Accessibility links

logo-print
აშშ-სა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაუსრულებელი კამათის საგანია ინტერნეტისა და სოციალური მედიის ზემოქმედება სამოქალაქო უფლებებზე. ერთი მხრივ, თუკი ტექნოლოგიის განვითარება მოქალაქეების უფლებებს აძლიერებს, მეორე მხრივ, ძლიერდება სახელმწიფოს ხელთ არსებული საინფორმაციო-სადაზვერვო შესაძლებლობები. ასეთი ვითარება ბადებს კითხვას, თუ რით დასრულდება, საბოლოოდ, და რა გავლენას მოახდენს კიბერტექნოლოგიის განვითარება, აშშ-ის შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის კონსტიტუციის პირველი და მეოთხე შესწორებებით მინიჭებულ უფლებებზე. ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ ჩამოართვა ცნობილ ამერიკელ სამართალმცოდნეს, აშშ-ის ფედერალურ მოსამართლეს მარკ ვულფს.

„აშშ-ში ჩემთვის მოსამართლის გმირობის მაგალითია ლუის ბრენდისი (აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 1916-39 წლებში), რომელიც ამბობდა, მუდამ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ბოლომდე შეგვეძლოს მიღებული მემკვიდრეობით სარგებლობაო. თქვენ ახსენეთ აშშ-ის კონსტიტუციის პირველი და მეოთხე შესწორებები. „დამფუძნებელი მამების“ მიერ შეტანილი პირველი შესწორებით ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო ამოცანა, უზრუნველვყოთ სიტყვის თავისუფლება, ხოლო მეოთხე შესწორებით, ასევე მემკვიდრეობად გვერგო უფლება, რომელსაც ბრენდისი უწოდებდა ყველაზე ფუნდამენტურს - განმარტოების უფლება. მაგრამ ახლა ახალი ტექნოლოგია, ერთი მხრივ, ხელს უწყობს სიტყვის თავისუფლების განმტკიცებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ძლიერ ემუქრება ჩვენს განმარტოების უფლებას. მოსამართლეები და ის ხალხი, ვინც პოლიტიკური პროცესების შუაგულშია, ახალ ტექნოლოგიურ ერაში მოვალენი არიან, ბალანსის მიღწევაზე იზრუნონ“.

ფლოსტებიანი თინეიჯერი ცენზორები

ბოლო ხანებში ძალიან ბევრი საუბარია აშშ-ის მთავრობის მხრიდან მოქალაქეთა სატელეფონო საუბრებისა და საინტერნეტო საქმიანობის კონტროლზე. მაგრამ, საშუალო არითმეტიკულით, ყველაზე ხშირად თვალთვალს აწარმოებენ კერძო კომპანიები და არა სამთავრობო სტრუქტურები. როგორ შეიძლება ასეთ ვითარებაში ადამიანის სიტყვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვა? - შეეკითხა ჩვენი რადიო მარკ ვულფს, აშშ-ის ფედერალურ მოსამართლეს.

„თქვენ ძალიან საინტერესო და პრობლემური საკითხი წამოჭერით. პირველი და მეოთხე შესწორებებით განსაზღვრულია, რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ. მაგრამ ფასეულობებს, რომლებსაც ეს შესწორებები იცავს, ახლა საფრთხე ემუქრება როგორც კერძო კომპანიების, ისე მთავრობის მხრიდან. აშშ-ის კანონმდებლობით, შესაძლებელია დაწესდეს მარეგულირებელი მექანიზმი, მაგრამ ზოგიერთი პრობლემის მოგვარება შეუძლებელია საერთაშორისო მექანიზმის გარეშე. მაგალითად, რამდენადაც ვიცი, Google თავად წყვეტს, რა შეიძლება გავრცელდეს Google-ით. სხვათა შორის, ჟურნალისტი ჯეფრი როზენი, ჟურნალ „ნიუ რიპაბლიკიდან“, იმით დაინტერესდა, თუ ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, რა ექვემდებარება ცენზურას და რა - არა. და მან გაარკვია, რომ გადაწყვეტილებას, თუ რა შეიძლება გავიდეს Google-ით და რა არა, იღებენ 21 წლის, მოკლემკლავიან მაისურებსა და ფლოსტებში გამოწყობილი ახალგაზრდები, მათ ზედამხედველობას კი ახორციელებენ 27 წლის ახალგაზრდები, რომლებსაც მხოლოდ საშუალო სკოლის განათლება აქვთ. შეგვიძლია, ვენდოთ მხოლოდ ამ კომპანიებს? აი, ეს არის პრობლემა, რომელზეც პასუხი არ მაქვს. Google-სა და Yahoo-ს სურთ ბიზნესის კეთება ჩინეთსა და რუსეთში. ისინი შეიძლება დაყაბულდნენ გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის, ჩინეთში მცხოვრები ამერიკელი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვას. ეს უსიამოვნო დილემაა, რომელიც ჩვენგან მოითხოვს ქვეყნის შიგნით და გარეთ შევებრძოლოთ ამ პრობლემას და შევქმნათ გარკვეული სტრუქტურა, რომელიც გარკვეულ ბალანსს მიგვაღწევინებს“.

ცვლილებები ეროვნულ უსაფრთხოებაში, ზოგადად, და, კერძოდ, დაპირისპირება ეროვნულ უსაფრთხოებასა და სამოქალაქო თავისუფლებებს შორის, აშშ-ის ისტორიაში ციკლური ტენდენციით ხასიათდება. როდესაც მოქალაქეები გრძნობენ შიშს, როგორც ეს ცივი ომის საწყის სტადიაზე მოხდა, მათ უფრო იოლად შეუძლიათ მიიტანონ საკუთარი უსაფრთხოება ეროვნული ინტერესების სამსხვერპლოზე, სახელმწიფო კი აფართოებს საკუთარი გავლენის სფეროს. როდესაც ადამიანები ნაკლებ საფრთხეს გრძნობენ, როგორც 1960 და 1970-იან წლებში იყო, საზოგადოება უფრო მეტად ზრუნავს საკუთარი უფლებების დაცვაზე და სახელმწიფოს ზემოქმედების სფეროც იზღუდება. ასეთი ეტაპი კვლავ დადგა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. თუმცა, მარკ ვულფის აზრით, ამჟამად ისეთი წარმოდგენა იქმნება, რომ 11 სექტემბრის საავიაციო ტერაქტის შემდეგ შეიცვალა ეროვნული „დე-ენ-ემი“ და სამოქალაქო თავისუფლებების ამჟამინდელი შეზღუდვა უფრო პერმანენტულია.


ცვლილება ეროვნულ „დე-ენ-ემში“

„ეს ტენდენცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც ჩანს. პერლ ჰარბორის თავდასხმის შემდეგ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტს, პრაქტიკულად, ყველაფრის უფლება მიანიჭა, მათ შორის, სამხედრო საჭიროებიდან გამომდინარე, გაეცა ბრძანება იაპონელების დაკავებაზე. რაც უფრო მეტი დრო გავიდა პერლ ჰარბორიდან და ომში წარმატებებმა იმატა, უზენაესი სასამართლოც უფრო მეტად გახდა სამოქალაქო თავისუფლებების დამცველი. ვფიქრობ, იმავე ტენდენციას ვხედავთ სასამართლოებში 11 სექტემბერთან დაკავშირებით. რაც უფრო მეტი დრო გადის ტერაქტიდან, უზენაესი სასამართლოც უფრო მეტად იცავს სამოქალაქო უფლებებს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 11 სექტემბერი, მართლაც, უპრეცედენტო და ფუნდამენტური მოვლენა იყო აშშ-ისათვის. 200-ზე მეტი წლის განმავლობაში აშშ დაცული იყო ორი ოკეანით. პერლ ჰარბორის შემდეგ, ჰავაიზე რომ მდებარეობს, ამერიკის მიწაზე არასოდეს მომხდარა თავდასხმა, ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ თავდასხმის ობიექტი. ვფიქრობ, ეს იყო ის ზღვარი, რომლის შესანარჩუნებლად ბევრი ამერიკელი მზად არის დათმოს გარკვეული ნაწილი თავისუფლებისა, რაც ყოვლად მიუღებელი იყო 11 სექტემბრამდე. არ ვიცი, როდის შევძლებთ, ან შევძლებთ თუ არა ოდესმე, დავუბრუნდეთ 11 სექტემბრამდელ ვითარებას, როდესაც თავგამოდებით ვიცავდით სამოქალაქო უფლებებს“, აცხადებს მარკ ვულფი, რომელმაც აშშ-ის ფედერალური მოსამართლის პოსტზე მუშაობა დაიწყო უოტერგეიტის სკანდალის შემდეგ და კარგად იცნობს დენიელ ელსბერგის საქმეს.

ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსმა 1971 წელს „ნიუ იორკ ტაიმსსა“ და „ვაშინგტონ პოსტს“ გამოსაქვეყნებლად გადასცა ე.წ. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები ვიეტნამის ომზე. ჩვენმა კორესპონდენტმა მას სთხოვა ედვარდ სნოუდენისა და დენიელ ელსბერგის საქმეებს შორის პარალელი გაევლო.

„ნამდვილად მიმაჩნია, რომ ედვარდ სნოუდენისა და დენიელ ელსბერგის საქმეებს შორის უფრო მეტი მსგავსებაა, ვიდრე, მაგალითად, ერთი მხრივ, ელსბერგისა და, მეორე მხრივ, ჯულიან ასანჟისა და ბრედლი მენინგის [ახლა უკვე ჩელსი მენინგის] საქმეებს შორის, მათ მიერ ვიკილიკსში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებსა და ელსბერგის ხელთ არსებულ პენტაგონის დოკუმენტებს შორის, რომელიც ვიეტნამს ეხებოდა. ეს ის დროა, როდესაც ვიეტნამის ომი მთავრდება. ელსბერგმა დოკუმენტები გადასცა „ვაშინგტონ პოსტსა“ და, უწინარესად, „ნიუ იორკ ტაიმსს“, რომლებსაც ის კითხულობდა და იცოდა, რომ ეს გაზეთები ყველა სიტყვას კი არ გამოაქვეყნებდნენ, არამედ გააკეთებდნენ ყველაფერს იმის დასადგენად, თუ რა წარმოადგენდა საზოგადოების ინტერესს, რა შეიძლებოდა სცოდნოდა საზოგადოებას და რის გამოქვეყნებას შეეძლო რეალური ზიანი მიეყენებინა სახელმწიფოს უშიშროებისა თუ ინდივიდის უსაფრთხოებისათვის. უნდა ვთქვა, რომ სნოუდენმაც იგივე გააკეთა, განსხვავებით ასანჟისგან. მან საიდუმლო დოკუმენტები გადასცა „გარდიანს“ და იზრუნა მედიის ორგანიზებულ მოქმედებაზე, იმაზე, რომ შემდგარიყო სარედაქციო მსჯელობა ბალანსის დაცვის მიზნით. მას შეეძლო ისევე მოქცეულიყო, როგორც ასანჟი მოიქცა, ანუ ყველაფერი ინტერნეტში განეთავსებინა“, - განაცხადა მარკ ვულფმა, აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ და ცნობილმა სამართალმცოდნემ, ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG