Accessibility links

logo-print

მინისტრი ჟურნალისტებთან დისკუსიაში


დისკუსია ჟურნალისტებთან

დისკუსია ჟურნალისტებთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უკვე ტრადიციად აქცია შეხვედრები არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან. ჟურნალისტებთან მეორე შეხვედრა გუდაურში გაიმართა. შეხვედრა დახურული ფორმატისაა და საუბარი გახსნილად მიმდინარეობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც კონფლიქტების მოგვარებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხება. დისკუსიების ის დეტალები, რამაც შეიძლება დააზარალოს სამშვიდობო პროცესი, როგორც წესი, არ ხმაურდება, თუმცა ამ ფორმატის შეხვედრებზე ჟურნალისტები ბევრ საინტერესო ინფორმაციას იღებენ.

გუდაურში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე კონფლიქტის კონტექსტში, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე. ჟურნალისტები, რომლებიც კონფლიქტების თემებზე მუშაობენ, აქტიურად ერთვებოდნენ ცხარე დისკუსიებში და ყველა იმ კითხვას სვამდნენ, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს. კობა ბენდელიანი სოხუმელია, იგი ამჟამად საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელია და ძირითადად ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემებზე მუშაობს. მისი აზრით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრთან შეხვედრები და ინფორმაციის მიღება უფრო ხშირადაც კი უნდა ხდებოდეს.

საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ ჟურნალისტი ეკა მომცემლიძე აცხადებს, რომ სამშვიდობო პროცესის დეტალების შიგნიდან დანახვა უფრო საინტერესოა და ასეთ შეხვედრებზე ყველაზე უფრო მწვავე კითხვები ისმება ხოლმე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპორტიორი ნატალია ბერულავა ზუგდიდში მუშაობს და საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ხშირად უწევს რეპორტაჟების კეთება. მისი აზრით, ზაქარეიშვილის უწყებას სხვა სამინისტროებმაც უნდა მიბაძონ, რადგან პასუხგაუცემელი კითხვები ხშირად გროვდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის ფორმატში გამართულ შეხვედრას. პაატა ზაქარეიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თვითაღიარებულ რესპუბლიკებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება არ იგეგმება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ ეს უკვე გააკეთა ცალმხრივად და არაერთი საერთაშორისო ტრიბუნიდანაც განაცხადა. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ პროცესის დროს ყველა ინფორმაციის გახმაურებამ შეიძლება ნეგატიური შედეგი მოიტანოს, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, ფიქრობს, რომ საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულია და ასეთი ფორმატის შეხვედრებიც საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის ინფორმირებას ემსახურება.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სამშვიდობო პროცესში დინამიკა უკვე შეინიშნება. მისი აზრით, ეს არ არის სწრაფი დინამიკა, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ზაქარეიშვილის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან სულ უფრო მეტი ადამიანი ჩადის თბილისში სამკურნალოდ, საქართველოს საკურორტო ქალაქებში კი უკვე დასასვენებლადაც მიდიან.

XS
SM
MD
LG