Accessibility links

logo-print

მინდია ჯანელიძე: საქართველო არ დგას რაიმე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე


მინდია ჯანელიძე

მინდია ჯანელიძე

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გასული წლის ბოლოს შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, მის მდივნად კი 35 წლის მინდია ჯანელიძე დაინიშნა. ახალი უწყება საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოა და იგი, საფრთხეების შემცირებისა და ნეიტრალიზების მიზნით, შესაბამის რეკომენდაციებს უმზადებს საქართველოს მთავრობას.

მინდია ჯანელიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, კონტრმზვერავი/იურისტი-სამართალმცოდნის სპეციალობით, დამატებითი სპეციალური განათლება მიღებული აქვს დასავლეთის ქვეყნებში. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსი, 2012 წლიდან კი ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. მინდია ჯანელიძე, სამხედრო წოდებით, არის პოლკოვნიკი, მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ასევე უწყებრივი ჯილდო - მედალი “მაღალი პროფესიონალიზმისთვის”. ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რადიო თავისუფლება: თავდაპირველად ერთი ზოგადი შეკითხვით დავიწყებ. ახალი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში გაჩნდა პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო. გაიმიჯნა თუ არა ამ ორ სტრუქტურას შორის უფლებამოსილებები და ხომ არ აქვს ადგილი საქმიანობის დუბლირებას?

კრიზისების ეფექტურად მართვისათვის შექმნილია შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფი, შემუშავებულია სისტემა კრიზისების მართვისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილი იქნება ე.წ. სამდონიანი სისტემის სახით...

მინდია ჯანელიძე: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რომელმაც ახლებურად გადაანაწილა უფლებამოსილებები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლება გადავიდა მთავრობის კომპეტენციაში, ხოლო ფუნქციების გარკვეული ნაწილი დარჩა საქართველოს პრეზიდენტს. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ გაჩნდა საჭიროება მთავრობასთან - უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან - შექმნილიყო საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო, რომელიც კოორდინირებას გაუწევდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალ უწყებებს უსაფრთხოების სფეროში. კონკრეტულად რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს უფლება-მოვალეობებს, ის, რა თქმა უნდა, გამიჯნულია უშიშროების საბჭოს ფუნქციებისგან. ამ ორი საბჭოს ფუნქციონალური მოვალეობა განისაზღვრება პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. კერძოდ, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში რეკომენდაციების შესამუშავებლად, რომლებიც კონსტიტუციით განსაზღვრულია პრეზიდენტისათვის, მუშაობს უშიშროების საბჭო. რაც შეეხება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, იგი შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად. ანუ ამ ორი საბჭოს უფლებამოსილებათა ჩარჩო განსაზღვრულია მთავრობისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ჩარჩოებით და, ასე ვთქვათ, გამომდინარეობს მათგან. არანაირი ფუნქციათა აღრევა არ ხდება და ვერც მოხდება, იმიტომ რომ უსაფრთხოების საბჭო ვერ შეიმუშავებს და ვერ მიიღებს რეკომენდაციებს პრეზიდენტისათვის, ხოლო უშიშროების საბჭო - მთავრობისათვის.

რადიო თავისუფლება: ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს ამ თემაზე საუბარი, იქნებ მოკლედ განმარტოთ, თუ რა დამატებითი ფუნქციები გადაეცა უსაფრთხოების საბჭოს.

მინდია ჯანელიძე: რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს დამატებით ფუნქციებს, ეს არის კრიზისების მართვის ფუნქცია, რომელიც მანამდე არ არსებობდა ჩვენს ქვეყანაში. კრიზისების ეფექტურად მართვისათვის შექმნილია შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფი, შემუშავებულია სისტემა კრიზისების მართვისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილი იქნება ე.წ. სამდონიანი სისტემის სახით. ამჟამად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული და სხვა სახის სამუშაოები იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად მოხდეს კრიზისების მართვა ჩვენს ქვეყანაში. გასული პერიოდის განმავლობაში, პრინციპში, გვქონდა რამდენიმე გამოწვევა საქართველოში, რასაც წარმატებით გაართვა თავი კრიზისების მართვის ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უსაფრთხოების საბჭოსი.

რადიო თავისუფლება: თქვენ მხედველობაში გაქვთ სტიქიური უბედურება აჭარა-გურიაში თუ რაიმე სხვა მოვლენა?

მინდია ჯანელიძე: ეს იყო ყაზბეგის რაიონში, დევდორაკის ხეობაში, მომხდარი სტიქიური შემთხვევა და ასევე აჭარა-გურიაში უკანასკნელ პერიოდში მომხდარი სტიქიური შემთხვევები.

დესტაბილიზაციის საფრთხე ვიწრო სამართალდაცვითი საკითხია

რადიო თავისუფლება: თქვენ რამდენიმე დონის საფრთხე ახსენეთ. და რა არის ის მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშე საქართველოს უსაფრთხოება დგას?

მინდია ჯანელიძე: უსაფრთხოება ეს ისეთი სფეროა, რომ მე ვერ დავასახელებ და კონკრეტულად ვერ გამოვყოფ იმ საფრთხეს, რომელიც განსაკუთრებით არის რაღაც ეგზისტენციალური და განსაკუთრებული მნიშვნელობის. საფრთხეების ერთობლიობა იძლევა იმ მოცემულობას, რის გამოც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები და უსაფრთხოების სისტემა უნდა მზად იყოს ამ საფრთხეების გასამკლავებლად. ანუ რომელიმე ერთ საფრთხეზე აქცენტის გაკეთება არ მიმაჩნია სწორად. ეს საფრთხეები ერთობლიობაში იძლევა ზოგადი უსაფრთხოების სურათს ჩვენი ქვეყნისათვის და ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავგეგმოთ ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა ყველა მიმართულებით.

ამ ეტაპზე, მინდა გითხრათ, ასეთი სალაფიზმის და რაღაც რადიკალური ისლამიზმის გავრცელების საფრთხე საქართველოში არ დგას, თუმცა გარკვეული წინაპირობები არსებობს და ამაზე საჭიროა მუშაობა, რომ ამ საფრთხის შემცირება და მისი ნეიტრალიზება მოხდეს...

რადიო თავისუფლება: შიდა საფრთხეები თუ შედის ამ სამდონიანი უსაფრთხოების სისტემის პარადიგმაში? ამ შეკითხვას იმიტომ გისვამთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ამასწინანდელი ინტერვიუ გამახსენდა ყოფილი ხელისუფლების მომხრეების მხრიდან შესაძლო დესტაბილიზაციის შესახებ.

მინდია ჯანელიძე: ზოგადად, შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხები, რა თქმა უნდა, შედის უსაფრთხოების პარადიგმაში. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს თემა უფრო მეტად ვიწრო სამართალდაცვითი საკითხია და მასზე შესაბამისი სამსახურები მოახდენენ რეაგირებას. თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა იმ ტენდენციას, რაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ვითარდება, ვაკვირდებოდეთ ყურადღებით, ვაკეთებდეთ შესაბამის დასკვნებს, შეფასებებს და შევიმუშავებდეთ მთავრობისათვის რეკომენდაციებს, რომლებიც ამ საფრთხეების შემცირებისა და ამ საფრთხეების ნეიტრალიზებისაკენ იქნებოდა მიმართული.

რადიო თავისუფლება: ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა გამოაქვეყნა საერთაშორისო ტერორისტთა შავი სია, რომელშიც „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე საველე მეთაურია შესული. მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა, პანკისის ხეობიდან - თარხან ბათირაშვილი და მურად ხანგოშვილი. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების უკან დაბრუნების, სალაფიზმის გავრცელების საშიშროება თუ არსებობს საქართველოში?

მინდია ჯანელიძე: მინდა გითხრათ, რომ ამ საფრთხეების თვალსაზრისით ჩვენ მუდმივი მონიტორინგის რეჟიმი გვაქვს, მუდმივად ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. ამ ეტაპზე, მინდა გითხრათ, ასეთი სალაფიზმის და რაღაც რადიკალური ისლამიზმის გავრცელების საფრთხე საქართველოში არ დგას, თუმცა გარკვეული წინაპირობები არსებობს და ამაზე საჭიროა მუშაობა, რომ ამ საფრთხის შემცირება და მისი ნეიტრალიზება მოხდეს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ აშშ-მა, არამედ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა ტერორისტებად, სამწუხაროა, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები. თუმცა ამის განმაპირობებელია ძირითადად რელიგიური ფაქტორი, რის გამოც იღებენ ეს ადამიანები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში მონაწილეობის გადაწყვეტილებას.

მოსმენების თემა უფრო მეტად ანგაჟირებულია

რადიო თავისუფლება: წინა ხელისუფლების დროს არაერთი საყვედური გამოითქმებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული უშიშროების, ანუ სპეცსამსახურების, ფუნქციით აღჭურვის შესახებ. ასეთ სტრუქტურას მონსტრს უწოდებდა და მათი ორ სამინისტროდ გაყოფის პირობას დებდა წინასაარჩევნო პროგრამაში კოალიცია „ქართული ოცნება“. ორი წელი გავიდა მას შემდეგ და მონსტრი კვლავ მონსტრად რჩება. მე ვერც კი ვიხსენებ დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამსახური, რომელსაც საქართველოში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ჰქვია, ერთ უწყებაში იყვნენ გაერთიანებულნი. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ სახით წარმოადგენს სახელმწიფოს სახელმწიფოში, რაც, საზოგადოების მხრიდან სრული სამოქალაქო კონტროლის უქონლობის შემთხვევაში, შესაძლოა სახიფათო იყოს?

რაც შეეხება მოსმენების თემას, მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო მეტად ანგაჟირებული თემა, ვიდრე რეალობაში უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას აქვს ძალიან უარყოფითი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით...

მინდია ჯანელიძე: ვერ დაგეთანხმებით, ბატონო კობა. მე შემიძლია ახლავე მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, როდესაც სპეცსამსახურები და სამართალდამცავი ბლოკი ერთი უწყების ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული. მაგალითად: იგივე ესტონეთი, ლატვია და პოლონეთი. შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ იქნებოდა უკეთესი, თუმცა მე მიმაჩნია, რომ დემოკრატიული მმართველობის პირობებში და იმ პირობებში, როცა დაცულია კანონის უზენაესობა და დაცულია ადამიანის უფლებები, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ამ ორი სამსახურის, ასე ვთქვათ, ერთი ქოლგის ქვეშ ყოფნა. რაც შეეხება მოდელებს, არსებობს მრავალი მოდელი, მაგრამ არსებობს ცუდი მაგალითები და ცუდი პრეცედენტები როგორც ერთი მოდელის, ისე მეორე მოდელის შემთხვევაში.

რაც შეეხება წინასაარჩევნო განცხადებებს, შეიძლება არსებობდეს როგორც ერთი მოსაზრება, ისე მეორე, თუმცა, ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობიდან და ასევე სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს სისტემა ასე დარჩეს თუ გაიყოს. ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.

რადიო თავისუფლება: ბატონო მინდია, რას ფიქრობთ სატელეფონო მოსმენების თაობაზე საზოგადოებაში, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთ ნაწილში არსებული შეშფოთების შესახებ? „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მარტში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოირკვა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ერიდება ტელეფონით გაუზიაროს მეგობრებს თავისი აზრი პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ასევე გაანდოს თავისთვის მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაცია. ასეთია გამოკითხულთა 69 და 63 პროცენტი.

მინდია ჯანელიძე: რაც შეეხება მოსმენების თემას, მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო მეტად ანგაჟირებული თემა, ვიდრე რეალობაში უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას აქვს ძალიან უარყოფითი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული. შესაბამისად, არის საზოგადოებაში განცდა, რომ ვიღაც მათ პირად ცხოვრებაში ერევა, მათ სატელეფონო საუბარს უსმენს და ასე შემდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. ჩვენ წინა, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოვახდინეთ გარკვეული ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში, რომელიც არეგულირებს არა მარტო მოსმენების თემას, არამედ თავად მოსმენების, როგორც საგამოძიებო მოქმედების, რეგლამენტაციას აწესებს. აქედან გამომდინარე, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია ის ცვლილებები, რომლებიც უკვე განხორციელდა. რაც შეეხება ჯგუფს, ის მუშაობს კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწაზე. თუმცა მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არავითარი საფრთხე რაღაც მოსმენების განხორციელების და უკანონო ელექტრონული თვალთვალისა დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.

„ლაფანყურის ოპერაციის“ გამოძიება არ არის უპერსპექტივო

რადიო თავისუფლება: და კიდევე ერთი შეკითხვა უსაფრთხოების საკითხების ოფიცერთა ინსტიტუტს შეეხება. სამშაბათს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ე.წ. "ოდეერებთან" (წარმოდგება რუსული აბრევიატურისაგან „ოფიცერ დეისტვუიშჩეგო რეზერვა“- კ.ლ.) დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციით, ერთ-ერთ უწყებაში უსაფრთხოების საკითხების ოფიცრად მუშაობს წარსულში პროკურორად ნამუშევარი პირი, ვინც 2013 წელს ერთ-ერთ ბიზნესმენს „ნაციონალური მოძრაობისათვის“ გარკვეული თანხის გადარიცხვას აიძულებდა. მოკლედ, რა საჭიროა ეს ინსტიტუტი? იგი რელიქტია საბჭოური მემკვიდრეობისა თუ დემოკრატიული მმართველობის ნაწილიცაა?

უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ურთულესი საქმე, იქიდან გამომდინარე, რომ წინა ხელისუფლების დროს მოხდა მიზანდასახულად კვალის წაშლა ბევრი მიმართულებით. თუმცა მუშაობა, როგორც მე ვიცი, გრძელდება...

მინდია ჯანელიძე: რაც შეეხება „ოდეერის“ ინსტიტუტს, ასევე მინდა დაგარწმუნოთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აცხადებენ, ფართო საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. ამის თაობაზე უნდა ვთქვა, რომ საქართველოში „ოდეერის“ ინსტიტუტი უკვე საკმაოდ დიდი ხანია აღარ არსებობს. ეს ადამიანები არიან უსაფრთხოების სფეროში კონსულტანტები. ამ ორ ინსტიტუტს შორის არის არსებითი განსხვავება. ვისაც წარსულში უმუშავია საბჭოთა უშიშროების ორგანოებში, იცის, რომ ეს „ოდეერის“ ინსტიტუტი არის აბსოლუტურად სხვა. რაც შეეხება უსაფრთხოების სფეროში კონსულტანტს, ამის დატვირთვა არის სხვა, რადგან ყველა უწყებას - შეიძლება ყველას არა, მაგრამ მათ დიდ ნაწილს - ესაჭიროება გარკვეული კონსულტაციები იმავე შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, კადრების კეთილსაიმედოობის კუთხით და ასე შემდეგ. ანუ ეს არის არსებითად განსხვავებული ინსტიტუტი იმისგან, რაც იყო „ოდეერის“ ინსტიტუტი. დამიჯერეთ, ბატონო კობა, ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელიც ხშირად ახსენებს ამ ინსტიტუტს, არ იცის მისი მნიშვნელობა და დანიშნულება.

რადიო თავისუფლება: ვიდრე ამ თანამდებობას დაიკავებდით, მანამდე, 2012 წლის შემდეგ, თქვენ იყავით კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი. მინდა გკითხოთ გახმაურებულ „ლაფანყურის სპეცოპერაციაზე“, რომელიც არ ჩამოდის საგაზეთო სათაურებიდან. ხომ არ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ბოლო ინფორმაცია, გამოძიება წავიდა წინ თუ ეს არის უპერსპექტივო საქმე, რადგან ეხება ქვეყნის უსაფრთხოების სენსიტიურ თემას?

მინდია ჯანელიძე: ბოლო ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ. ბოლო ინფორმაცია უნდა მოიკითხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ნამდვილად არ არის უპერსპექტივო საქმე. ჩემს პერიოდში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ამ მიმართულებით და, შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად ჩვენც გავიგებთ ამ გამოძიების შედეგებს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ურთულესი საქმე, იქიდან გამომდინარე, რომ წინა ხელისუფლების დროს მოხდა მიზანდასახულად კვალის წაშლა ბევრი მიმართულებით. თუმცა მუშაობა, როგორც მე ვიცი, გრძელდება.

XS
SM
MD
LG