Accessibility links

logo-print

დიდთოვლობა და პოლიტიკური დებატები საქართველოში


საარჩევნო კოდექსის განხილვა

საარჩევნო კოდექსის განხილვა

მთელი გასული კვირის განმავლობაში საქართველოში თოვდა, რამაც დასავლეთ საქართველოს რეგიონების დიდი ნაწილი დააზარალა. განახლდა მსჯელობა სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე, მათ შორის, მოსამართლეთა დანიშვნის წესზე, საარჩევნო კოდექსსა და ა.შ. გამოქვეყნდა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების გეგმაც, სადაც მოკავშირეებად საქართველოს ოკუპირებული რეგიონებია მოხსენიებული, ხოლო, ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2018 წლისათვის 5 % იქნება.

გასული კვირა დაიწყო მსჯელობით იუსტიციის საბჭოსა და მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის შესახებ. საქმე ეხება განცხადებას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა 29 დეკემბერს გააკეთა:

„ვფიქრობ, რომ იუსტიციის საბჭოც უნდა წავიდეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც უნდა წავიდეს, რადგანაც ვერც ერთმა ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი“.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არსებობს მოსამართლეთა კლანი, რომელიც პირადი შეხედულებით ნიშნავს მოსამართლეებს.

ამ თემაზე სამსჯელოდ 4 იანვარს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომაც დაინიშნა, თუმცა მამუკა ახვლედიანი მას არ დასწრებია.

მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის სისტემას აკრიტიკებს სპეციალისტების ნაწილიც. საქართველოს მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ხშირად ბუნდოვანია, თუ რატომ დაინიშნა ან არ დაინიშნა ესა თუ ის ადამიანი მოსამართლედ.

კრიტიკას არ იზიარებს უზენაესი სასამართლოსა და საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე:

„ჩვენ ყველანაირად შევუწყვეთ ხელი ღია და გამჭვირვალე პროცედურების დამკვიდრებას. კონკურსის პირველი ორი ეტაპი ითვალისწინებს საბუთების წარმოდგენასა და გასაუბრებას, რომელზეც საბჭოს წევრები სვამენ ყველა კითხვას. ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აკეთებენ შეფასებას და, ბოლოს, იმართება ფარული კენჭისყრა, სადაც მოსამართლეები იღებენ გადაწყვეტილებას. სხვა რაიმე ფორმატი, რომელიც კანონით არაა გათვალისწინებული,არ განხორციელებულა“.

4 იანვარს განახლდა მსჯელობა საარჩევნო სისტემის შესახებაც. სისტემის გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც 13 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიისგან შედგება, მიმართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ საუბარს ითხოვს.

პარტია “ახალი მემარჯვენეების”ლიდერმა მამუკა კაციტაძემ იმედი გამოთქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე მის წინამორბედთან:

„საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გვექნება საუბარი ბატონ კვირიკაშვილთან. საუბარი იქნება როგორც საარჩევნო სისტემაზე, ასევე სხვა საკითხებზე, რომელიც არის საარჩევნო გარემოს შემადგენელი ნაწილი. აუცილებლად შევთავაზებთ კონკრეტულ მოდელს კვირიკაშვილს და თქვენ, ჟურნალისტებს, ამის შესახებ მაშინ გეტყვით, როცა შეხვედრიდან გამოვალთ. პრემიერი კვირიკაშვილი გაცილებით უფრო ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს, გაცილებით უფრო შედეგზე ორიენტირებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, მისი პრემიერობის პირველი დღეებიდან გამომდინარე, ვიდრე მისი წინამორბედი და, მით უმეტეს, მისი წინამორბედი“.

მისგან განსხვავებით, კონკრეტული შედეგების მიღწევის იმედი არ აქვს “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელს, გიორგი ახვლედიანს.

ინტერპარტიული ჯგუფისთვის მიუღებელია ის ცვლილებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო.საქმე ეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის შეცვლილ მაჟორიტარულ სისტემას.

ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი,რომელმაც თქვა, რომ მათი მოთხოვნები უპერსპექტივოა და პარტიებს არჩევნებისთვის მზადება ურჩია.

“საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტს ხელი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 8 იანვარს მოაწერა,რის შემდეგაც კანონპროექტმა კანონის ძალა შეიძინა. შესაბამისად, შეიცვალა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები, ხოლო საარჩევნო ბარიერი 50 პროცენტამდე გაიზარდა. თუმცა გიორგი მარგველაშვილი ამ ცვლილებებს რეფორმის ნაწილად არ განიხილავს და პოლიტიკურ პარტიებს კონსულტაციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს:

“ეს კანონი ასრულებს იმ მოთხოვნებს,რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნა წარმოდგენილი,გარკვეულ ტექნიკურ ჩასწორებებს არსებულ კოდექსში. ეს არის სწორად დაწერილი კანონი იმ მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც წარმოადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს არ არის საარჩევნო რეფორმა,მაგრამ იმ კონტექსტში, რომელშიც ეს ცვლილებები იქნა წარმოდგენილი,ეს არის ადეკვატური კანონი. ჩვენ არ უნდა აგვერიოს ის, რომ ეს არ არის საარჩევნო რეფორმის კანონი“.

გამოქვეყნდა რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების გეგმა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - მოკავშირეებად, ხოლო აშშ, ნატო და ევროკავშირი რისკების წყაროდ არიან მოხსენიებული.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს,რომ ეს ტექსტი გამსჭვალულია „ცივი ომის სულისკვეთებით“ და მოსკოვი ამ ჭრილში პოზიციების გამყარებას ცდილობს:

„ის განცხადება,რაც გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა (გასული წლის) შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე – რომ თქვენ, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ერთმანეთში ისაუბრეთ და ჩვენ მივიღებთ ნებისმიერ თქვენს გადაწყვეტილებას – წინააღმდეგობაში მოდის ამ დოკუმენტში (რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში) ასახულ პოსტულატებთან, სადაც პირდაპირ არის ხაზგასმული,რომ ორ რესპუბლიკასთან (და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოიაზრება როგორც სუვერენული სახელმწიფოები) ყველანაირი ურთიერთობის განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას რუსეთის საგარეო პოლიტიკაში“.

7 იანვარს გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიში,რომლის მიხედვითაც, არსებობს საშიშროება, ეკონომიკის განვითარების შენელებულმა ტემპმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის მიზნის მიღწევასა და საყოველთაო კეთილდღეობის დონის ამაღლებაზე.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2016 წელს 3% იქნება, 2017-ში - 4, ხოლო 2015 წელს ეს მაჩვენებელი 5 პროცენტს მიაღწევს.

“საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” თავმჯდომარე შოთა გულბანი მიიჩნევს, რომ ეს ოპტიმისტური პროგნოზი მიმდინარე თუ დაგეგმილი რეფორმების დამსახურებაა, თუმცა ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია:

„მაგალითად, უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, დოლარის გამყარებამ საერთაშორისო დონეზე, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც იქონია უარყოფითი გავლენა იმ კუთხით, რომ იურიდიული პირების ნაწილს დოლარში ჰქონდა ვალდებულება და მათ გაუძვირდათ ამ ვალდებულებების მომსახურება. ბუნებრივია, ამან მათ ბიზნესს ზიანი მიაყენა და თუკი ბიზნესს ზიანი მიადგა, ეს, საერთო ჯამში, უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. აი, ასეთი სიტუაციები თუ მოხდა, შეიძლება (პროგნოზი) გადაიხედოს“.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი ზურაბ ხორგუაშვილი კი ამბობს, რომ 3, 4 თუ 5-პროცენტიანი ზრდა ბევრს ვერაფერს მოუტანს ქვეყანას და საქართველოს ეკონომიკური ზრდა დიდწილად არის დამოკიდებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი საწარმოების გახსნაზე - ამ მხრივ კი ქვეყანაში არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა.

გასული კვირის განმავლობაში საქართველოში დიდთოვლობა იყო, რამაც სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და იმერეთის სოფლების ნაწილი დააზარალა. გაითიშა ელექტროენერგია და გზების გაუწმენდაობის გამო შეიქმნა გადაადგილების პრობლემა.

დიდთოვლობის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. კვირის ბოლოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზარალი დათვალეს და დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვენ. მაგალითად, როგორც წალენჯიხის გამგებელი გოგა გულორდავა ამბობს, რაიონში ზარალმა 460 ათას ლარს მიაღწია:

„ზარალი უკვე დათვლილია. ციფრები გადაგზავნილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში, შეადგენს 460 000 ლარს. ძირითადად, ეს არის დაზიანებული შენობების სახურავები: საბავშვო ბაღები, ადმინისტრაციული შენობები და 8 საცხოვრებელი სახლი. შეიძლება გადმოთოვლილი იყო, მაგრამ რომ იწვიმა, დამძიმდა თოვლი და ძველი გადახურვები რაც იყო, ძირითადად ისინი დააზიანა“.

ჩხოროწყუს რაიონში ზარალმა 75 ათას ლარს მიაღწია.ზუგდიდში, წინასწარი მონაცემებით, ის 300 000 ლარამდე გაიზარდა, ხობში - 400 000-მდე.

საკმაოდ დაზარალდა გურიაც, სადაც, მართალია, კვირის ბოლოს თოვა შეწყდა, მაგრამ ზარალის საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 500 000 ლარია.

იმერეთის 8 მუნიციპალიტეტში საერთო ზარალი 270 950 ლარია, ხოლო აჭარაში დაზიანებული სახლების შეკეთებას, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 10 000 ლარი დასჭირდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG