Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს აპატურაი: „ნატოსთან საქართველოს დაახლოების საკითხში წინსვლას დავინახავთ“


ჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი
3-4 დეკემბერს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველომ ქება დაიმსახურა თავისუფალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების, დემოკრატიული რეფორმებისა და ავღანეთში ალიანსის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში მონაწილეობის გამო. მაღალი ტრიბუნიდან საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს ყველა კოლეგამ - და თავად ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა - საქართველოს მიერ ვილნიუსში 29 ნოემბერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება მიულოცა, ხოლო ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ვილნიუსის შედეგს ნატოსთან დაახლოებისკენ გადადგმული სასარგებლო ნაბიჯი უწოდა:

„ამ შეკითხვაზე ორი პასუხი არსებობს. პირველ რიგში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, ჩემი აზრით, ეხმარება საქართველოს, შეუქცევადი გზით იაროს წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. ეს არის ძალიან კარგი, მტკიცე ნაბიჯი. ეს ნიშნავს ერთობლივ სვლას გარკვეული მიმართულებით. ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, თუმცა [ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება] ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამასთან, რეფორმები და ინტეგრაცია, რაც ევროპისკენ წინსვლას ახლავს, ყოველთვის სასარგებლოა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მხრივ, რადგან ჩვენი რეფორმები ძალიან ხშირად მსგავსია. განსხვავება ის არის, რომ ნატო ამ მხრივ უფრო შეზღუდულ მოთხოვნებს აყენებს, რადგან ჩვენი საქმე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებია, ევროკავშირი კი უფრო მეტ საკითხზე მუშაობს. მაგრამ ერთიც და მეორეც ერთ მიზანს ემსახურება და, ამგვარად, აღიარებენ ერთმანეთს. ასე რომ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მხოლოდ სასარგებლოა საქართველოსთვის“.

თუ ვიხელმძღვანელებთ იმ პროცედურებით, რაც აქ, ნატოშია, იმისათვის, რომ დავეთანხმოთ ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს მონაწილეობას, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ, პრობლემა ძირითადად ტექნიკურ საკითხებს, დაფინანსებას და სპონსორობის მსურველ ქვეყნებს უკავშირდება...
ჯეიმს აპატურაი
ნატოს მინისტერიალზე გამართულ საქართველო-ნატოს კომისიის სხდომაზე არ ყოფილა საუბარი, თუმცა ალიანსმა ცნობად მიიღო საქართველოს მზადყოფნა განაგრძოს მონაწილეობა ალიანსის ეგიდით სამომავლოდ დაგეგმილ სამშვიდობო-ჰუმანიტარულ ოპერაციებში და 2015 წლისათვის პირველად გაწევრიანდეს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. თუ რა ამოცანები აკისრია და რომელი ქვეყნებისგან არის დაკომპლექტებული ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალები, ამის თაობაზე ჩვენ ერთ-ერთ წინა სამხედრო პროგრამაში ვუამბეთ რადიო თავისუფლების მსმენელს.

თუმცა, როგორც ჯეიმს აპატურაი ამბობს, ეს საკითხი საბოლოოდ მაშინ გადაწყდება, როდესაც გამოიძებნება დონორი ქვეყანა, რომელიც სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ქვედანაყოფის წვრთნას დააფინანსებს:

„თუ ვიხელმძღვანელებთ იმ პროცედურებით, რაც აქ, ნატოშია, იმისათვის, რომ დავეთანხმოთ ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს მონაწილეობას, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ, პრობლემა ძირითადად ტექნიკურ საკითხებს, დაფინანსებას და სპონსორობის მსურველ ქვეყნებს უკავშირდება. მე არ ვარ ამ საკითხების ექსპერტი, მაგრამ თუ სწორად მესმის, მოგვიწევს ისეთი პროცედურების მოფიქრება, რომლებისთვისაც უწინ არ მიგვიმართავს. ეს ცოტა ართულებს საქმეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ. ვგულისხმობ, რომ შეირჩევა ნატოს წევრი ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც დააფინანსებს საქართველოს მონაწილეობას და, ამგვარად, საქართველო ჩაებმება [ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების] წვრთნაში. პარალელურად, როდესაც ამ საკითხებზე ვმსჯელობთ, ვემზადებით იმისათვის, რომ საქართველო სრულფასოვნად ჩაებას [სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციების] დაგეგმვასა და სხვა მოსამზადებელ სამუშაოებში. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს განხორციელდება“.

პროგნოზების გაკეთება ნაადრევია იმაზე, თუ როგორი იქნება [ნატოს შემდგომი სამიტის] საბოლოო შედეგი. ქართველებს ემახსოვრებათ, რამდენად გვიან წყდება ასეთი საკითხები, ხოლო საბოლოო შედეგი თვით სამიტების მსვლელობაშიც კი ბოლო ღამეს ხდება ცნობილი...
ჯეიმს აპატურაი
4 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ საქართველო-ნატოს კომისიის სხდომის ბოლოს ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებით საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატოს. ეს მნიშვნელოვანი განაცხადია იმ დროს, როდესაც ალიანსის მომავალ სამიტამდე, რომელიც უელსში გაიმართება, 9 თვე რჩება. ნატოსთან საქართველოს შემდგომ დაახლოებაში წინსვლა რომ იქნება, ამაში ეჭვი არც ჯეიმს აპატურაის ეპარება, თუმცა უფრო ზუსტი პროგნოზის გაკეთებისაგან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მაინც თავს იკავებს:

„პროგნოზების გაკეთება ნაადრევია იმაზე, თუ როგორი იქნება [ნატოს შემდგომი სამიტის] საბოლოო შედეგი. ქართველებს ემახსოვრებათ, რამდენად გვიან წყდება ასეთი საკითხები, ხოლო საბოლოო შედეგი თვით სამიტების მსვლელობაშიც კი ბოლო ღამეს ხდება ცნობილი. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მოკავშირე ქვეყანა ხედავს, რა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საქართველომ ბოლო ორი არჩევნების, რეფორმებისა და [ალიანსის] ოპერაციებში მონაწილეობის მხრივ. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, ნატოსთან საქართველოს დაახლოების საკითხში წინსვლას დავინახავთ“.

მაგრამ შეკითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რა ფორმით მოხდება ეს დაახლოება. საქართველოს უკვე აქვს ეროვნული პროგრამა, რომელსაც, 2009 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად წარმატებით ასრულებს, მაგრამ არავინ იცის, თუ კონკრეტულად რა წერია ამ პროგრამაში და, მით უფრო, დასრულდება თუ არა იგი ალიანსში ოფიციალური დაპატიჟებით.

„შემიძლია გითხრათ, რომ ნატოში ამაზე ბევრი მოსაზრება არსებობს, საქართველოს მთავრობასაც აქვს მოსაზრებები და ვნახოთ, რით დასრულდება ეს. ვერაფერს ვიწინასწარმეტყველებ, მაგრამ მოველი, რომ ამ მინისტერიალზე სადილის შემდეგ იმსჯელებენ ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე, რაც, ჩემი აზრით, ამ საკითხზე პირველი დისკუსია იქნება“, განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

თუმცა, როგორც გაირკვა, 4 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხოლოდ მომდევნო სამიტის თარიღსა და ადგილზე იმსჯელეს. რაც შეეხება ალიანსის სახელმწიფოთა მეთაურების უმაღლესი დონის შეხვედრის დღის წესრიგს, ნატოს მინისტრები ამ თემას მომავალ შეკრებაზე, 2014 წლის ზაფხულში, მიუბრუნდებიან. დიდი ალბათობით, სწორედ მაშინ გაირკვევა საბოლოოდ, გაფართოვდება თუ არა ნატოს საზღვრები, რომელიც უცვლელია 2009 წლის სტრასბურგი-კელის სამიტის შემდეგ, როდესაც ალიანსში ბალკანეთის სახელმწიფოები - ალბანეთი და ხორვატია - გაწევრიანდნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG