Accessibility links

logo-print
ძნელი სათქმელია, რა სტადიაშია ამჟამად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაპირებული ქალაქ ლაზიკის მშენებლობა, მაგრამ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა თავისი „ლაზიკა“ უკვე მიიღეს. ლაპარაკია ქართველი იარაღის მწარმოებლების მიერ შექმნილ ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე, რომლის პრეზენტაცია შაბათს, თბილისთან ახლოს მდებარე სამხედრო პოლიგონზე, პროტოკოლის სრული დაცვით წარიმართა.

ქართველი კონსტრუქტორების მიერ შექმნილი მანქანა მოქმედებაში საპატიო ეკიპაჟმა გამოსცადა - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს გვერდს უმშვენებდა თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც პრეზიდენტს „ლაზიკის“ ტაქტიკურ-ტექნიკურ თავისებურებებს უხსნიდა:

„'დიდგორის' მერე ეს რეალურად არის შინაარსობრივად, თვისებრივად სულ სხვა დანიშნულების და სულ სხვა დატვირთვის მანქანა. ”დიდგორი” არის საპატრულო, სადაზვერვო, მსუბუქად შეჯავშნული, ხოლო დღეს წარმოდგენილი ”ლაზიკა” არის
”ლაზიკა” არის მძიმეჯავშნიანი, საკმაოდ მობილური და ძლიერი შემტევი იარაღი...

მძიმეჯავშნიანი, საკმაოდ მობილური და ძლიერი შემტევი იარაღი, რომლის წარმოება პრინციპში ბევრ სახელმწიფოს არ გააჩნია, მაგრამ ჩვენ, რადგანაც ბოლო ორი წელი ამაზე საკმაოდ სერიოზულად ვიმუშავეთ, შევძელით ამ ამოცანის გადაჭრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში კიდევ უფრო შევძლებთ ამ მიმართულების განვითარებას..."

ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, ისევე როგორც თავდაცვის მინისტრის მიერ ნახსენები საპატრულო ჯავშნოსანი „დიდგორი“, სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ ბაზაზე შეიქმნა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა კონსტრუქტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს და შექმნეს საინტერესო მოდელის მანქანა, კომბინირებული ჯავშნითა და შეიარაღების დისტანციური მართვის მოდულით, რომელიც ცეცხლის მართვას უზრუნველყოფს.

„'ლაზიკა' არის მუხლუხებიანი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომლის ჯავშანიც კომბინირებულია და უზრუნველყოფს დაცვას 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტარი ტყვიებისგან. ეკიპაჟი 3 კაცისგან შედგება, შესაძლებელია 7 დესანტის გადაყვანა. 'ლაზიკას' აქვს შეიარაღების დისტანციურად მართვის მოდული, აღჭურვილი ცეცხლის მართვის სისტემით, რომელზეც დამონტაჟებულია 23 მმ კალიბრის ქვემეხი და 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი. მანქანა აღჭურვილია სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერებით, უზრუნველყოფს მანქანის შიგნიდან დისტანციურად სამიზნის აღმოჩენას, იდენტიფიკაციასა და ცეცხლის მართვას ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში. მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარეა 70 კმ/სთ.“, - განაცხადა 25 თებერვალს, ვაზიანის პოლიგონზე გამართული ჩვენების შემდეგ, სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

საქართველოს პრეზიდენტი ნანახითა და მოსმენილით კმაყოფილი დარჩა და „ლაზიკის“ სერიულ წარმოებას იქვე, ვაზიანის პოლიგონზევე, დაულოცა გზა. „ასეთი მანქანები ჩვენ გვჭირდება და ბევრს შევუკვეთავთ, მაგრამ ასეთი პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე ძალიან მომგებიანად იყიდებაო“, - განაცხადა საბრძოლო მანქანაში მჯდარმა მთავარსარდალმა.

საქართველოს პრეზიდენტის სურვილის რეალიზება არც ისე იოლი იქნება

მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის სურვილის რეალიზება არც ისე იოლი იქნება, თუკი გავითვალისწინებთ იარაღის მსოფლიო ბაზარზე არსებულ კონკურენციას. თანაც, საბრძოლო მანქანა „ლაზიკის“ სერიულ წარმოებას წინ უნდა უსწრებდეს ტექნიკის სრულყოფილი გამოცდა, რაც, სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის დაკვირვებით, ქართველი კონსტრუქტორების მიერ რუსული წარმოების ქვეითთა ჯავშანმანქანის, „ბე-ემ-პეს“ ბაზაზე შექმნილ „ლაზიკას“ აშკარად სჭირდება:

„'ლაზიკის' პროფილი, ანუ კორპუსი, უფრო მაღალი გამოვიდა, ვიდრე 'ბე-ემ-პესი', ეს კი ბრძოლის ველზე მინუსია, რადგან რაც უფრო მაღალია საბრძოლო მანქანა, მით მეტი შანსია, ის მოწინააღმდეგემ აღმოაჩინოს და დააზიანოს. გარდა ამისა, „'ბე-ემ-პესგან' განსხვავებით, „ლაზიკის“ კორპუსის გვერდებში ამბრაზურები არ არის დატანებული, ასევე დესანტს არ შეუძლია შიგნიდან, სადესანტო ნაკვეთურებიდან აწარმოოს ცეცხლი.“

ირაკლი ალადაშვილი ასახელებს აგრეთვე ქვეითთა მანქანა „ლაზიკის“ შეიარაღებისა და მობილურობის რამდენიმე თვალსაჩინო ხარვეზს, რაზეც სერიული წარმოების დაწყებამდე ასევე უნდა იზრუნონ ქართველმა კონსტრუქტორებმა:

„მე ვერ ვიტყვი, რომ შეიარაღება რაიმე უკეთესობით გამოირჩევა 'ბე-ემ-პესგან'. მართალია, პლუსი ისაა, რომ გამოტანილია მთელი შეიარაღება კორპუსის გარეთ, ანუ მისი მართვა დისტანციურად ხდება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს შეიარაღება იყოს დასტაბილიზებული ორ სიბრტყეში, როგორც 'ბე-ემ-პეზეა', რაც იმას ნიშნავს, რომ სიარულის დროს მიზანში ზუსტად სროლა შეუძლებელი იქნება. ამისთვის საჭირო იქნება მანქანის გაჩერება, რაც ბრძოლის დრო ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის.“

როგორც საბრძოლო ქვეითთა მანქანა „დიდგორი“, ისე „ლაზიკაც“ საცდელი ნიმუშებია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტრუქტორებს სახელმწიფო კომისიის წინაშე მოუწევთ სრულყოფილი სავალი გამოცდების ჩატარება, ასევე ტექნიკის გამოცდა ე.წ. ჯავშანმდგრადობაზე როგორც სასროლი იარაღის, ასევე აფეთქების მიმართ. ამ გამოცდების დროს შეიძლება სხვა პატარა ნიუანსებიც გამოჩნდეს, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, ამბობს სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ „ლაზიკის“ მეორე და მესამე ნიმუში პირველზე უკეთესი იქნება.

„მთავარია, რომ ასეთი საკონსტრუქტორო მუშაობა დაიწყო როგორც სატანკო ქარხანაში, ისე თბილისის საავიაციო ქარხანაში, რაც ახალგაზრდა კონსტრუქტორების აღზრდას შეუწყობს ხელსო“, - აცხადებს სამხედრო მიმომხილველი.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG