Accessibility links

logo-print

ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების არაჩვეულებრივად რთული გზა


გაერო

გაერო

25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ, რომელიც ჩვეულებრივი იარაღით მსოფლიოს უმსხვილესი მოვაჭრეა, ნიუ-იორკში იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა. ხელშეკრულება მიმდინარე წლის 3 აპრილს მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, თუმცა ძალაში შესვლამდე დოკუმენტს გრძელი გზა აქვს გასავლელი რატიფიკაციის გაჭიანურებული პროცესისა თუ ხელშეკრულების არმცნობი ზოგიერთი დიდი სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო წინააღმდეგობის გამო.

რთული პოლიტიკური და მორალური მისია

გაეროს აქვს ამბიცია, რომ მის მიერ შემუშავებული იარაღით ვაჭრობის შეთანხმებას (ATT) შეუძლია პასუხი გასცეს იმ სისასტიკეს, რასაც ყოველწლიურად 70 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩვეულებრივი იარაღით ვაჭრობის კვალი ტოვებს მსოფლიოში. ანუ დოკუმენტი ცდილობს დაარეგულიროს ქვეყნებს შორის ჩვეულებრივი იარაღით ვაჭრობა, დააფუძნოს იგი მყარ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რაც მომავალში გამორიცხავდა იარაღის მიყიდვას იმ რეჟიმებისათვის, რომლებიც ცნობილნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევით.

შეთანხმება, კერძოდ, მოუწოდებს იარაღის მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნებს, კონტრაქტის გაფორმებისას პოტენციურ მყიდველ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით იხელმძღვანელონ. დოკუმენტი ასევე ავალდებულებს ქვეყნებს, მკაცრ რეგულაციებზე დააფუძნონ ჩვეულებრივი იარაღით ვაჭრობა და გაარკვიონ, ხომ არ აძლევს იარაღზე გარიგება მყიდველს შესაძლებლობას მოაწყოს გენოციდი, ჩაიდინოს დანაშაული კაცობრიობის წინაშე ანდა სამხედრო დანაშაული. გაეროს იარაღით ვაჭრობის შეთანხმება მოწოდებულია აღკვეთოს ჩვეულებრივი შეიარაღების მოხვედრა ტერორისტების ანდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ხელში, ანდა შეაჩეროს ისეთი გარიგება, რაც ზოგიერთ შეიარაღებაზე გაეროს მიერ დაწესებულ ემბარგოს არღვევს.

აშშ-ს უკვე აქვს შემუშავებული ძალიან მკაცრი სტანდარტები და ექსპორტის კონტროლი. შეთანხმება არსებითად ახდენს აშშ-ის სისტემის ინტერნაციონალიზებას და ადგენს გარკვეულ შეზღუდვას ჩვეულებრივი იარაღის ტრანსპორტირებაზე...
ამ თვალსაზრისით, ვაშინგტონის შეერთება და შემდგომში დოკუმენტის რატიფიკაცია შესაძლოა წყალგამყოფი აღმოჩნდეს გაეროს ხელშეკრულებისათვის, რომლის ამოქმედებასაც სწორედ საერთაშორისო ბაზარზე საბრძოლო იარაღის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობა აფერხებს.

აშშ-ის ოფიციალური მხარდაჭერა შეთანხმებას აძლევს შესაძლებლობას მსოფლიოს მასშტაბით იარაღით ვაჭრობის ბუნება შეცვალოსო, ამბობს დერილ კიმბელი, ვაშინგტონში მდებარე იარაღის კონტროლის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი:

„აშშ-ს უკვე აქვს შემუშავებული ძალიან მკაცრი სტანდარტები და ექსპორტის კონტროლი. შეთანხმება არსებითად ახდენს აშშ-ის სისტემის ინტერნაციონალიზებას და ადგენს გარკვეულ შეზღუდვას ჩვეულებრივი იარაღის ტრანსპორტირებაზე. მაგრამ ეს შეთანხმება ყველა სახელმწიფოსგან ექსპორტის კანონის შემუშავებას, მათ განხორციელებას და ამ ძირითადი სტანდარტების დაცვას საჭიროებს“.

გაეროს იარაღით ვაჭრობის შეთანხმება კი მოიცავს ისეთი ტიპის ჩვეულებრივ საბრძოლო შეიარაღებას, როგორიცაა ტანკები, სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო ჯავშანმანქანები, არტილერია, საბრძოლო შვეულმფრენები, საბრძოლო გემები, რაკეტები და საზენიტო საშუალებები და ასევე მძიმე ცეცხლსასროლი იარაღი - ავტომატი, ყუმბარსატყორცნი და ტყვიამფრქვევი.

ხელშეკრულება საერთაშორისო სამხედრო აღჭურვილობით, შეიარაღების მარაგნაწილებითა და სხვადასხვა ნაკეთობებით ვაჭრობასაც აწესრიგებს.

ამასთან, გაეროს ხელშეკრულება არ არეგულირებს იარაღით ვაჭრობის ანდა მისი გამოყენების საკითხებს რომელიმე ქვეყნის შიგნით. დოკუმენტით ასევე აღიარებულია ნებისმიერი ქვეყნის უფლება, შეიძინოს ის იარაღი, რომელიც მას საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად სჭირდება.

თუმცა გაეროს იარაღით ვაჭრობის შეთანხმება არ ითვალისწინებს მკაფიო სანქციებს პირობების დარღვევის შემთხვევაში. ასევე გაურკვეველია, ვრცელდება თუ არა ხელშეკრულება არა პირდაპირი მიყიდვის, არამედ სხვა ფორმით, მაგალითად, იარაღის ჩუქების ანდა მიქირავების გზით გადაცემაზე.

მიუხედავად ამისა, იარაღის კონტროლის მომხრეები იმედოვნებენ, რომ გაეროს ხელშეკრულება გააძლიერებს ზეწოლას შეიარაღების ისეთ ექსპორტიორებზე, როგორიცაა რუსეთი, რომელიც დაჟინებით იმეორებს, რომ საბრძოლო იარაღის მიყიდვა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადისათვის არ არის აკრძალული, რადგან სირია არ იმყოფება გაეროს მიერ დაწესებული იარაღის ემბარგოს ქვეშ.

დასავლეთის ქვეყნები კი ამტკიცებენ, რომ რუსეთმა, როგორც ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ მსოფლიოს იარაღის ბაზარზე, უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო ომში ჩაფლული სირიის რეჟიმისათვის იარაღის მიყიდვა, რადგან ასადის მომხრე უსაფრთხოების ძალები ჩვეულებრივ შეიარაღებას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დასახოცად იყენებენ.


ვინ უჭერს და ვინ არა მხარს იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულებას

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ჯერ კიდევ აპრილში უყარა კენჭი იარაღით ვაჭრობის შეთანხმებას, რითაც დასრულდა ათწლიანი კამათი იმაზე, თუ რამდენად მკაცრი უნდა ყოფილიყო დოკუმენტი.

შეთანხმებას მხარი დაუჭირა 153-მა ქვეყანამ, სამი წინააღმდეგი იყო, 23-მა კი თავი შეიკავა.

აპრილიდან, ანუ კენჭისყრიდან მოყოლებული, დღემდე, 89 ქვეყანამ მოაწერა ხელი იარაღით ვაჭრობაზე შეთანხმებას, მათ შორის, 25 სექტემბერს, როგორც ზემოთ ითქვა, აშშ-მაც.
მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია. მათ დიდი ხანია სახელი აქვთ გატეხილი როგორც ქვეყნებს, რომლებიც იარაღით ვაჭრობით საერთაშორისო კონფლიქტებს აღვივებენ.

იარაღის ამერიკელი ლობისტების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, შეთანხმებას მხარი ვაშინგტონმაც დაუჭირა. მხარდამჭერთა შორის არიან დასავლეთის სამყაროს ლიდერები - გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ასევე ნატოსა და ევროკავშირის ყველა სახელმწიფო.

იარაღით ვაჭრობის შეთანხმებას ხმა მისცა საქართველომაც.
რაც შეეხება რუსეთსა და ჩინეთს, მსოფლიოში იარაღის უმსხვილეს ექსპორტიორებს, ისინი იმ 26 ქვეყანას შორის აღმოჩნდნენ, რომლებმაც კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს.

აპრილიდან, ანუ კენჭისყრიდან მოყოლებული, დღემდე, 89 ქვეყანამ მოაწერა ხელი იარაღით ვაჭრობაზე შეთანხმებას, მათ შორის, 25 სექტემბერს, როგორც ზემოთ ითქვა, აშშ-მაც.

გაეროს შტაბბინაში დოკუმენტს ხელი მოაწერა ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯონ კერიმ. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეშნლის“ გენერალურმა მდივანმა სალილ შეტიმ მაღალი შეფასება მისცა აშშ-ის ამ ნაბიჯს და დასძინა, რომ იგი, შესაძლოა, იქცეს „ქვაკუთხედად ჩვეულებრივი იარაღით უკანონო ვაჭრობის აღკვეთის საქმეში“. ახლა დოკუმენტს რატიფიკაცია უნდა გაუკეთოს აშშ-ის კონგრესმა.

შეთანხმება ძალაში რომ შევიდეს, იგი გაეროს, სულ მცირე, 50 ქვეყანაში უნდა იყოს რატიფიცირებული, მაგრამ აქამდე ეს მხოლოდ ხუთმა სახელმწიფომ გააკეთა. იტალია იყო ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომლის პარლამენტმაც 25 სექტემბერს იარაღით ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაციას დაუჭირა მხარი.
XS
SM
MD
LG