისტროს შპს “ქართული კვების კომპანიის“ უფროსის ნინო გორგაძის წინასაახალწლო განცხადება, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ქართველ ჯარისკაცებს გაუხარდებოდათ.

„იგეგმება ხარისხის გაუმჯობესება სხვადასხვა პროდუქციისათვის. მაგალითად, ჯარის მენიუში მეორე კატეგორიის საქონლის ხორცს შეცვლის პირველი კატეგორიის ხორცი, რომლის გემოვნური და ხარისხობრივი მაჩვენებლები გაცილებით მაღალია,“ - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ იბადება შეკითხვა, თუ რატომ მიირთმევდნენ აქამდე საქართველოს დამცველები „გემოვნურად და ხარისხობრივად გაცილებით დაბალ“ ხორცს, როდესაც სამხედრო ბიუჯეტი 2012 წელს თითქმის 70 მილიონ ლარს აღწევდა და, აქედან გამომდინარე, არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა ჯარისკაცების კვების ულუფაზე ეკონომიის გაკეთება?
ან იქნებ, მიხაილ ბულგაკოვის მებუფეტისა არ იყოს, ხორცის კატეგორიებს შორის არ არის პრინციპული სხვაობა?

ცნობილი ნაწარმოებიდან, ალბათ, გახსოვთ, როგორ გამოვიდა მიხაილ ბულგაკოვის ვოლანდი მწყობრიდან, როდესაც „ვარიეტეს“ ბუფეტის ხელმძღვანელმა მასთან მეორე სინორჩის ზუთხის „გემოვნური თვისების“ დაცვა სცადა.
ექსპერტების აზრით, ამაში კანონდარღვევა არ არსებობს, თუმცა, სამინისტროს ხელმძღვანელობის და პრიორიტეტების ცვლილებიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ გაუმჯობესდეს პირობები ...

თუმცა, როგორც „ოსტატი და მარგარიტას“ მებუფეტე, ისევე საქართველოს სამხედრო უწყების მიერ დაქირავებული მზარეულები იძულებული იყვნენ ცენტრალიზებულად მოწოდებულ საკვებ პროდუქტს დასჯერებოდნენ. მეორე კატეგორიის ხორცით ქართველი ჯარისკაცების მომარაგება დამტკიცებული ყოფილა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის მხრიდან და, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრო გოცირიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ტენდერში გამარჯვებული კერძო ფირმები პატიოსნად ასრულებდნენ თავდაცვის სამინისტროს დაკვეთას - აწვდიდნენ და აწვდიდნენ ჯარს ხორცს, რომელსაც დაბალი გემოვნური თვისება და დიდი ნარჩენები ახასიათებდა.

„ექსპერტების აზრით, ამაში კანონდარღვევა არ არსებობს, თუმცა, სამინისტროს ხელმძღვანელობის და პრიორიტეტების ცვლილებიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ გაუმჯობესდეს პირობები და, პირველ რიგში, კვების პირობები და ამიტომ ტენდერი გამოცხადდა პირველი კატეგორიის ხორცზე. აქვე დავაკმაყოფილებთ თქვენ ინტერესს და აქვე ვიტყვი, რომ პირველი კატეგორიის ხორცს, გარდა ხარისხობრივი გაუმჯობესებისა, ის სიკეთეც ახლავს, რომ უფრო ნაკლები არის აქ ნარჩენები და უფრო მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა, როგორც ამ სფეროს სპეციალისტები გვეუბნებიან. ზუსტად ამიტომ გამოცხადდა ტენდერი გაუმჯობესებული ხარისხის ხორცზე“.
თუმცა, კიდევ ვიმეორებ, გარდა ხარისხისა, აქ არის რაოდენობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებაც, ვინაიდან ამ ხორცში უფრო მეტია რბილი ნაწილი ...

ტენდერი პირველი კატეგორიის ხორცით საქართველოს ჯარის მომარაგებაზე 5 იანვარს დასრულდა, უპირატესად სამამულო პროდუქციაზე მომუშავე კომპანიებს შორის გამარჯვებული კი 16 იანვრამდე უნდა გამოავლინოს სპეციალურმა კომისიამ, რომელშიც „ქართული კვების კომპანია“ და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები შედიან.

სამხედრო უწყება პირობას დებს, რომ გამარჯვებული კომპანიების გამოვლენა გამჭვირვალედ და „წინასწარ გაწერილი წესების შესაბამისად მოხდება“. ანუ, ფასის გარდა, მთავარი ინდიკატორი მოწოდებული პროდუქციის ხარისხი უნდა იყოს, აცხადებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი:

„თუმცა, კიდევ ვიმეორებ, გარდა ხარისხისა, აქ არის რაოდენობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებაც, ვინაიდან ამ ხორცში უფრო მეტია რბილი ნაწილი და, ასე ვთქვათ, ნარჩენები უფრო ნაკლებია“.

მოკლედ, უვარგისი ტყვია-წამლისა თუ მოძველებული სამხედრო ტექნიკის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ წინამორბედის კიდევ ერთ, ამჯერად გასტრონომიულ ნაკლს მიაგნო და მის გამოსწორებას მიჰყო ხელი. საკითხავი ისაა, თუ რამდენი ხარვეზია გამოსასწორებელი სამომავლოდ და როდემდე ისაუბრებს სამხედრო უწყების ახალი ხელმძღვანელობა მხოლოდ წინამორბედების შეცდომაზე მაშინ, როდესაც უკვე დადგა დრო საკუთარი საქმიანობის ანგარიშიც ჩააბაროს საზოგადოებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG