Accessibility links

logo-print
ლეიკემიით დაავადებული 12 წლის მირზა ცეცხლაძის მკურნალობისათვის საჭირო თანხა შეგროვდა. 25 ივნისს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელზეც ჟურნალისტები სახელმწიფოსგან ბიჭის გადარჩენას მოითხოვდნენ, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა და განაცხადა, რომ სახელმწიფო მირზა ცეცხლაძის მკურნალობას დააფინანსებს. ბიჭის გადასარჩენად 100 000 ევრო იყო საჭირო. ფონდის და ოჯახის ახლობლების მიერ წამოწყებული რამდენიმეკვირიანი კამპანიიის შედეგად, ამ დრომდე მხოლოდ 70 000 ევრო იყო შეგროვილი. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო დაეხმარება რიგში მდგომ გიორგისაც, რომელსაც გადაუდებელ ოპერაციამდე სამი თვე აქვს დარჩენილი.

„ერთი ჯიპით ნაკლები, მთავრობავ“, "შეასრულეთ მოვალეობა, გადაარჩინეთ ბავშვების სიცოცხლე" - ჟურნალისტები ამ მოწოდებებით 25 ივნისს ყოფილი პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, ლეიკემიით დაავადებული მირზა ცეცხლაძის ფოტოიანი დიდი პლაკატი ხელში დაიკავეს და ხელისუფლებას ბავშვის გადარჩენისაკენ მოუწოდეს. ჟურნალისტ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი უკვე თვეებია მსგავს საქველმოქმედო კამპანიებს ატარებს. აქციის მონაწილე ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ამბობს, რომ სახელმწიფოს შეუძლია რამდენიმე ბავშვის სიცოცხლე იხსნას, თუ უარს იტყვის რამდენიმე ძვირად ღირებული მანქანის შესყიდვაზე:

„აი, მაგალითად, 2012 წლის დეკემბრის ბოლოს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი 180 000 ღირებულების ჯიპებზე. ორ თუ სამ მანქანაზეა საუბარი. ეს ფაქტი ჩემმა კოლეგამ დაჩი გრძელიშვილმა აღმოაჩინა. ტენდერის პირობებში კი ეწერა, რომ თითო მანქანას უნდა ჰქონოდა თოთხმეტი ხმის გამაძლიერებელი, ჭერში დამაგრებული კამერა... ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ბიუჯეტში არსებობს ამის თანხა, რატომ არ არის იმის თანხა, რომ ბავშვების მკურნალობა დავაფინანსოთ? ხომ შეიძლება ნაკლებფასიანი ავტომობილები იყიდონ და ეს ფული ბავშვებს მივცეთ, მათი სიცოცხლე გადავარჩინოთ“.

აქციაში მონაწილეობდა თავად დიტო ცინცაძეც, რომლის მკურნალობისათვის საჭირო თანხა ჟურნალისტებმა სწორედ ასეთი კამპანიით შეაგროვეს. მისი თქმით, ამ ბავშვებისათვის ყველა შემოწირული ლარი სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია.

იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიის კოორდინატორი თამთა დემურიშვილი გვეუბნება, რომ საქართველოში ყოველწლიურად ლეიკემიით ბავშვების დაავადების 40-50 ახალი შემთხვევა ფიქსირდება:

მართლა მგონია, რომ მაქსიმუმ ათი ბავშვის მკურნალობა წელიწადში არ არის ამ ქვეყნისთვის ის თანხა, რომლის გადახდასაც სახელმწიფო ვერ შეძლებს...
„ამ 50 შემთხვევიდან 7-დან 10-მდე არის ის ფორმა, რომელსაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ესაჭიროება. შესაბამისი ცენტრი საქართველოში არ არსებობს, ხოლო უცხოეთში ეს ოპერაცია ღირს ძალიან ძვირი. სანამ დიმიტრი ცინცაძის ფონდს დავუკავშირდებოდი, პრაქტიკულად ყველა ასეთი დაავადებული ბავშვი იღუპებოდა. მხოლოდ ერთეული შემხვევები იყო ასეთი, როცა მშობლები ყველაფერს ყიდიდნენ და მიდიოდნენ. 2012 წელს მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი არ დაღუპულიყო, ოთხი ოჯახი ჩაბარდა სხვა ქვეყანაში დევნილად. დღეს აქ მირზას გამო ვდგავართ, რომელსაც 2-3 კვირა აქვს დარჩენილი, რომ ტრანსპლანტაცია მოესწროს, თორემ შემდეგ უკვე დაგვიანებული იქნება“.

თამთა დემურიშვილი ამბობს, რომ სანამ საქართველოში ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნება, ჯანდაცვის სამინისტრომ თავის თავზე უნდა აიღოს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვების დაფინანსება:

„მართლა მგონია, რომ მაქსიმუმ ათი ბავშვის მკურნალობა წელიწადში არ არის ამ ქვეყნისთვის ის თანხა, რომლის გადახდასაც სახელმწიფო ვერ შეძლებს. სულ საუბარია ერთ მილიონ ევროზე“.

დავით სერგიენკო

დავით სერგიენკო

25 ივნისს ჟურნალისტების აქციაზე მოულოდნელად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს მირზა ცეცხლაძის მკურნალობას და ბავშვი ვერონის საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაციის ჩასატარებლად გაემგზავრება:

„სახელმწიფომ დღეს სრულად დაუფინანსა მირზას მკურნალობა. ჩვენ ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიისათვის მილიონ სამასი ათას ლარს ვიხდით. ეს თანხა აქ, ადგილზე, ხმარდება ბავშვებს, თუმცა რადგანაც ადგილობრივი რესურსი ბევრი მიზეზის გამო არ არის საკმარისი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ბიუჯეტიდან დაფინანსდება მირზას მკურნალობა იტალიაში და ამ ბიუჯეტს წლის განმავლობაში შევავსებთ. ზოგადად ონკოლოგიას ჯერ ვერ ავუდივართ, მაგრამ ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგია უკვე გახდა ჩვენი პირველი პრიორიტეტი“.

რა ეშველებათ იმ პატარებს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ, შესაბამისი ფინანსები კი არ გააჩნიათ - როგორ დაეხმარება სახელმწიფო დანარჩენებს? ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სახელმწიფო პროგრამა მილიონ სამასი ათასის ოდენობით სწორედ ამისთვისაა მიმართული. მიმდინარეობს მოლაპარაკება ჰარვარდის სამედიცინო სკოლასთან, შედეგები კი წლის განმავლობაში გამოჩნდება და, რაც მთავარია, დაწყებულია მუშაობა დაფინანსების ინოვაციური ფონდის შესაქმნელად, რასაც დაახლოებით 2-3 თვე დასჭირდება.
XS
SM
MD
LG