Accessibility links

logo-print

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის კვირა ერთი განსაკუთრებული ამბით გამოირჩა - ამ კვირაში საქართველოს ცნობილი სერბი მწერლის მილორად პავიჩის მეუღლე, თავადაც მწერალი, იასმინა მიხაილოვიჩი ეწვია. მისი სტუმრობა ერთი დიდი ამბის ნაწილია, რომელსაც ჰქვია „პავიჩი ქართულად“ და რომელიც გამომცემლობა „ინტელექტის“ სახელს უკავშირდება. წელს „ინტელექტმა“ თავის მკითხველს პავიჩის ერთბაშად ექვსი წიგნის ახალი გამოცემა შესთავაზა. თავად იასმინა მიხაილოვიჩმა არა მხოლოდ ეს წიგნები წარუდგინა საზოგადოებას, არამედ თავისი ავტობიოგრაფიული სამოგზაურო რომანიც, რომელიც სწორედ მისი და პავიჩის ოცწლიან სიყვარულსა და მეგობრობას მიეძღვნა.

იასმინა მიხაილოვიჩმა მილორად პავიჩის ავტოპორტრეტის გამოსახულებიანი თეთრი მოსაცმელი პირველად საგანგებოდ ამ შეხვედრისთვის ჩაიცვა. პავიჩის ნახატის ორიგინალი დღეს პარიზის ერთ-ერთ გალერეაში ინახება, მისი დემოვერსია კი აქაა, თბილისში. მერე რა, რომ პავიჩი ცოცხალი აღარ არის, იასმინა მაინც მასთან ერთად მოგზაურობს. ახლაც გამომცემლობა „ინტელექტში“ ყველაზე ცნობილი სერბი მწერლის ქვრივი გამომცემლებსა და მთარგმნელებთან შესახვედრად ისევ პავიჩთან ერთად მივიდა.

გამომცემლობის ფოიეში დადგმულ სტენდზე შვიდი ახალი წიგნია გამოფენილი - ექვსი პავიჩის, ერთიც თავად იასმინა მიხაილოვიჩის. ეს რამდენიმეთვიანი შრომის შედეგია, რომელსაც ჰქვია „პავიჩი ქართულად“. იასმინა წიგნებს ათვალიერებს, პირველად ხელში „ხაზარულ სიტყვის კონას“ იღებს, ხელში ატრიალებს, რამხელა წიგნი გამოსულაო, ამბობს. გამომცემლები კი უხსნიან, რომ მასში წიგნის ორივე ნაწილი გააერთიანეს - მდედრული და მამრული. ისეა აკინძული, ორივე მხრიდან შეგიძლია წაიკითხო, საიდანაც გინდა, იქიდან დაიწყებ, უხსნიან. ორიგინალურია, ამბობს იასმინა.

იასმინა მიხაილოვიჩი მასპინძლებთან ერთად (მარცხნიდან მეორე)

იასმინა მიხაილოვიჩი მასპინძლებთან ერთად (მარცხნიდან მეორე)

თქვენ ყველაზე მეტად რომელი წიგნი გიყვართ პავიჩის წიგნებიდან? - ვეკითხებით.

„’სხვა სხეული’. იმიტომ, რომ მე მისი მთავარი გმირი ვარ. ძალიან მარტივია“, - გვპასუხობს იასმინა მიხაილოვიჩი და სათითაოდ ათვალიერებს ყველა გამოცემას.

არის რაღაც განსაკუთრებული, როცა გამორჩეულ მწერალზე მისი ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი ადამიანი გიყვება. ამიტომაც, ბევრი კითხვა ისმის. თურმე, პავიჩი ფანქრით წერდა. თურმე, სულ პირველად იასმინას პატარა ჩიბუხი აჩუქა - თითქოს თავისი თავი გაუნაწილა. თურმე, საერთო შვილები არ ჰყავდათ, მაგრამ წიგნები იყვნენ მათი შვილები. თურმე, პავიჩი იასმინაზე 31 წლით უფროსი იყო. იცოდით? თურმე, მილორადი მუსიკას სწავლობდა, ვიოლინოზე დაკვრას ეუფლებოდა, ერთ დღეს კი მუსიკას თავი მიანება და გადაწყვიტა ლიტერატურის პროფესორი და მწერალი გამხდარიყო. თურმე, თავად პავიჩს ყველაზე მეტად თავის ნაწარმოებებს შორის თავისი ლექსები და მოთხრობები უყვარდა. მისი დებიუტიც ლიტერატურაში პოეტური კრებულით შედგა. თურმე, იასმინა მის ყველა გმირ ქალზე ეჭვიანობდა. თურმე:

„მილორად პავიჩს უყვარდა ლიტერატურა და მე“.

თავის წიგნში „ხაზართა ზღვის ნაპირებზე“ კი ამ სიყვარულზე იასმინა ასე წერს:

„ჩვენი ოცწლიანი ურთიერთობის განმავლობაში თითოეული ჩვენგანი საკუთარი სიყვარულის უზენაესობისთვის, ჩვენ-ჩვენი სიყვარულის უპირატესობისათვის იბრძოდა. ერთმანეთს უსასრულოდ ვაცდუნებდით, ერთმანეთს სიყვარულს ვუმტკიცებდით, ძირითადად ხელოვნების მეშვეობით. როდესაც ორ ხელოვანს უყვარს ერთმანეთი, იქ სრული ემოციური ქაოსი დგება“.

წიგნის ქართულ ენაზე მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილია. ის ამბობს:

„წიგნის პირველი ნაწილია აზერბაიჯანში, როგორც თავად იასმინა ამბობს, პოტენციურ ხაზარეთში მოგზაურობა. მეორე ნაწილი დაგვიანებული სატრფიალო წერილები და ქმრის შესახებ მოგონებების ნაკრებია, შემდეგ კი მოდის ცოლისა და ქმრის ერთ ამბავზე დაწერილი მოთხრობები. ზოგადად ეს არის წიგნი მონატრებაზე, სიყვარულზე, მთლიანად ეძღვნება პავიჩს, თუმცა მხოლოდ მისი მკითხველისთვის არ არის, ცხადია. იასმინა მიხაილოვიჩი საკმაოდ კარგი მწერალია და, შესაბამისად, ამ წიგნსაც აქვს თავისი ლიტერატურული ღირებულება“.

დღეს კი გვაქვს ეს შესაძლებლობა ვესაუბროთ მის ყველაზე ახლობელ ადამიანს, იასმინას, და, რაც მთავარია, ვეზიაროთ პავიჩს ქართულად, ვიგრძნოთ ის ორიგინალური, სრულიად უნიკალური სამყარო, რომელიც ამ დიდმა მწერალმა შექმნა და დაგვიტოვა...

თავად იასმინამ თქვა, რომ ეს წიგნი პავიჩისადმი სასიყვარულო წერილების გაგრძელებაა და მათი ერთობლივი ცხოვრების გახსენებაც.

„ჩემი წიგნი ავტობიოგრაფიული, სამოგზაურო რომანია. ის იწყება ჩემი მოგზაურობით აზერბაიჯანში. ამ ქვეყანამ ბელგრადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის რეკონსტრუქციაში დიდი წვლილი შეიტანა. ხანდახან მგონია, რომ ეს მილორადის სიკვდილის შემდგომი საჩუქარია ჩემდამი - ჩვენ ერთად არასოდეს გვიმოგზაურია ამ რეგიონში. მიხარია, რომ იმ რეგიონში ვიმყოფები, სადაც ადრე ხაზარები ცხოვრობდნენ“.

„ვუყვარდი თუ არა? დიახ, ვუყვარდი. წარმოუდგენლად დიდი, ვნებიანი სიყვარულით, რადგან სიყვარულის თითოეული შემთხვევა ტკივილამდე უნიკალურია, სასტიკად ეგოცენტრული და დრამატული. მიყვარდა თუ არა? დიახ, მიყვარდა. ისე გატაცებით, როგორც მხოლოდ ქალს შეუძლია უყვარდეს, ანუ ვიყავი დამყოლი, მზრუნველი, ხშირად ნერვული და ძალიან მგრძნობიარე. ერთმანეთი კი გვიყვარდა სიხარულით, ზარ-ზეიმით, თითქოს ერთიმეორისთვის ფასდაუდებელი საჩუქარი ვიყავით“, - წერს იასმინა მიხაილოვიჩი.

სწორედ ამ წიგნიდან ვიგებთ, რომ პავიჩის სამშობლოში, სერბეთში, მისი გარდაცვალების შემდეგ „ხაზარული სიტყვის კონის“ სერბულად გამოცემას ხელახლა ზუსტად სამი წელი დასჭირდა. იმ დროისათვის უკვე არსებობდა ამ წიგნის 95 გამოცემა. წიგნი36 ენაზე იყო ნათარგმნი. იასმინა იხსენებს, რომ სერბიის გარდა ყველგან ყველაფერი მარტივი და ხელმისაწვდომი იყო, სერბიაში პავიჩის დასაბრუნებლად კი მას მრავალი წელი დასჭირდა.

„პავიჩი ქართულად“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაც გახდა. ამ საგამომცემლო პროექტის ავტორები ზვიად კვარაცხელია და გვანცა ჯობავა არიან. წიგნების დიზაინზე თეონა ჭანიშვილმა იზრუნა.„ხაზარული სიტყვის კონა“, „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში“, „სხვა სხეული“, „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“, „უნიკალური ეგზემპლარი“, „ჩაით დახატული პეიზაჟი“ - ასეთია „ინტელექტის“ საჩუქარი პავიჩის მკითხველებისადმი:

„ჩემთვის ეს რომანები მისი დიდი და იდუმალი სამყაროს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილებია. იმ სამყაროსი, რომელიც მილორად პავიჩმა შექმნა ბელგრადში, თავის სამშობლოში, დღეს კი გვაქვს ეს შესაძლებლობა ვესაუბროთ მის ყველაზე ახლობელ ადამიანს, იასმინას, და, რაც მთავარია, ვეზიაროთ პავიჩს ქართულად, ვიგრძნოთ ის ორიგინალური, სრულიად უნიკალური სამყარო, რომელიც ამ დიდმა მწერალმა შექმნა და დაგვიტოვა“, - გვეუბნება ზვიად კვარაცხელია.

საიდანაც გინდა წაიკითხავ ამ წიგნს - გინდა ბოლოდან, გინდა შუიდან, გინდაც თავიდან. ერთი სიტყვა მეორეზე მიგანიშნებს, მეორე მესამეზე, ასე დახტუნაობ და მთლიანობაში გამოდის ერთი სიუჟეტი...

„ხაზარული სიტყვის კონის“ მთარგმნელის გურამ გოგიაშვილისათვის ყველაფერი სწორედ ამ წიგნით დაიწყო. „ინოსტრანნაია ლიტერატურაში“ დაბეჭდილმა ამ უცნაური ფორმისა და შინაარსის რომანმა ისე ჩაითრია, აღარც მოშორებია. მთარგმნელი იხსენებს, რომ მკითხველს თავად შეეძლო აერჩია წიგნის რომელი ნაწილი წაეკითხა - მამრული თუ მდედრული. „მამრი სოფელ-ქვეყანას თავისი თავის გარეთ გრძნობს, სამყაროშია თვითონ, მდედრს კი თავის თავში დააქვს სამყარო. სწორედ ეს სხვაობა გახდა რომანის მამრული და მდედრული ვარიანტების შექმნის მიზეზი“, - წერს გურამ გოგიაშვილი შესავალ წერილში. რადიო თავისუფლებასთან საუბარში კი იხსენებს, რომ წიგნის თარგმნის წინ ჯერ საფუძვლიანად შეისწავლა ხაზარების ისტორია და მხოლოდ შემდეგ შეუდგა წიგნის გადმოქართულებას:

„საიდანაც გინდა წაიკითხავ ამ წიგნს - გინდა ბოლოდან, გინდა შუიდან, გინდაც თავიდან. ერთი სიტყვა მეორეზე მიგანიშნებს, მეორე მესამეზე, ასე დახტუნაობ და მთლიანობაში გამოდის ერთი სიუჟეტი“.

გოგიაშვილსვე ეკუთვნის პავიჩის კიდევ ორი რომანის - „სხვისი სხეულისა“ და „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის“ - თარგმანიც.

„პავიჩი მარადისობის მწერალია. მისი „სხვა სხეულიც“ ამის დასტურია. არ სჯეროდა, რომ ადამიანის სულისა და ხორცის გაყრასთან ერთად ადამიანიც მთავრდებოდა. ეს საკითხი ძალიან ფილოსოფიურად არის ამ წიგნში გააზრებული, კოსმოსისა და ადამიანის ურთიერთობა - მძაფრი სიუჟეტის ფონზე. რაც შეეხება მის რომანს „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“, მასში ავტორი იმ ცოდვებს, რაც ადამიანს სახეს უკარგავს, შვიდ წამალს უპირისპირებს“.

„რომანი-კროსვორდი, რომანი-ლაბირინთი, რომელშიც ხელის ცეცებით მიიკვლევ გზას“ - ეს კი პავიჩის „ჩაით დახატული პეიზაჟია“, რომელიც ელზა წიკლაურმა თარგმნა. მასვე ეკუთვნის სერბი მწერლის გახმაურებული წიგნის „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში“ ქართული თარგმანი.

სალომე ბენიძე

სალომე ბენიძე

„უნიკალური ეგზემპლარის“ თარგმანის ავტორი კი სალომე ბენიძეა. მას, როგორც ავტორს, მკითხველსა და მთარგმნელს, ძალიან გაუმართლა - ვინც სალომეს იცნობს, იცის, რომ მილორად პავიჩი მისი უსაყვარლესი მწერალია, „უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში“ კი წიგნი, რომელზეც დაუსრულებლად შეუძლია ილაპარაკოს. სოციალურ ქსელ ფეისბუკში სალომე ბენიძის ნიკი ერთხანს სწორედ ამ წიგნის გმირის სახელი ერისენა ტენეცკაია იყო. „უნიკალური ეგზემპლარი“ კი იმ წიგნად იქცა, რომელმაც მთარგმნელს ერთდროულად დიდი სიამოვნებაც მიანიჭა და დიდი პასუხისმგებლობაც დააკისრა:

„ეს დეტექტიური რომანია, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება და მეორე ნაწილი პირველი ნაწილის ასი დასასრულია. თავად პავიჩი ამბობდა ამ წიგნის შესახებ, რომ ყველა მკითხველს შეხვდება ის დასასრული, რომელსაც ის იმსახურებსო. პავიჩი არ არის ჩვეულებრივი ავტორი. ჩემთვის მას სხვა მწერლებისგან სწორედ მისი ნაწარმოებების ჯადოსნურობა გამოარჩევს, ის მაგიური სამყარო, რომელშიც გამოგზაურებს. ამავდროულად, კითხვისას იმასაც გრძნობ ხოლმე, რომ ეს ისტორია შესაძლოა ზუსტადაც შენ დაგმართნოდა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG