Accessibility links

გასულ კვირას ახალგაზრდა თურქი კომპოზიტორისა და მულტიინსტრუმენტალისტის მერკან დედეს შესახებ ვისაუბრე, სუფიური პოეზია ელექტრონული ჟღერადობით რომ აამეტყველა. ჰოდა, დღესაც ჩვენი მეზობლების მუსიკალურ სივრცეში ვიტრიალებ. ოღონდ ამჯერად ერთ ჩვენებურ ქალზე მოგახსენებთ, რომელსაც მირჯან ქაია ჰქვია.



მირჯან ქაია ართვინის მახლობლად, ერთ ლაზურ ოჯახში დაიბადა. საკუთარი და-ძმის მსგავსად, ალქაჯი და ჭინკა ბავშვი არ ეთქმოდა, პირიქით, საოცრად მშვიდი გახლდათ - იმდენად მშვიდი, რომ რამდენიმე წელი ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია. ნირწამხდარი მშობლები მისი ამეტყველების იმედს არ კარგავდნენ, ალბათ, იავნანას სასწაულის სჯეროდათ და მეგრულ ნანას უგალობდნენ. ექვსი წლის რომ შეიქნა, ყველასთვის მოულოდნელად, საოცარი სილამაზის ხმით აღიღინდა, თურქული და ლაზური მელოდიების იმპროვიზირებას მოჰყვა. ამ საქმეს იმდენად ხეირიანად გაართვა თავი, შეშინებულ დედ-მამას ეჭვიც კი შეუჩნდა, ჭკუასთან აფრაკად ხომ არ არისო. გეგონებოდათ, რომ დუმილის მთელი ექვსი წელი ზემოხსენებულ მუსიკალურ მასალას იმახსოვრებდა, დეტალურად სწავლობდა და, სმენას მინდობილი, თურქულ თუ მეგრულ მუსიკალურ ფორმებს ერთმანეთს უხამებდა.



მირჯან ქაია სცენაზე 12 წლის ასაკში გამოჩნდა. თუმცა სცენა ნაკლებად ეთქმოდა - მეტწილად კაცი ქორწილებში თუ ნახავდა, სადაც ურთულეს თურქულ ხალხურ სიმღერებს ასრულებდა და ასე ატკბობდა მისი ნიჭით გაოგნებულ ლხინის სუფრებს. როცა წამოიზარდა, საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდა, გოგონათა საშუალო სკოლაში ისწავლა. ერთხელ, სტამბოლის ქუჩებში სეირნობისას, სადღაც, ეგვიპტურ ბაზართან ახლოს მდებარე მუსიკალურ მაღაზიაში, "გიბსონის" აკუსტიკურ გიტარას გადაეყარა. არც დაკვრა იცოდა და ინსტრუმენტის შესაძენად გროშიც არ ებადა, მაგრამ ცდუნება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ის მედალიონი გაყიდა, მამამ, როგორც წარჩინებულ მოსწავლეს, რომ უსახსოვრა. სინდისის ქენჯნით ნაშოვნი ფულით გიტარაც შეიძინა და მასწავლებელიც დაიქირავა. საქმეს ალღო მარტივად აუღო და სულ მალე, თანაკურსელებთან ერთად, როკჯგუფი ჩამოაყალიბა. რაღაც ხანს ედგარ ალან პოს, შექსპირისა და რამდენიმე თურქი ბატონის ტექსტებით ერთობოდნენ.



ზემოთ ვთქვი, უცნაური ბავშვი იყო-მეთქი და მერეც არ დააკლო. სწავლა არა რომელიმე მუსიკალურ სასწავლებელში, არამედ საინჟინრო ფაკულტეტზე განაგრძო. მანამდე არ მოისვენა, სანამ სამშენებლო სეისმოლოგიის მთლად პროფესორი არ გახდა. დღემდე სამეცნიერო შრომებს წერს, მსოფლიოს სხვადასხვა სეისმოაქტიური რეგიონისთვის სეისმოგამძლე შენობების ასაგებად რეკომენდაციებს გასცემს და სტამბოლის წყალგაყვანილობის სისტემის პროექტებს აცხობს. აი, მუსიკისათვის კი მაინც იცლის. როგორც თავად ამბობს, ღამღამობით მუშაობს, რთული სამუშაო დღის ბოლოს სულის მოთქმაში მეხმარებაო. ჰოდა, ამ მოდუნების პროცესში ერთმანეთისგან განსხვავებული 9 ალბომი ჩაწერა, მუსიკალური თვალსაზრისით საოცრად მრავალფეროვანი დისკები, სადაც ზოგან მეგრულ ნანას ასრულებს, ზოგან ჯაზურ-ლაზურად უქცევს, ხოლო ზოგან თურქულ ხალხურ მელოდიებს ელექტრონულ ყაიდაზე არჯულებს. თუმცა ამჯერად სიუჟეტს ჩემი უსაყვარლესი სიმღერით დავასრულებ, უფრო ზუსტად კი, სმენის დამატკბობელი იავნანას საუცხოო ვერსიით, ალბომიდან "ერთხელ სამეგრელოში".

XS
SM
MD
LG