Accessibility links

logo-print
ჩიკაგოს სამიტის შემდეგ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ყველა მიმართულებით გაააქტიურა მუშაობა და სულ ორ კვირაში ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მიაღწია შეთანხმებას ავღანეთიდან სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირების მარშრუტის თაობაზე. გარდა ამისა, ნატო სულ უფრო აფართოებს სამხედრო თანამშრომლობას ფინეთთან, რომლის დასავლეთის სამხედრო ბლოკთან დაახლოების პერსპექტივებმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მწყობრიდან გამოიყვანა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 5 ივნისს განაცხადა იმ შეთანხმების შესახებ, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს სამხედრო ტვირთები ავღანეთიდან ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით ე.წ. „ჩრდილოეთ მარშრუტს“ შეუერთოს და ევროპაში გადაზიდოს.

ნატოს აჩრდილი ლენინის ქალაქში

მანამდე კი ნატოს წარმომადგენლები მთელი კვირის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მთავრობებთან. რამდენჯერმე მოლაპარაკება ჩიხშიც შევიდა, უზბეკეთი ტვირთების ტრანსპორტირებაზე უარს ამბობდა ქვეყანაში ავღანური ნარკოტიკების მოხვედრის შიშით, ყირგიზეთს ტარიფი ეცოტავებოდა, ყაზახეთი კი თვალს აპარებდა თავისი სტრატეგიული მოკავშირე რუსეთისკენ, რომელიც, გვარიანი მოგების წყურვილით, ყველაზე ადრე ჩაერთო ე.წ. „ჩრდილოეთ სადისტრიბუციო ქსელში“ (Northern Distribution Network). საბოლოოდ, წინააღმდეგობები ურთიერთსასარგებლო შეთანხმებით დაიძლია და გაჭიანურებულ დავასაც წერტილი დაესვა:

„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას შევცალოთ ავღანეთიდან ტრანზიტის მარშრუტი ცენტრალური აზიის სამი მოკავშირე ქვეყნის - ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის - მიმართულებით. ეს შეთანხმება ჩვენ მოგვცემს მრავალ შესაძლებლობას და უზრუნველგვყოფს იმ მყარი და მოქნილი სატრანსპორტო ქსელით, რომელიც გვჭირდება.“

ტრანზიტი რუსეთიდან - ეს არის უსაფრთხო და შედარებით იაფი ტრანზიტი; ეს არის ის, რაც აკმაყოფილებს აშშ-სა და ნატოს. საუბარი შეეხება რამდენიმე მილიონ კონტეინერსe ...

უფრო ზუსტად, აღნიშნული მოლაპარაკება შესაძლებლობას მისცემს ნატოს გვერდი აუაროს პაკისტანს, რომელმაც შარშანდელი ნოემბრიდან ჩაუკეტა ალიანსს მომარაგების გზები კოალიციის საავიაციო შეტევის შედეგად 24 პაკისტანელი მესაზღვრის დაღუპვის გამო. შეთანხმებით, ნატოს სარდლობა ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით, სამხედრო ტვირთების ნაწილს სახმელეთო გზით, ნაწილს კი სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩაიტანს რუსეთში, კერძოდ, ქალაქ ულიანოვსკის -ვლადერ ლენინის მშობლიური ქალაქის - საავიაციო ბაზაზე. იქიდან კი სამხედრო კონტეინერებს სარკინიგზო შემადგენლობით ლიტვის საპორტო ქალაქ კლაიპედაში ჩაიტანენ.

თანახმად ლიტვის ახალი ამბების სააგენტოების ცნობისა, ავღანეთიდან ე.წ. „ჩრდილოეთ სადისტრიბუციო ქსლით“ წამოსულმა 76-მა კონტეინერმა, რომლებიც არასამხედრო ტვირთებით იყო დატვირთული, 7 ივნისს მშვიდობიანად და უდანაკარგოდ ჩააღწია კლაიპედაში. იქიდან კი ტვირთები უკვე გემებით გააგრძელებენ გზას აშშ-მდე. ლიტვას, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას, „ჩრდილოეთ მარშრუტში“ ჩართვა დიდხანს არ უფიქრია, თუმცა, - ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, - როცა საქმე ფინანსურ მოგებას შეეხება, სტრატეგიული მოწინააღმდეგისათვის გზის გახსნაზე უარი არც რუსეთს უთქვამს. როგორც რუსი სამხედრო ექსპერტი, ონლაინ გამოცემა „ეჟედნევნი ჟურნალის“ რედაქტორის მოადგილე ალექსანდრ გოლცი ამბობს, ამ გარიგებით რუსეთმა ნატოსგან, შესაძლოა, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარიც კი მიიღოს.

„ტრანზიტი რუსეთიდან - ეს არის უსაფრთხო და შედარებით იაფი ტრანზიტი; ეს არის ის, რაც აკმაყოფილებს აშშ-სა და ნატოს. საუბარი შეეხება რამდენიმე მილიონ კონტეინერს, თითოეული კონტეინერი კი, სხვადასხვა შეფასებით, 5000-დან 19 ათას დოლარამდე ღირს. ეს საკმაოდ გვარიანი თანხაა.“

თუმცა ეკონომიკური სარგებელი არ არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი რუსეთისთვის. ალექსანდრ გოლცის თქმით, კრემლს საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო ადარდებს, ვიდრე ნატოს ტვირთების ტრანსპორტირებით მიღებული შემოსავლის სურვილი. ეს არის საფრთხე, რომელიც დაემუქრება რუსეთს ავღანეთში ნატოს მისიის წარუმატებლობის შემთხვევაში:

„საჭირო იქნება მხოლოდ თვეები, შესაძლოა ცოტა მეტი, წელიწადი, რათა ის, რასაც ჩვენ რადიკალურ ისლამიზმს ვუწოდებთ, გადმოახტეს ამუდარიას და მოქმედებაში მოვიდეს ცენტრალური აზიის სუსტი, არასტაბილური რეჟიმების პირობებში. ეს კი ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში რუსეთი სერიოზულ სამხედრო საფრთხეს შეეჯახება.“

რასაც გენერალი მაკაროვი ბოლო კვირებში ნატოსა და განსაკუთრებით ფინეთის მისამართით აკეთებს, აიძულებს ფინელ პოლიტიკოსებს უფრო სერიოზულად იფიქრონ იმაზე, ხომ არ დადგა დრო ნატოში გავწევრიანდეთ ...

კრემლის გაბრაზება, რაც ფინეთს 2008 წლის აგვისტოს ომს ახსენებს

მაგრამ კრემლი მაინც ორ ცეცხლ შუა აღმოჩნდა. რუსეთს, ერთი მხრივ, ძალიან სურს, რომ მიიღოს შემოსავალი ნატოს ტვირთების გატარებით, მეორე მხრივ კი, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ალიანსის შემდგომი გაფართოების მცდელობას. ჩიკაგოს ნატოს სამიტზე რუსეთს აშკარად მიანიშნეს, რომ ეს იყო ალიანსის ბოლო არაგაფართოების სამიტი და რომ შემდგომი უმაღლესი დონის შეხვედრაზე აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ნატოში არა მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნების, არამედ სულაც ფინეთის გაწევრიანების საკითხი. ფინეთი რა შუაშიაო, შეიძლება ვინმემ იკითხოს. მართლაც ასეა, ნატოს ბოლო სამიტების დეკლარაციებში ფინეთი არსად არ არის მოხსნიებული, როგორც ალიანსში გაწვერიანების მსურველი ქვეყანა. ევროკავშირის წევრ ფინეთს, ცხადია, ნებისმიერ დროს შეუძლია გახდეს ნატოს წევრი, თუმცა აქამდე თავს იკავებდა ასეთი ნაბიჯისაგან, რათა არ გაეფუჭებინა ურთიერთობა რუსეთთან. თუმცა ამ მორატორიუმის დარღვევის მიზეზი კინაღამ თავად რუსეთი გახდა, უფრო ზუსტად, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვი, რომლის სიტყვებმაც ფინეთის პოლიტიკური ელიტა წონასწორობიდან გამოიყვანა.

ფინეთში სტუმრად მყოფმა გენერალმა მაკაროვმა 7 ივნისს, ჰელსინკის თავდაცვის უნივერსიტეტის მსმენელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ფინეთს მოუწოდა, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს სამხედრო სფეროში რუსეთთან და დაანებოს თავი ნატოსთან ურთიერთობას, რაც, მაკაროვის თქმით, საშიშროებას წარმოადგენს რუსეთის უსაფრთხოებისათვის. ასეთი მკვეთრი განცხადება, რასაც „გენერალი მაკაროვი ბოლო კვირებში ნატოსა და განსაკუთრებით ფინეთის მისამართით აკეთებს, აიძულებს ფინელ პოლიტიკოსებს უფრო სერიოზულად იფიქრონ იმაზე, ხომ არ დადგა დრო ნატოში გავწევრიანდეთო“, - განაცხადა 7 ივნისს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მარკო მიხელსონმა, რომლის სიტყვებიც „ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მოჰყავს.

თუმცა ფინელმა პოლიტიკოსებმა მალე დაიცხრეს სიბრაზე და დროებით, უკეთესი მომენტისათვის გადადეს ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრი. ევროკავშირში მყოფ, ცხოვრების დონით ერთ-ერთ დაწინაურებულ ევროპულ ქვეყანას არსად არ ეჩქარება. თანაც, ისიც იციან, თუ რა შეიძლება მოჰყვეს არაპროგნოზირებად დიდ მეზობელთან ურთიერთობის გამწვავებას. „ჩვენ ვიცით, თუ რით დასრულდა საქართველოს ძალიან მკაფიო სურვილი, დასდგომოდა ნატოსკენ მიმავალ გზას. ამას შედეგად მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფრონტებზეო“, - განაცხადა მარკო მიხელსონმა, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია.
XS
SM
MD
LG