Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გვასწავლის შიდა კონფლიქტების გამოცდილება


გორი 2008 წლის ომის დროს
გორი 2008 წლის ომის დროს
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ მომხდარ ყველა კონფლიქტს მათი მძიმე შედეგების თვალსაზრისით თუ შევაფასებთ, მაშინ ჯობია ომამდე საერთოდ არ მივიყვანოთ საქმე. ანუ დაძაბული ეთნიკური თუ სეპარატისტული დაპირისპირება არ გადაიზარდოს კონფლიქტში, კონფლიქტის ლოკალიზება კი მოხერხდეს მანამდე, სანამ ესკალაცია ფართომასშტაბიან საომარ დაპირისპირებაში გადაიზრდება. სხვათა შორის, საქართველოს ისტორიაში თბილისმა ერთხელ, 2004 წლის ივლისში, შეძლო ცხინვალთან საომარი კონფლიქტის შეჩერება მანამდე, სანამ საქმეში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები ჩაერთვებოდნენ.

მაგრამ იდეალური ვითარება ბუნებაში არ არსებობს. თანაც, აქ ორი მომენტია გასათვალისწინებელი. პირველია ის, რომ პოლიტიკური კონფლიქტი და საომარი დაპირისპირება თავიდან პოლიტიკოსებმა უნდა აიცილონ, ხოლო არმია, რომელიც პოლიტიკოსების ბრძანებას ასრულებს, მზად უნდა იყოს ომისათვის, რომელიც სხვა საშუალებებით პოლიტიკის გაგრძელების ნაცად ფორმას წარმოადგენს.

მზადების აუცილებელი კომპონენტი კი სამხედროებისათვის დაგროვილი გამოცდილების შესწავლა და გაანალიზებაა, რაც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავზე საქართველოს არმიის გაერთიანებულმა შტაბმა წამოიწყო, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით. დისკუსია ღიაა და სამხედრო უწყება მზად არის მოისმინოს სხვადასხვა მოსაზრება. ამ დისკუსიაში ჩაბმის სურვილი აქვს თეონა აქუბარდიას, „თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ გამგეობის წევრს. იგი სამხედრო ხელმძღვანელობას პირველ რიგში ურჩევს შექმნას ლოგისტიკური უზრუნველყოფის გამართული სისტემა, რომლის დროსაც არმიას არ დასჭირდება თბილისის მერის დახმარება, როგორც ეს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს მოხდა:

„ყველამ იცის ეს, რომ უგულავა იყო ლოგისტიკაზე პასუხისმგებელი, რომ იყო იქ მართვაში შეცდომები და ასე შემდეგ. მაგრამ ერთია, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ და მეორეა, როდესაც სამხედროები ამ შეცდომებს სამხედრო კუთხით უკეთებენ ანალიზს. და როდესაც ლაპარაკია გეგმებზე, რომელსაც ნებისმიერი თავდაცვის უწყება ყოველთვის ამუშავებს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ამ გეგმებში გარკვეულ სტრატეგიას სახავს, აუცილებელია გაზიარებული იყოს ის შეცდომები, რაც ჩვენ გვქონდა აგვისტოს ომის დროს“.

რეზერვის სისტემა არის ერთ-ერთი ნაწილი ქვეყნის სამობილიზაციო სისტემის. ქვეყნის სამობილიზაციო სისტემა კი არ იყო მზად მსგავსი მოქმედებისათვის. ამის გამომწვევ მიზეზებსა და ხასიათზე საუბარს თავს ავარიდებ და, უბრალოდ, გეტყვით, რომ, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალ კონცეფციაზე...
ვახტანგ კაპანაძე
აგვისტოს ომის ერთ-ერთი გამოცდილება სამხედრო რეზერვია, თუმცა ეს მწარე გამოცდილებაა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ სამხედრო-სარეზერვო სისტემის ოპტიმიზაციის მიმართულებით გატარებული ექსპერიმენტები დასრულდა იმით, რომ რეგულარული სამხედრო ნაწილების დასახმარებლად 2008 წლის 9 აგვისტოს მობილიზებულმა მრავალათასიანმა რეზერვმა ვერ შეძლო სამხედრო ამოცანის შესრულება: დაიქსაქსა, არაორგანიზებულად დაიხია უკან და ბრძოლის ველზე მიატოვა დიდძალი სამხედრო აღჭურვილობა. ამიტომ თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ცდილობს გააანალიზოს ეს გამოცდილება, გაითვალისწინოს შეცდომები და შექმნას ორგანიზებული სამხედრო რეზერვის სისტემა, - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ ტელეკომპანია „მე-9“ არხთან ინტერვიუში.

„რეზერვის სისტემა არის ერთ-ერთი ნაწილი ქვეყნის სამობილიზაციო სისტემის. ქვეყნის სამობილიზაციო სისტემა კი არ იყო მზად მსგავსი მოქმედებისათვის. ამის გამომწვევ მიზეზებსა და ხასიათზე საუბარს თავს ავარიდებ და, უბრალოდ, გეტყვით, რომ, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალ კონცეფციაზე, რომელიც უახლოეს დღეებში არასამთავრობო ექსპერტების სამსჯავროზე გავა. და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 2017 წლიდან ჩვენ გვეყოლება სავსებით პროფესიული ჯარი, თუმცა გაზრდილი რეზერვის ფუნქციით, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჯარი და საზოგადოება იყოს ერთად, რათა პროფესიული ჯარი არ იყოს მხოლო რაღაც გარკვეული ელიტა, არამედ იყოს საზოგადოების ნაწილი“.

მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, იდეალური ვითარება ბუნებაში არ არსებობს. ომში შეიძლება დამარცხდე მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ მისი არმია მზად არის ომისათვის და მტერს „კუდით ქვას ასროლინებს“. ამიტომ იბადება კითხვა, რა მოხდება მაშინ, თუკი საქართველოს რომელიმე კონფლიქტურ რაიონში საბრძოლო მოქმედებები 2017 წლამდე, ანუ მანამდე დაიწყება რომელიმე კონფლიქტურ ზონაში, ვიდრე საქართველოს „სავსებით პროფესიული არმია“ და გამართული სამხედრო რეზერვი ეყოლება? ამის ალბათობას ბოლომდე, ცხადია, არც სამხედრო ხელმძღვანელობა გამორიცხავს, ამბობს გენერალი კაპანაძე და დასძენს, არმია მზად არის ნებისმიერი სცენარისთვისო:

აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ გვქონდა მოლოდინი, რუსეთს დავამარცხებდით. თუმცა იყო მოლოდინი, რომ შეჩერება მოწინააღმდეგის - ამ შემთხევაში, რუსეთის - უნდა მომხდარიყო უფრო დიდი ვადით და არა ხუთი დღით...
თეონა აქუბარდია
„სამხედრო ფორმას ვინც ატარებს და ვინც სამოქალაქო ოფისებში მუშაობს, ისინი აცნობიერებენ ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს. ამ ამოცანების ინტენსივობა არ შემცირებულა და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მზად ვართ ყველა იმ სცენარის გათამაშებისათვის, რომელიც შეიძლება მოხდეს“.

უბრალო მოქალაქეებმა, ცხადია, არ შეიძლება იცოდნენ, თუ რა სცენარზეა საუბარი. ოპერატიული სიტუაციის შეფასებისას ეს შეიძლება იყოს თავდაცვაზე ორიენტირებული სცენარი ანდა შეტევითი ოპერაციის სცენარი. არმიის ხელმძღვანელობას ოპერატიული დაგეგმარების არსენალში ერთიც უნდა ჰქონდეს და მეორეც. თუმცა თეონა აქუბარდია, „თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ წევრი, ამ გათვლის დროსაც სამხედრო ხელმძღვანელობას სწორედ 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის გამოცდილების გათვალისწინებას სთავაზობს:

„როდესაც იყო ამხელა ბიუჯეტი, როდესაც იყო ახალი ტექნიკა შეძენილი და როდესაც ჩვენ გვქონდა რეალურად სულ ხუთდღიანი სამხედრო ოპერაცია. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ გვქონდა მოლოდინი, რუსეთს დავამარცხებდით. თუმცა იყო მოლოდინი, რომ შეჩერება მოწინააღმდეგის - ამ შემთხევაში, რუსეთის - უნდა მომხდარიყო უფრო დიდი ვადით და არა ხუთი დღით. დღესაც სამხედრო დოკუმენტებში სამხედრო კუთხით ორკვირიანი ვადაა გათვლილი, რომლის დროსაც უნდა მოხდეს მტრის შეჩერება“.

მძიმეა ამის წაკითხვა. მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ შენი ქვეყნის არმიის მთავარი დანიშნულება მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში შეკავებაა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რა სამხედრო ძალის მქონე „წარმოსახულ მტერზეა“ საუბარი და რა სიახლოვეს იმყოფება მისი არმია საქართველოს დედაქალაქიდან, არათუ ორი კვირა, არამედ შეიძლება ხუთი დღეც კი არ მოგეჩვენოს მცირე დროდ ამ „წარმოსახული“ მოწინააღმდეგის შესაკავებლად, რაც 2008 წლის 7 აგვისტოდან 11 აგვისტომდე პირნათლად და დიდი დანაკარგის ფასად შეასრულეს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG