Accessibility links

logo-print

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა მიმოხილვა, რომელშიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე საქართველოში კორუფციისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ განვითარებული მოვლენებია შეფასებული. მიმოხილვა მოიცავს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე პრაქტიკაში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს. მიმოხილვის მიხედვით, ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება, თუმცა გამოწვევად რჩება მაღალი დონის კორუფციისა და პოლიტიკური კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველყოფა. კორუფციის ნოყიერ ნიადაგს ქმნის, ასევე, ქვეყნის არაფორმალური მმართველობა.

2015 წლის მდგომარეობით, საქართველო „კორუფციის აღქმის ინდექსში“, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის ოფისი ყოველწლიურად აქვეყნებს, 168 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზე იყო. როგორც მიმოხილვის ავტორები შენიშნავენ, მთლიანობაში, 2012-2015 წლებში ამ ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი სტაბილური იყო და უმნიშვნელოდ იცვლებოდა. მიმოხილვაში შევიდა, ასევე, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, შესაძლებელია მსჯელობა იმაზე, თუ როგორია მოქალაქეების აზრი ქვეყანაში როგორც წვრილმანი კორუფციის, ისე ელიტური კორუფციის შესახებ. როგორც ირკვევა, 2015-2016 წლებში ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენდა იმ რესპონდენტთა ხვედრითი წილი, რომლებიც ადასტურებენ, რომ წინა 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წელს ქრთამის აღების 126 შემთხვევა აღირიცხა. მიმოხილვის ერთ-ერთი ავტორის, ერეკლე ურუშაძის, თქმით, პრობლემაა ე.წ. ელიტური კორუფციის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის უქონლობა.

ერეკლე ურუშაძე

ერეკლე ურუშაძე

„იქიდან გამომდინარე, რომ „მაღალი რანგის კორუფცია“, განმარტების მიხედვით, გულისხმობს იმას, რომ კორუფციაში მონაწილეობენ მაღალი თანამდებობის გავლენიანი პირები, ცხადია, რომ მათთან გამკლავებისათვის საჭიროა შესაბამისი უწყება ან უწყებები, რომლებსაც, პირველ რიგში, ექნებათ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და, საჭიროების შემთხვევაში, არ შეეშინდებათ გავლენიან პირებთან დაპირისპირებისა. ასეთი უწყება არ გვაქვს და მისი შექმნა იქნებოდა ოპტიმალური გამოსავალი ამ ეტაპზე“, უთხრა ერეკლე ურუშაძემ რადიო თავისუფლებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმოხილვაში ლაპარაკია, ასევე, იმაზე, რომ კვლა გამოწვევად რჩება ქვეყნის არაფორმალური მმართველობა:

„ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ინარჩუნებს მთავრობაზე არაფორმალურ გავლენას, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, მასთან დაკავშირებული კომპანიების სასარგებლოდ გამოიყენება, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილებები გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად მიიღება. ასევე შეშფოთებას იწვევს მმართველი პარტიის წევრებისა და აქტივისტების წახალისების ინსტრუმენტად საჯარო სამსახურისა და სახელმწიფო კომპანიებში დასაქმების გამოყენება“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიმოხილვაში შევიდა, ასევე, „თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსი“, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2015 წელს კორუფციის საშუალო რისკის ქვეყნებს შორის მოხვდა, მაშინ როცა 2013 წელს კორუფციის მაღალი რისკის ქვეყნებს შორის იყო. სამხედრო ექსპერტ თემურ ჩაჩანიძის თქმით, გასაკვირი არაა, რომ კორუფციის რისკების მხრივ ყველაზე პრობლემურ სფეროდ ითვლება შესყიდვები, განსაკუთრებით კი, იარაღის შესყიდვა:

ჩვენ შემოვიღეთ ვალდებულება, რომ ჩაატაროს საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციების მონიტორინგი, ანუ ანალიზი, როგორი იყო შემოსავლები, ხარჯები, და გამოარკვიოს, არის თუ არა რაიმე საეჭვო საკითხები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს სამართალდარღვევაზე...

„იარაღის შესყიდვები მეტწილად არის მკაცრად საიდუმლო როგორც შინაარსის, ასევე კომერციის - ფასების - თვალსაზრისითაც. მსოფლიო პრაქტიკაც ასეთია, რომ ფასებს ან მიახლოებით წერენ, ან ისეთ ფასებს უთითებენ, რომელიც აცდენილია რეალური კონტრაქტის ფასებთან. რეალური ფასები საიდუმლოა და მათ გახმაურებას ერიდებიან“.

თუმცა, მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს პროგრესი აქვს კანონმდებლობის მიმართულებით. საქმე ის არის, რომ ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში შევიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება, რომელთაგან, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე შენიშნავს, განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შემოღება.

„შევსებული დეკლარაციები იდო მხოლოდ, იყო საჯარო, მაგრამ არავინ არ ამოწმებდა, სწორია თუ არა ის, რაც დეკლარაციაში წერია. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩნდება შესაძლებლობა, რომ მოიტყუოს ვიღაცამ, ტყუილი ინფორმაცია შეიტანოს. შესაბამისად, დეკლარაციების ანალიზს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ შემოვიღეთ ვალდებულება, რომ ჩაატაროს საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციების მონიტორინგი, ანუ ანალიზი, როგორი იყო შემოსავლები, ხარჯები, და გამოარკვიოს, არის თუ არა რაიმე საეჭვო საკითხები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს სამართალდარღვევაზე“, უთხრა რადიო თავისუფლებას ვახტანგ ხმალაძემ, რომლის თქმით, ცვლილება 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. წინგადადგმული ნაბიჯი იყო, ასევე, ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, რაც ასევე აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმოხილვაში, რომლის ერთ-ერთი ავტორის, ერეკლე ურუშაძის, თქმით, ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის საჭიროა პოლიტიკური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მქონე უწყება, რომლის თანამშრომლები, საჭიროების შემთხვევაში, დაუპირისპირდებიან მაღალი თანამდებობის გავლენიან პირებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG