Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი კომისია გაუქმდა, ახალი შეიქმნა, მრავალი სამხედროს საშველი კი არ ჩანს


თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის დროს სამხედრო სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ ჯარისკაცებს სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა, ახლა დაპირების შეუსრულებლობის გამო არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა.

წინა ხელისუფლების დროს სამხედრო პირის ჯარიდან უკანონოდ დათხოვნა ძალიან იოლი ყოფილა, მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენასა და ყველას დასაქმებას კი 4 თვეც არ ეყო. ოქტომბრის შემდეგ სამხედრო უწყებიდან დათხოვნილ პირთა საქმეების შემსწავლელმა სპეციალურმა კომისიამ 4000-ზე მეტი განცხადება განიხილა. აქედან კომისიამ დასტური მისცა 1000 -ზე მეტი პირის აღდგენას შეიარაღებულ ძალებში, თუმცა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, წინა წლებში ჯარიდან უკანონოდ დათხოვნილი კადრების განცხადებების განხილვა კვლავაც გრძელდებაო:

„დაახლოებით 4300-მდე განცხადება შემოვიდა, ზოგიერთი განცხადება განმეორებითი იყო. კომისიამ განიხილა ეს განცხადებები და, დღევანდელი მდგომარეობით, 1200-მდე სამხედრო პირი არის აღდგენილი და კიდევ დაახლოებით 400-მდე სამხედრო პირთან მიმართებით ხდება გარკვეული დოკუმენტაციების გადამოწმება და, სავარაუდოდ, ისინიც დაბრუნდებიან შეიარაღებულ ძალებში“.
დაგვტანჯეს ადამიანები. მე ჯერ არ აღმადგინეს და ჩემისთანა ძალიან ბევრია. ვის აღარ მივმართეთ, დეპუტატებიდან დაწყებული. მივედი ბრძოლით იქამდე, რომ გამატარეს კომისიები...

„დოკუმენტაციების გადამოწმება“ სათქმელად არის იოლი, სინამდვილეში კი მას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში მყოფი სამხედროების დიდი ნაწილი განსაკუთრებით უჩივის სამხედრო კონტრდაზვერვას, რომელიც ბოლო ინსტანციაა და, შესაბამისად, ყველაზე დიდხანს სწავლობს თითოეული სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეს. სამხედრო კონტრდაზვერვას, ალბათ, აქვს სავალდებულო პროცედურები, თუმცა ზოგიერთი ოფიცრისათვის, რომელიც ოთხი თვეა ელოდება სამხედრო სამსახურში აღდგენას, თითოეული დღე ძვირფასია.

„საერთო სიტუაცია არის ძალიან ცუდი. დაგვტანჯეს ადამიანები. მე ჯერ არ აღმადგინეს და ჩემისთანა ძალიან ბევრია. ვის აღარ მივმართეთ, დეპუტატებიდან დაწყებული. მივედი ბრძოლით იქამდე, რომ გამატარეს კომისიები. ახლა დარჩა კონტრდაზვერვის კომისია-შემოწმება, რომელსაც უკვე ერთი თვეა ველოდები მე და არავითარი რეაქცია არ არის. ხალხი მიგვიყვანეს უკიდურეს მდგომარეობამდე“, - ეს არის რადიო თავისუფლებისათვის გამოგზავნილი ერთ-ერთი ქართველი ოფიცრის წერილი, რომელმაც გვთხოვა საიდუმლოდ შეგვენახა მისი ვინაობა, რადგან ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ კონტრდაზვერვა მის საქმეზე, ბოლოს და ბოლოს, დადებით დასკვნას დაწერს.

თუმცა თავდაცვის სამინისტროდან უკანონოდ დათხოვნილი კადრების განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიმართ პრეტენზიები აქვთ არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში მყოფ ადამიანებს, არამედ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც. უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესში სამხედრო უწყებამ სათანადოდ ვერ აწარმოვა საზოგადოების ინფორმირებულობა, ხოლო თავად კომისიის მუშაობა ზედმეტად გასაიდუმლოებული და მოუქნელი იყო.

„ვფიქრობ, რომ უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო ამ კომისიის მუშაობა. და ასევე, როცა საუბარია პოლიტიკური ნიშნით [სამხედრო მოსამსახურის] დათხოვნაზე, თუნდაც სახელისა და გვარის მითითების გარეშე, მთავარი პრეცედენტები მაინც უნდა დასახელებულიყო, თუ რა ფორმით ხდებოდა, რას ვეძახით არამართლზომიერად, უკანონოდ დათხოვნას. აი, მაგალითად, 1100 ადამიანი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ჩათვალა, რომ ისინი უკანონოდ იყვნენ დათხოვნილი და აღადგინა - რა ტიპის დათხოვნა იყო, რა მოტივები არსებობდა? ვფიქრობ, ეს ის თემებია, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ცოტა უფრო მეტი მუშაობაა საჭირო“, - აცხადებს თეონა აქუბარდია, რომელმაც საკუთარი მოსაზრებები თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას პარასკევს არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც გაუზიარა.
იყო ვაკანსიები შეიარაღებულ ძალებში და რაღაც რაოდენობა - დაახლოებით 200 სამხედრო პირი -განთავისუფლდა, სხვადასხვა მიზეზით: ზოგს კონტრაქტის ვადა გაუვიდა, ზოგს კონტრაქტის დარღვევა ჰქონდა, ზოგსაც ჯანმრთელობის პრობლემები და დაახლოებით 200-მდე ადგილი ამ გზით განთავისუფლდა...
თამარ ქაროსანიძე

თუმცა მაშინ როცა საზოგადოების ერთი ნაწილი დათხოვნილი სამხედროების სამსახურში აღდგენის ტემპითაა უკმაყოფილო, მეორე ნაწილი თავდაცვის სამინისტროს იმის გამო აკრიტიკებს, რომ სამხედრო უწყების ახალმა ხელმძღვანელობამ ყველა სხვა უწყებაზე მეტი ლოიალური ადამიანი დაასაქმა და პოლიტიკური ნიშნითაც ყველაზე მეტი დაითხოვა.

2012 წლის პირველი ნოემბრიდან 2013 წლის პირველ მარტამდე საჯარო სამსახურებიდან 4 089 ადამიანი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, პარლამენტარმა ირმა ნადირაშვილმა 29 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ თავდაცვის უწყებიდან დათხოვნილია ყველაზე მეტი - 1167 ადამიანი.

მართლაც, საინტერესოა, როგორ მოახერხა თავდაცვის სამინისტრომ სამსახურში აღედგინა 1200 სამხედრო პირი - ახალი შტატები დაამატა თუ ძველი კადრების წმენდა ჩატარდა? ამ შეკითხვით ჩვენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ ქაროსანიძეს მივმართეთ.

„დამატებით არ დამატებია შტატები. იყო ვაკანსიები შეიარაღებულ ძალებში და რაღაც რაოდენობა - დაახლოებით 200 სამხედრო პირი -განთავისუფლდა, სხვადასხვა მიზეზით: ზოგს კონტრაქტის ვადა გაუვიდა, ზოგს კონტრაქტის დარღვევა ჰქონდა, ზოგსაც ჯანმრთელობის პრობლემები და დაახლოებით 200-მდე ადგილი ამ გზით განთავისუფლდა. მაგრამ, გარდა ამისა, იყო ვაკანსიები და მათი დაკომპლექტება მოხდა შემოსული განცხადებების საფუძველზე. შტატები არ დაგვიმატებია“, - ამბობს თამარ ქაროსანიძე.

მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, სამხედრო უწყებაში აღდგენის მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემდგომშიც მოუწევს ვაკანსიების გამოძებნა. ეს კი ორი გზით არის შესაძლებელი - კონტრაქტის პირობების დარღევის გამო ძველების სამსახურიდან დათხოვნით ანდა ახალი შტატების დამატებით. ამ მიზნით თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ საკვალიფიკაციო კომისიების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. 22 თებერვლამდე არსებული უკანონოდ დათხოვნილი კადრების განცხადებების შემსწავლელი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ნაცვლად, ახალი კომისიები პირთა კვალიფიკაციას და სამინისტროში არსებულ ვაკანსიებს ადგენენ, რის მიხედვითაც მოხდება სამხედრო პირების დასაქმება, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG