Accessibility links

logo-print

4 სექტემბერი, კვირა

დილით ადრე ავდექი... წავალ, ანანურს მოვინახულებ-მეთქი, ვიფიქრე. ბაზრობაზე, სადაც ავტობუსები დადიან, ერთ-ერთ მათგანში ჩავჯექი და მივედი, ნახევარ საათში იქ ვიყავი. ჩამოვედი და, რა დავინახე: გაშლილი ველი, და ზედ აღზევებული ეს ანანური! წყალსაცავი თითქმის ცარიელი იყო. ავედი ანანურზე, კიდევ ზევით მინდოდა ასვლა და, კი ვნახე ასასვლელი... გადმოვიხედე იქიდან. ნახევარზე მეტი ნანგრევებშია ყველაფერი. ეკლესია იყო ქვევით, დანგრეულია. შენობები იყო ქვევით, დანგრეულია, ასე ამდენი რამ დაანგრია, კაცო. მერე ჩამოვედი იქედან, ნაპირზე გავივლი-მეთქი და ვნახე, რისი ღია ბარათიც მქონდა პატარაობიდან.

ანანურის ფოსტა. ისე, მყარად დგას ეს შენობა ახლაც. ჰოდა, შევალ-მეთქი. მაგრამ რას შეხვალ, სიბინძურეა! და უკვე საღამოს, რომ მოვდიოდი, ვიფიქრე, მოდი, ერთი, ვკითხავ ვინმეს, იქნებ დამითმონ ის შენობა-მეთქი. ღია ბარათები რომ შევაგროვე, საქართველოს სამხედრო გზა ჰქვია ამას და იქნებ იქ მოვაწყო ამ გზის ამსახველი გამოფენა. ერთი 400 სურათი მაინც მაქვს, მეფის დროინდელი, 120 წლის წინანდელი. იმას გაადიდებდა ხალხი და მუზეუმად იქცეოდა ეს ნგრევის პირას მისული შენობა. ჯერ არ არის შელახული, მაგრამ რამდენს გაუძლებს კიდევ? იმის მერე არ წასულა ეს იდეა არსად. ვინ არის შენი იდეების მომსმენი, ხვალ რა იქნებაო, რომელი პარტია მოვაო, იმაზეა ფიქრი სულ...

წარმოშობით ბათუმელი ვარ. სკოლა რომ დავამთავრე, ჯარში წამიყვანეს. ცოტა ადრე შეიძლებოდა წამოსვლა ჯარიდან (სამი თვით ადრე მაინც), თუ ინსტიტუტში მოხვდებოდი. ჰოდა, ვიფიქრე ჩემთვის, რომელ ინსტიტუტში? რა ტელეფონები, რა მისამართი, არაფერი ვიცოდი. მაგრამ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა იცოდა ტიმირიაზევის სახელობის სოფლის მეურნეობის აკადემიის ამბავი და მისამართი მომცა. გავაგზავნე იქ ჩემი წერილი, მიმიღეთ-მეთქი და, კიო, მობრძანდიო... გამიშვეს ჯარიდან, რომ ბედი მეცადა. მეც ჩავედი, ჩავაბარე და ასე მოვხვდი სოფლის მეურნეობის სამყაროში. ბოლო კურსზე ვიყავი, ხრუშჩოვი რომ მოვიდა და: რა უნდა ამ აკადემიას მოსკოვშიო?! სოფელში ხომ არ გადავიტანოთო, და გადაწყდა, კურსკში გადაეტანათ. საჭმელი მოსკოვში არ იყო და იმ კურსკში რა უნდა მეჭამა? ავდექი და წამოვედი. პლეხანოვის სახელობის ინსტიტუტში ჩავაბარე. მერე კი ჩავაბარე საბუთები ხილ-ბოსტნეულის და სურსათის ხარისხის დამადასტურებელ სახელმწიფო ინსპექციაში და იქ ვმუშაობდი 25 წლის განმავლობაში.

„ატკრიტკებზე“ ან რამე ასეთზე ფიქრი არ მქონია მაშინ. მაგრამ ერთხელ ვიღაცამ მაჩვენა ბარათი: შენ ხომ ქართველი ხარ, აი, შეხედე, ქართველი ბიჭუნაო. შევხედე, გასაგებად წერია: «Грузин, кахетинец, на осле» − ნახშირი ჩამოიტანა თბილისშიო. ეს იყო პირველი, რაც შევიძინე და ჯიბით ვატარებდი. ყველას ვაჩვენებდი და მერე გადავეყარე ერთ კაცს, რომელმაც მითხრა: ასეთები ბევრი აქვს ერთ ადამიანსო. ბევრი რას ნიშნავს-მეთქი და, ერთი ოცი ექნებაო. გავგიჟდი, ოცი საიდან-მეთქი, ერთი ძლივს ვნახე მე და იმან ამდენი სად ნახა-მეთქი? ჰოდა, გავიცანი ეს ადამიანი. ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის ბარათები, მაგრამ შვიდი ცალი ჰქონდა საქართველოზე. ერთი თვის ხელფასს მოგცემ, თუ ამას მომცემ-მეთქი. ისე მოგცემ, არაფერი მინდაო. მე კი ვუთხარი, ისე არ მინდა-მეთქი. არაო, ისე მოგცემო. მაგრამ ეს უფრო ძვირი დამიჯდა, ვიდრე ერთი თვის ხელფასი. ორჯერ შევიყვანე „არაგვში“. „არაგვი“ ხომ საუკეთესო რესტორანი იყო მოსკოვში, იმხანად.

მერე, რაც კი ანტიკვარული მაღაზიები იყო მოსკოვში, ყველას ვიცნობდი, ისინი მე მიცნობდნენ. რომ დაგირეკავს ადამიანი, ასი ცალი არის მოსულიო, ის ასივე ბარათი უნდა გამოართვა. ვიღებდი ამ ყველაფერს, სახლში ვახარისხებდი. აი, ესენი ზედმეტებია, არ მინდა, ვაბარებ სადღაც, ვიცი სადაც უნდა მივიტანო. ცოტას კი ვკარგავდი ამაში, მაგრამ, სამაგიეროდ, იმას მაინც ვიღებდი, რაც მინდოდა.

5 სექტემბერი, ორშაბათი

ორთაჭალაში ჩავედი...

ათი წელია, რაც მოსკოვიდან ჩამოვედი. ბათუმში სახლი მაქვს, ხშირად დავდივარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა თბილისში ვცხოვრობ, კოსტავაზე. კარგი ბინა მაქვს, ზემოდან მოჩანს ნახევარზე მეტი თბილისი. ყოველ საღამოს ვუღებ სურათებს. მოკლედ, ჩავედი ამ ორთაჭალაში. იქედან ავედი ზევით და გამოვყევი ქედს. და მოვედი თბილისში. გამოვიარე ეს ადგილები თითქმის ბოლომდე და იქით აღარ მინდა-მეთქი, ვიფიქრე და დავბრუნდი უკან. ზევით ეკლესიაა, მამათა მონასტერია იქ, მაგრამ ძაღლებმა კინაღამ შემჭამეს. ჩამოვედი და ღამის სურათი გადავიღე აბანოთუბანში. ასოცი წლისწინანდელ ღია ბარათებზე მაქვს ეს სურათები აღბეჭდილი. სხვადასხვა რაკურსით, მაგრამ ერთი ათი-თხუთმეტი ცალი მაინც მაქვს. რომ დავდივარ, აი, ამ რაკურსებს ვეძებ. ხელში ალბომი მაქვს და ვეძებ, როგორ მოვუდგე ამ ადგილს რომ გადავიღო ეს სურათი-მეთქი და უკვე გადაღებული მაქვს ერთი ოთხასი წყვილი. ძველი ხომ მაქვს და ახლა დღევანდელსაც ვიღებ: როგორ შეიცვალა თბილისი. ისე შეიცვალა, რომ ხალხს რომ აჩვენებ, ზოგი ვერც ცნობს ადგილებს, ეს სად არისო? ზოგს უნდა, რომ ამოიცნოს და ზოგს არც აინტერესებს ეს ამბავი. ზოგს მარტო ის აინტერესებს, დღეს რა ვჭამოო. ერთს ვეუბნები, იმხელა ხარ, ორასი კილო ხარ, და კიდევ საჭმელზე ფიქრობ, იფიქრე აი, ამ წარსულზე და მომავალზე ჩვენი საქართველოსი-მეთქი.

6 სექტემბერი, სამშაბათი

მეგობარი ჩამომივიდა. წარმოშობით რუსი, ამერიკაში ცხოვრობს. დედამისი ქართველი იყო. ჰოდა დაიწყო კახეთში ვენახის გაშენება. იყიდა მინგრეული სახლი ორი წლის წინ და უკვე გააკეთა მშვენიერი სახლი. 60 ტონა ქვევრი ჩადო. მას ისე უყვარს ეს ჩვენი საქართველო, ქართველზე ქართველია. დამირეკა, წამოდი, მირიანო, გადავხედოთ თბილისსო. კუს ტბაზე ავიდეთო, მერე იმის იქით გავყვებით ბილიკს და ერთი 5-7 კილომეტრის სასიარულოზე ნანგრევებია ციხისო. წავყევი.

გზა-გზა ბევრი სურათი გადავიღე, ყოველ გაჩერებაზე იღებდა სურათებს და მეუღლესთან რეკავდა ამერიკაში. სკაიპი ჰქვია თუ რაღაცა ჰქვია, გადასცემდა იმ სურათს, აი, რას ვხედავო და სანამ ის დაელაპარაკებოდა თავის მეუღლეს, ცოტას დავისვენებდით და ვაგრძელებდით გზას. მივედით, ვნახეთ. თუ არ დააკვირდი, ვერცმიხვდები, რომ ეს ნანგრევია, რაღაც სიმაგრე ყოფილა. იქედან გვიან დავბრუნდით, საღამოს.

7 სექტემბერი, ოთხშაბათი

ავდექი და როგორც ყოველთვის, მაცივარი გავაღე: სიცარიელეა მაცივარში. რა უნდა ვქნა? არადა, ცოტა ადრეა. მაღაზიაში კი მიხვალ, მაგრამ ასე ადრე რამ ააყენა ეს კაციო, იტყვიან. ტყემლის ბოთლები სავსე მაქვს ყოვეთვის, ჩემი ხელით გაკეთებული. შოთის პურიც ყოველთვის მაქვს. ას გრამ ტყემალს შევჭამ პურთან ერთად და მეტი საჭმელი არც არის საჭირო. ვფიქრობ ახლა, ეს ტყემალი კი ვჭამე, მაგრამ ახლა სად წავიდე-მეთქი. გადავწყვიტე გადაფრენა მოსკოვში. მით უმეტეს, სიძემ დამირეკა და თუ ჩამოხვალო. ვუთხარი, დღესვე უკან თუ გამომაგზავნი, ჩამოვალ, რა თქმა უნდა-მეთქი. კი, როგორ არაო. ჰოდა, ჩავფრინდი, სამ სააათში ვიყავი მოსკოვში. და ეს ბაღნები რომ შემხვდნენ! შვილიშვილები, სამნი, ახალი ჩამოსულები (ესპანეთში ცხოვრობენ). ბაღნებს მინდა შევასწავლო ქართული, მაგრამ საიდან? წელიწადში ორჯერ-თუ სამჯერ ვხედავ, მეტად ვერა. მაგრამ მხოლოდ ქართულად ველაპარაკები სამივეს. ორი გოგოა და ერთი ბიჭი. გამოვფრინდი უკან და, გვიან ღამე იყო, თბილისში რომ დავეშვით. თვითმფრინავიდან კარგი სურათები გადავიღე. მშვენივრად მოჩანს სამხედრო გზა...

8 სექტემბერი, ხუთშაბათი

ჩემი მთავარი საქმეა ახლა, ვაგროვო და ვაგროვო, რაც შეიძლება მეტი წარსული საქართველოსი, სურათებში. მაგრამ ბოლო ხანს რაღაც არ გამომდის, ვერ ვშოულობ და გასაკვირიც არ არის. ხალხი ამბობს, ამდენი შენ რომ გაქვს, მეტი სად იქნებაო. მართლაც, ამ დღეებში გადავითვალე ეს ყველაფერი და 6500 ბარათი მაქვს საქართველოს ხედები მხოლოდ. 100-120 წლის წინანდელი წარსული. სხვა ქვეყნების ბარათებზე არაფერს ვამბობ. ამ ბარათებს ახლა ვერ გავყვები, ახლანდელი ფოტოები რომ გადავიღო, მაგრამ საქართველოს სურათებს, რაც შეიძლება მეტს მინდა მივწვდე. ახლად გადაღებულებს ვგულისხმობ. ამის თვლაში ვიყავი მთელი დღე.

მახსოვს, ერთხელ ვიეტნამში ვიყავი, ათი დღით და ერთ სუფრაზე სამი ადამიანი ვსხედვართ. ასე გვიწევდა რამდენიმე დღე და ერთხელაც მეკითხება ვაჟბატონი, საიდან ბრძანდებითო. მე ვუთხარი, ივერიიდან-მეთქი. რა არის ეს ივერიაო. ქვეყანაა-მეთქი და ჩვენს გადაღმა რუსეთია-მეთქი. რაღაცას მიხვდა თითქოს...

სადილის დასასრულს მე ვკითხე, შენ საიდან ხარ-მეთქი და, ინგლისიდანო, მითხრა. ვითომ დავფიქრდი და უცნაურად შევხედე − ეს სად არის-მეთქი. ინგლისიო, მეუბნება. გავიგე, ინგლისი, მაგრამ სად მდებარეობს-მეთქი. ვინაა ეს სულელიო, ალბათ ასე გაიფიქრა. მერე მიხსნის, ინგლისი არის ევროპის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეშიო, კუნძულებიაო. უი, ახლა გასაგებია-მეთქი, ვუთხარი.

ეს დღე ასე დამთავრდა, მეტს ვერაფერს მოვიგონებ, ცოტა ნასვამიც ვარ, ნაბახუსევი.

9 სექტემბერი, პარასკევი

ისევ ვუბრუნდები ჩემს კოლექციას. მგონი, ყველაფერი შეგროვილი მაქვს თითქმის, რადგან კარგა ხანია, ვეღარაფერი დავამატე. თბილისში და საქართველოში ვინც აგროვებს, ყველას ვიცნობ, მაგრამ რაღაცა რომ შესაშური ჰქონდეთ, ასე არ არის...

10 სექტემბერი, შაბათი

ბათუმში მინდა წასვლა. ჩემი და ცუდად გახდა და უნდა ჩავიდე, ვნახო. სანამ მასთან ჩავიდოდე, გავიფიქრე ჯურყვეთში ჩასვლა. ბაბუაჩემის დაბადების ადგილია ჯურყვეთი ლანჩხუთის რაიონში. მას ჰყავდა თურმე 12 თუ 14 და-ძმა. იქნებ გავიკვლიო ვიღაცის გზა-კვალი. სამი ნათესავის სახელი ვიცი. ბაბუაჩემი, მოსე ჰქვიოდა გუჯაბიძე. ონისე, სიმონ და ბარნაბი. დანარჩენის არაფერი ვიცი. და შეიძლება სხვები ვნახო გუჯაბიძეები, შევაგროვო მათი რაღაცა მაინც. და იქედან ჩავალ მერე ბათუმში.

ბათუმის ბარათები ბათუმში მაქვს. ერთი 600-700 ცალი მექნება და იქაც მინდა მივდიო ძველი ბათუმისა და ახლის შერწყმას ერთმანეთში. ბევრი მაქვს გადაღებული, მაგრამ ხშირად ძველს რომ ადარებ, საერთო აღარაფერია იმ ძველთან. და, რაც დარჩა, იმასაც ბოლოს უღებენ, იმასაც ანგრევენ. ბათუმის სიძველეების ნუსხა მაქვს, შენობების ნუსხა. იმას რომ ჩამოვუარო, ყოველი მეორე აღარ არის. ახლა რომ ჩავალ და ვნახავ, ალბათ კიდევ გამოაკლდა რაღაც. ახლა მინდა ახალი აპარატით რაც შემორჩა, ის გადავიღო. დღეს ასე ვფიქრობ და შეიძლება ხვალ-ზეგ ეს ამბავი მოვათავო.

მერე თავიდან დაიწყება კვირა და ორშაბათი...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG