Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აირჩიეს მთავარსარდლად სამხედროებმა?


საქართველოს შეიარაღებული ძალები ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყოველთვის ერთგვარი ცალკე სამყარო იყო. კანონით დაშვებული ე.წ. დახურული, სპეციალური უბნების გამო სამხედრო ნაწილებში ხმის მიცემა იმდენად რუტინული იყო, რომ საერთოდ არც კი ისმებოდა კითხვა, თუ ვის მისცემდა ხმას არმია. ჰქონდა თუ არა ინტრიგა ამ მხრივ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს?

„შეჩვეული ჭირის“ უპირატესობა

საერთოდ, რაკი შეიარაღებული ძალები მკაცრად ცენტრალიზებული სახელმწიფო ინსტიტუტია, ითვლება, რომ მმართველ ძალას შეუძლია ხმების უმრავლესობა უმტკივნეულოდ წაიღოს სამხედრო ნაწილებიდან - თანაც, ამისათვის არც განსაკუთრებული აგიტაციაა საჭირო და არც ადმინისტრაციული ზომების გამოყენება. რაკი საქართველოში აქამდე არჩევანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კეთდებოდა, არმია მოქმედ ხელისუფლებას, ანუ იმ პოლიტიკოსებს აძლევდა უპირატესობას, რომლებსაც თავის გვერდით ხედავდა ჭირსა თუ ლხინში - წვრთნებზე, აღლუმებზე, სამხედრო ნაწილებში, ცხელ წერტილებში გაცილების, ჯილდოების გადაცემის სადღესასწაულო თუ საბრძოლო დავალების დროს დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიებში.

და საიდანაც არ უნდა მიუდგე სამხედრო მოსამსახურეს, მისგან არჩევნების თაობაზე მოისმენ მხოლოდ ერთადერთ ფრაზას, რომელიც თაობიდან თაობას უცვლელად გადაეცემა ყოველი არჩევნების დროს:

„აბსოლუტურად ყველა სამხედრო მომსახურეს ჰქონდა საშუალება ესარგებლა კონსტიტუციური უფლებით და ხმა მიეცა მისთვის სასურველი კანდიდატისათვის“.

მაგრამ, ზემოთქმულის მიუხედავად, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს შეიარაღებული ძალების შემთხვევაშიც აქვს გარკვეული ინტრიგა და, როგორც წინასწარი სოციოლოგიური კვლევები მოწმობდა, საქართველოს შეიარაღებული ძალებიც საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ: 27 ოქტომბერს მათ მთავარსარდალი მოქმედი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის, კოჰაბიტაციაში მყოფი ორი სახელისუფლებო შტოს კანდიდატებს, გიორგი მარგველაშვილსა და დავით ბაქრაძეს შორის უნდა აირჩიონ.

დავით ბაქრაძე განასახიერებს წარმავალ პრეზიდენტს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა სამხედრო სისტემის განმტკიცებისა და ჯარის პრესტიჟის ამაღლებისათვის. დასამალი არაა, რომ მიხეილ სააკაშვილს უყვარდა სამხედრო ფორმის ტარება და ძალიან დიდ დროს ატარებდა სამხედრო ნაწილებში.

არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, სააკაშვილისაგან განსხვავებით, მართალია, არც სამხედრო სწავლებებზე დადიოდა ხშირად და არც ავღანეთში ყოფილა ქართველი ჯარისკაცების სანახავად, მაგრამ სამხედროებმა იციან, რომ ერთი წლის განმავლობაში სწორედ ბიძინა ივანიშვილის კაბინეტმა გაზარდა სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები, დაიწყო სამხედრო ნაწილების სრული რეკონსტრუქცია, გააუმჯობესა ვეტერანების სოციალური დაცვა, სამსახურში აღადგინა ბევრი უსამართლოდ დათხოვნილი ოფიცერი და ერთ წელიწადში მოახდინა არმიის დეპოლიტიზება.

წელსაც საპრეზიდენტო არჩევნებისათვის თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო უსაფრთხოება იმ ჩვენი წარმომადგენლებისა, რომლებიც იმყოფებოდნენ არჩევნების ჩასატარებლად ავღანეთში. დანარჩენი ყველანაირი ხარკი გაიღო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ...
ეკა აზარაშვილი
გარდა ამისა, საპრეზიდენტო მარათონში იყო რამდენიმე რეიტინგული კანდიდატი - მათ შორის, ნინო ბურჯანაძე, რომელიც არმიაში ახსოვთ როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ისე პრეზიდენტის, ანუ მთავარსარდლის, მოვალეობის შემსრულებლის რანგში.


„მოდარაჯე თვალი“ დახურულ სპეცუბნებზე

ქართველ სამხედროებს აქვთ თვალი და ყური, ინტერნეტი და სატელიტი და, თანაც, ისინი განთავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისაგან, რის გამოც ადრე ბევრი ჯარისკაცი სპეცუბნებშიც კი საკუთარი პირდაპირი მეთაურისა და იმის ზემდგომი მეთაურის მოდარაჯე თვალს ხედავდა.

როგორც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და თავდაცვის სამინისტრო აცხადებენ, ქართველ სამხედროებს უზრუნველყოფილი აქვთ თანაბარ პირობებში ხმის მიცემის უფლება, რომელსაც ვერავინ შეუზღუდავს თუნდაც დახურულ, ე.წ. სპეციალურ, უბნებზე. ამის მაგალითია ავღანეთში ერთი კვირით ადრე, 20 ოქტომბერს, ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის გამჭვირვალობაშიც რომ ეჭვი არავის შეეტანა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავად დააფინანსა ჩარტერული რეისი და საკუთარი ხარჯებითვე უზრუნველყო დამკვირვებლების ჩაყვანა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში.

„2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩარტერული რეისი თავად თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო. უსაფრთხოების ნაწილზე ყოველთვის თავდაცვის სამინისტროა პასუხისმგებელი. წელსაც საპრეზიდენტო არჩევნებისათვის თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო უსაფრთხოება იმ ჩვენი წარმომადგენლებისა, რომლებიც იმყოფებოდნენ არჩევნების ჩასატარებლად ავღანეთში. დანარჩენი ყველანაირი ხარკი გაიღო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ეკა აზარაშვილმა.


შეუძლებელია, რომ ეს მონაცემი წინასწარ ვინმემ იცოდეს. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვაკვირდებოდი იქ [ავღანეთში] [პროცესს, არც კომისიის წევრების მხრიდან და არც სხვა პირების მხრიდან - არც უბანზე და არც უბნის გარეთ - აგიტაცია არ მომხდარა და არც გამოკითხვა არ მომხდარა...
ელენე ნიჟარაძე
ერთი წლის წინანდელი „არასაოცნებო“ შედეგები

პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ავღანეთში მყოფი ჯარისკაცი, რომელიც მზად არის ყოველდღე სიცოცხლე გაწიროს, აიძულონ არასასურველ კანდიდატს მისცეს ხმა. ამის შესაძლებლლობას კი ის ინფორმაციაც ადასტურებს, რომელიც სოციალურ ქსელებს მოედო მას შემდეგ, რაც ავღანეთში მდებარე „ერედვისა“ და „ლეზერნიკის“ სამხედრო ბაზებზე 1530-მა ქართველმა ჯარისკაცმა ხმის მიცემა დაასრულა, ხოლო საარჩევნო კომისიის წევრებმა მათი ბიულეტენები საქართველოში ჩამოიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის დიდმა ნაწილმა მხარი თითქოს დავით ბაქრაძეს დაუჭირა. ავღანეთში ქართულ ბაზაზე მყოფი დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამ ინფორმაციის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ და წინასაარჩევნო პოლიტიკური ბრძოლის ნაწილად მიიჩნევენ.

„შეუძლებელია, რომ ეს მონაცემი წინასწარ ვინმემ იცოდეს. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვაკვირდებოდი იქ [ავღანეთში] [პროცესს, არც კომისიის წევრების მხრიდან და არც სხვა პირების მხრიდან - არც უბანზე და არც უბნის გარეთ - აგიტაცია არ მომხდარა და არც გამოკითხვა არ მომხდარა, თუ ვის მისცეს ხმა. რაღაც სხვა პროცესები თუ მიმდინარეობდა საარჩევნო უბნის მიღმა, ამაზე პასუხს ვერ ვაგებ“, - ამბობს ელენე ნიჟარაძე, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კოორდინატორი, რომელიც ავღანეთში მდებარე ქართული დანაყოფის ბაზებზე 20 ოქტომბერს პირადად აკვირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს.

და მაინც, ეჭვის ჭია რაკი ამოძრავებულია, შეკითხვა, თუ ვინ აირჩია საკუთარ მთავარსარდლად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და, მათ შორის, ავღანეთში მყოფმა ქართულმა ქვედანაყოფმა, მანამდე იქნება დღის წესრიგში, ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ გახსნილი უბნების შედეგების გამოქვეყნებას არ დაიწყებს.

რაკი ყველაზე ადრე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 20 ოქტომბერს ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს, შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიაც ავღანეთში გახსნილი სპეცუბნიდან მიღებულ ხმებს ყველაზე მალე დაითვლის და სწრაფადვე ატვირთავს საკუთარ საიტზე.

ღირს გავიხსენოთ, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სწორედ ქართველი მშვიდობის დამცველების მიერ შემოხაზული ბიულეტენები განსაზღვრავდა კიდეც დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებიდან მიღებული შედეგების დინამიკას. შედეგები კი იმხანად, მართლაც, განსაცვიფრებელი იყო: ერთი წლის წინ 1530 კაციანი ქართული ქვედანაყოფის 85-მა პროცენტმა ხმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა.

თუმცა, ალბათ, უმჯობესია, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ ტრადიციას დაარღვევს და ავღანეთში შემოხაზულ ბიულეტენებს უცხოეთში მყოფი სხვა ამომრჩევლების ხმებს შეურევს, რათა მომავალში არავინ შეეცადოს სამხედროების ხმებით მანიპულირება, რაც ღირსებას ნამდვილად არ მატებს სამშობლოს დამცველებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG