Accessibility links

logo-print
გასული კვირის ბოლოს ბრიუსელში ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა სხდომა ჩატარდა. როგორც ბრიუსელში გახდა ცნობილი, ნოემბრის დასაწყისში საქართველოს ესტუმრება ნატოს ატლანტიკური საბჭოს დელეგაცია, ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით. "ალიანსში ერთსულოვანად აღიარებენ საქართველოს მიერ ეროვნული ნაციონალური პროგრამის შესრულების დროს მიღწეულ პროგრესს და ჯეროვნად აფასებენ ქართველი ჯარისკაცების მიერ ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში შეტანილ წვლილს, "- აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატოში გრიგოლ მგალობლიშვილი. თუმცა ქართველ ელჩს ჯერჯერობით უჭირს პასუხის გაცემა შეკითხვაზე, თუ როდის გაემგზავრება ავღანეთში დამატებითი ქართული ბატალიონი:

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო არ არის წამყვანი ქვეყანა რეგიონში. აქ არიან წამყვანი ქვეყნები(აშშ და საფრანგეთი კ.ლ), ვისთან ერთადაც საქართველოს შეიარაღებული ძალები მსახურობენ. ახლა მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება და, სავარაუდოდ, 2012 წლიდან გაიგზავნება დამატებითი ქართული კონტინგენტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ დამატებითი საბრძოლო კონტინგენტი იგზავნება, არამედ იმისთვის, რომ 2014 წელს წარმატებით დასრულდეს ეტაპი, ავღანეთში ვგზავნით ინსტრუქტორებს, ტრეინერებს. ჩვენ მზად ვართ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს დახმარება გავუწიოთ სწორედ პროფესიონალიზმის ამაღლების კუთხითაც და მათი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფთა გასაწვრთნელად უკვე გაგზავნილია 12 ინსტრუქტორი და ამ მიზნით სამომავლოდაც იგეგმება დამატებითი ინსტრუქტორების გაგზვნა.“

დაბოლოს, 2012 წლის მაისში ნატოს მომდევნო სამიტს აშშ-ის ქალაქი ჩიკაგო უმასპინძლებს. მომდევნო სამიტის მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა კი 5-6 ოქტომბერს პირველად ესწრებოდა ნატოს სამიტს. პრესკონფერენციაზე ლეონ პანეტამ, რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად, ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხისადმი მიბრუნებაც არ გამორიცხა:

„ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება ნატოს წევრების მისაღებია. ცხადია ისიც, რომ ჩიკაგოს სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა მოგვიწევს. ეს არის ვითარება ავღანეთში და განსაზღვრა იმისა, რა სახით ვიქნებით იქ წარმოდგენილი 2014 წლის შემდეგ; ეს არის ლიბიასთან დაკავშირებული საკითხები... მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ საქართველო განაცხადს შეიტანს, ნატო მას სამართლიანად მოეკიდება.“

საქართველო ნატოსთან თანამშრომლობს ყოველწლიური ეროვნული პროგრამით, 2009 წლიდან კი მოქმედებს ნატო-საქართველოს საბჭო, რომელიც რეგულარულად მართავს შეხვედრებს როგორც ბრიუსელში, ისე თბილისში. საქართველოს მიმართ ნატოს მთავარი მოთხოვნებია დემოკრატიული სასამართლო, საარჩევნო რეფორმები და სამხედრო და უსაფრთხოების სფეროს ტრანსფორმაცია. თუმცა ნატოში გაწევრიანების რიგში უფრო ახლოს დგანან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მონტენეგრო, რომლებიც, გავრცელებული აზრით, დემოკრატიისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობით, ბევრად ჩამორჩებიან საქართველოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG