Accessibility links

logo-print

„იმედის ნაპერწკალი“ მინსკში


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი (შუაში) და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მინსკის აეროპორტში

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი (შუაში) და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მინსკის აეროპორტში

მსოფლიოს ყურადღება ბელორუსიის დედაქალაქისკენ არის მიმართული. მინსკში ჩავიდნენ უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები აღმოსავლეთ უკრაინაში 10 თვის წინ დაწყებული კონფლიქტისთვის ბოლოს მოღებაზე მოსალაპარაკებლად. მათ შეხვედრას აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტზე „მოლაპარაკების ბოლო შანსად“ მიიჩნევს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი.

სამიტს, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი შეიკრიბნენ, დიდ იმედებს არ უკავშირებენ. გარღვევის მიღწევის პერსპექტივა საეჭვოა ინტენსიური ბრძოლებისა და ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების ფონზე კონფლიქტში, რომელმაც, შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, 5 350-ზე მეტი ადამიანი შეიწირა და ცივი ომის შემდეგ ყველაზე მწვავე დაძაბულობამდე მიიყვანა დასავლეთთან მოსკოვის ურთიერთობა.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პრესმდივანმა „იმედის ნაპერწკალი“ უწოდა მინსკის სამიტს. „ვიზიტი რომ შედგება, ეს ნიშნავს იმედის ნაპერწკალს, მაგრამ მეტს არაფერს. ძალაში რჩება ის, რაც ფედერალურმა კანცლერმა რამდენჯერმე განაცხადა ბოლო დღეებში, რომ ნათელი არ არის, შეძლებენ თუ ვერა შედეგის მიღწევას. მაგრამ, ყველა გაუკრვევლობის მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში დაზარალებული ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ ინიციატივასთან დაკავშირებული მცდელობა“, განაცხადა 11 თებერვალს ბერლინში გამართულ ბრიფინგზე გერმანიის კანცლერის წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა.

მინსკის სამიტი არის ნაწილი დიპლომატიური ძალისხმევისა, რომლის ინიციატორებიც მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი არიან. მათ გასულ კვირაში გააცნეს თავიანთი წინადადებები უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს, სისხლისმღვრელი დაპირისპირებისათვის ბოლოს მოღების იმედით. სამიტზე განსახილველი გეგმის დეტალებზე ბევრი არაფერია ცნობილი. მოსალოდნელია, რომ მსჯელობა ეფუძნება მინსკში შარშან სექტემბერში მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობის მისაღწევად განსაზღვრულ ზომებზე. სექტემბერში ხელმოწერილი ეს ზავი ბევრჯერ დაირღვა. მისი დადების შემდეგ ასობით მებრძოლი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. მსხვერპლის შესახებ 11 თებერვალსაც ვრცელდებოდა ცნობები.

იმის შესახებ, თუ რა პოზიცია აქვს მინსკის სამიტისთვის უკრაინას, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ისაუბრა ბელორუსიაში გამგზავრებამდე კიევში, მთავრობის სხდომაზე. „გარწმუნებთ, რომ უკრაინა და ევროპის კავშირი მინსკის სამიტზე ერთიანი პოზიციით გამოვლენ და ერთი ხმით ილაპარაკებენ. საკვანძო მნიშვნელობის პოზიციაა, რომელსაც ხაზგასმით აღვნიშნავთ და რომელზეც დაბეჯითებით ვისაუბრებთ, რომ გვჭირდება უპირობო ზავი, ყოველგვარი წინასწარი მოთხოვნების გარეშე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა კიევში.

11 თებერვალს მოსკოვშიც გაკეთდა საყურადღებო განცხადება, რომელიც ქმნის წარმოდგენას მინსკის სამიტისთვის მოსკოვის პოზიციაზე. ეს განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა: „ძალიან მეეჭვება, რომ გაცხარებულ საბრძოლო მოქმედებებში, როცა უკრაინის ხელისუფლება ცდილობს გაიუმჯობესოს ხმელეთზე თავისი სამხედრო მდგომარეობა, როგორც ჩანს, იმ გათვლით, რომ ამას მინსკის შეხვედრისთვის გამოიყენებს... ვერ წარმომიდგენია, როგორ შეძლებენ დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლები დათანხმებას საზღვრის კონტროლის აღდგენაზე, როგორც ყველაზე მთავარ მოთხოვნასა და წინასწარ პირობაზე ყველაფერ დანარჩენისათვის“.

როგორც ცნობილია, რუსეთი უარყოფს ბრალდებებს, რომ მოსკოვი სეპარატისტებს ეხმარება იარაღითა და ცოცხალი ძალით. არადა, მინსკის სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარისკაცები პირდაპირ არიან ჩართული ბრძოლაში აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დებალცევოსთან და რუსეთის ათი ბატალიონია განთავსებული აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან.

XS
SM
MD
LG