Accessibility links

მირზა შაფის ქუჩა ახალი სახის მოლოდინში


მირზა შაფის ქუჩა. გია ჭანიშვილის ფოტო

მირზა შაფის ქუჩა. გია ჭანიშვილის ფოტო

მირზა შაფის ქუჩის განაშენიანებაზე უახლოეს დღეებში თბილისის არქიტექტურის სამსახური ღია არქიტექტურულ კონკურსს გამოაცხადებს. ჯერ კიდევ 2008 წელს დაწყებული პროექტი, რომელიც ძველ თბილისში მირზა შაფის ქუჩის აღდგენას ისახავდა მიზნად, ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ დაიწუნა. პროექტი დაიწუნეს ხელოვნებათმცოდნეებმა და არქიტექტორებმაც. მათი თქმით, ინვესტორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი აბსოლუტურად არ შეესაბამება ძველ თბილისში არსებულ გარემოს და ის კვარტალური ტიპის დასახლებას ჰგავს. ინვესტორი კომპანია მირზა შაფის ქუჩაზე ასმილიონიანი პროექტის, „სამეფო ბაღების“, განხორციელებას აპირებს. მრავალფუნქციური შენობების ოპერირებას, წინასწარი ინფორმაციით, „კემპინსკი“ განახორციელებს. როგორი უნდა იყოს მირზა შაფი და რა დაუწუნეს არსებულ პროექტს მერიამ და ხელოვნებათმცოდნეებმა?

მე ახლა თბილისის ისტორიულ ნაწილში, სეიდაბადში, ვარ, მეტეხის პლატოს მოპირდაპირე მხარეს. მირზა შაფის ვიწრო აღმართს იოსებ გრიშაშვილის ქუჩიდან მივუყვები. თუკი ახლა თქვენი თვალები უნდა ვიყო, მაშინ უნდა წარმოიდგინოთ რკალი - აი, სწორედ ასე რკალივით შემოსაზღვრავს თბილისის აბანოებს მირზა შაფის ვიწრო აღმართი. მერე, აი, იქ, ზევით, თაბორის მთის კალთებისკენ გრძელდება და, ბოლოს, ბოტანიკურ ბაღთან სრულდება.

ამ ქუჩას, სადაც ახლა მხოლოდ მოჭრილ კლდეს ვხედავ, მირზა შაფის ქუჩა ჰქვია. ოღონდ სანამ ამ ქუჩას 1938 წელს აზერბაიჯანელი პოეტის სახელი ეწოდებოდა, თათრების სასაფლაოს ქუჩა ერქვა, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში კი თათრების ქუჩა დაერქვა. ახლა შევეცდები წინა საუკუნეებში გადავინაცვლო და მირზა შაფის ქუჩა და, საერთოდ, სეიდაბადი ერთად აღვადგინოთ ჩვენს წარმოსახვაში.

აქ მეჩვიდმეტე საუკუნიდან ცხოვრობდნენ როსტომ მეფის დროს გადმოსახლებული სპარსელები, სეიდები, რომელთა უმეტესობა ხელოსნობასა და წვრილ ვაჭრობას მისდევდა. XIX ს-მდე აი ეს უბანი სოფლური ტიპის დასახლება იყო. მირზა შაფის ქუჩის ზემო პერიმეტრს ერთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი სახლების რიგი მიუყვებოდა. აქ ნაგებობები ხევში ჩამოზრდილი კლდოვანი გრეხილის ქვეშ იყო შეფენილი.1920-იანი წლებისთვის დასრულდა უბნის განვითარების ერთი ეტაპი. პირველი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილება ამ უბანში XX ს-ის შუა ხანებში დაიწყო. მირზა შაფის ქუჩაზე მდებარე სახლები ახალ სოციალურ მოთხოვნებს მოერგო. ერთ დროს კერძო მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლები, ფაქტობრივად, კომუნალურ ბინებად დანაწილდა და მოსახლეობამ დაიწყო თვითნებური და უხარისხო გადაკეთებები და დამატებები, რითიც სრულიად შეეცვალა სახე ქუჩის განაშენიანებას და დაეკარგა თავდაპირველი იერი. ეს პროცესი საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა.

თავდაპირველი სახე არათუ დაეკარგა, არამედ დღეს მირზა შაფის ქუჩა საერთოდ აღარ არსებობს. ზევით რომ ვამბობდი, მე და ფოტოგრაფი მოჭრილ კლდეს ვხედავთ-მეთქი, დღეს აი ეგ არის მირზა შაფის ქუჩა. უფრო ზუსტად, ყოფილი ქუჩა. იქ არსებული 20-მდე შენობის, საცხოვრებელი სახლების ნგრევა 2008 წლის 15 ნოემბერს დაიწყო და 4 დეკემბერს დასრულდა. მირზა შაფის ქუჩაზე განხორციელებული ნგრევის პროცესს დეტალურად აღწერს ჟურნალ „ლიბერალში“ 2009 წლის ოქტომბერში დაბეჭდილი პუბლიკაცია, სათაურით „უკანონო ნგრევა მირზა შაფზე“. პუბლიკაციის მიხედვით, ნგრევა განახორციელა შპს. „აპოლო გ.ს“- მ. 2008 წლის დეკემბერშივე სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ახალი საინვესტიციო კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე გაირკვა, რომ კომპანია მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში 100 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა და მისი ერთ-ერთი პროექტი იქნებოდა მირზა შაფის განაშენიანების პროექტი. ამ პროექტის მიხედვით, თბილისის ერთ-ერთ ტრადიციულ უბანს, აბანოთუბანს, შეუნარჩუნდებოდა არა მარტო ძველი იერსახე, არამედ, არქივიდან ამოღებული ნახაზების მიხედვით მოხდებოდა უკვე არსებული შენობების რეკონსტრუქცია; "ამავდროულად შეიქმნებოდა ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა, ბიზნესცენტრები, ბუტიკ-ოტელები, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული სახლები, საგამოფენო დარბაზები და ა.შ. ანუ კიდევ ერთხელ ვთქვათ, მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების პროექტს ორი კომპანია ახორციელებდა - "აპოლო გ.ს." და CAPITAL PARTNERS OF GEORGIA.

მე და ჩვენი რადიოს ფოტოგრაფმა ყოფილ მირზა შაფზე, მოჭრილ კლდესთან მდებარე CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს ორსართულიან ოფისს მივაკითხეთ. იქ ახალგაზრდა ქალი დაგვხვდა, მოკლედ მოგვიჭრა, უფროსობისგან აკრძალული გვაქვს კომენტარების გაკეთება და, საერთოდ, არც ვიცით, ვინ რას აკეთებს მირზა შაფის ქუჩაზეო.

CAPITAL PARTNERS OF GEORGIA მირზა შაფის ქუჩის პროექტთან დაკავშირებული რომ აღარ არის, ამის შესახებ შპს. „აპოლოშიც“ დაგვიდასტურეს. საინვესტიციო კომპანია იქ 100-მილიონიანი პროექტის - „სამეფო ბაღების“ - განხორციელება გეგმავს, თუმცა პროექტი, რომელიც შპს „აპოლო გ.ს“-მ წარმოადგინა, სულ ცოტა ხნის წინ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა და დავით ნარმანიამ დაიწუნეს: „გაიცა რეკომენდაციები მისი ავტორების მიმართ, რომ მოხდეს პროექტის მოდიფიცირება, რათა ის არქიტექტურული თვალსაზრისით შესაბამისობაში იყოს მოყვანილი არსებულ გარემოსთან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კონკურსის პირობებზე მოლაპარაკება მიმდინარეობს ინვესტორთან, შევჯერდებით და ამის შემდეგ, როდესაც ინვესტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები შეჯერდებიან საერთო პირობებზე, გამოცხადდება ღია არქიტექტურული კონკურსი...

თუმცა, სანამ „სამეფო ბაღებს“ მერია დაიწუნებდა, ამ პროექტმა გრძელი გზა განვლო. რამდენჯერმე იცვალა სახე, ბოლოს ისეთ კონდიციამდე მივიდა, რომ ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ის ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს. ჯერ კიდევ 2007 წელს, სანამ პროექტი შეიქმნებოდა, კომპანიის დაკვეთით, ხელოვნებათმცოდნეებმა საპროექტო ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა ჩაატარეს. რადიო თავისუფლება გამოკვლევის ერთ-ერთ ავტორს, ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილს ესაუბრა, რომელმაც 7 წლის წინ დეტალურად შეისწავლა მირზა შაფის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები, ლანდშაფტი, განაშენიანება და ამის საფუძველზე კომპანიისთვის მთელი რიგი რეკომენდაციებიც გასცა, თუმცა, როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, დღეს არსებული პროექტით, არც ერთი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იქნა. რეკომენდაციების მიხედვით, არ უნდა დარღვეულიყო უბნის ერთიანი მასშტაბი - როგორც განაშენიანების, ასევე ლანშაფტური მოცულობების; ახალ მოცულობებს, ფასადების მხატვრულ სახეს, რიტმულ დანაწევრებასა და ფერადოვნებას არ უნდა დაერღვია უბნის ამ მონაკვეთის ხასიათი და მხატვრული მთლიანობა, მაგრამ შედეგი სულ სხვანაირი დადგა. გია ჭანიშვილი პროექტის ავტორების მიერ წარმოდგენილ ფოტომონტაჟს აკვირდება და ამბობს: „ეს არის სულ სხვა რამ. ეს არის ქალაქგარეთ არსებული კვარტალური განაშენიანება, აი, მაგალითად, გლდანში ან ვარკეთილში. არაფრით არ განსხვავდება მსგავსი განაშენიანებისგან, გარდა იმისა, რომ არის ძალიან მაღალი ხარისხი, გამოყენებული იქნება დახვეწილი სამშენებლო ტექნოლოგიები, თორემ სხვა მხრივ, სტრუქტურულად, მასშტაბურად, მხატვრულ-არქიტექტურულად, აბსოლუტურად ამოვარდნილია ძველი თბილისის განაშენიანებიდან. ამის დანახვა არ გაუჭირდება ნებისმიერ რიგით თბილისელს. ამის დასანახად არ არის საჭირო იყო არქიტექტურის ექსპერტი, არქიტექტურის ისტორიკოსი ან ხელოვნებათმცოდნე. ამ პროექტს არავითარი კავშირი არ აქვს ძველ თბილისთან, მით უმეტეს, მირზა შაფის განაშენიანებასთან. ჩვენ თუ ვნახავთ ძველ ფოტოებს, შორს ხედებს, არანაირ კონტექსტში არ ჯდება. წარმოიდგინეთ ახლა, შევხედოთ ამ ყველაფერს მეტეხიდან. რას დავინახავთ? მთლიანად არის შეჭმული ფერდობი. მასშტაბი აბსოლუტურად დაუცველია. ნახეთ, რვა და ზოგან ცხრასართულიანი შენობა გვხვდება. ამ პროექტის გამოსწორება არ შეიძლება“, - მიაჩნია გია ჭანიშვილს.

უნიჭო პროექტს უწოდებს „სამეფო ბაღებს“ საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალეკო ელისაშვილი: „ამ პროექტის ავტორი, როგორც ჩანს, საერთოდ ვერ ხვდება, რა არის თბილისი, სად აშენებს ამ ყველაფერს. მირზა შაფზე უნდა იყოს განაშენიანება, მაგრამ უნდა იყოს ძალიან აკურატული და შესაბამისი იმ გარემოსთან“.

გია ჭანიშვილი

გია ჭანიშვილი

მაშ, როგორი უნდა იყოს პროექტი, რომელიც აბანოთუბნის შესაბამისი იქნება და არ დაარღვევს საერთო ხედს? რა უნდა გაკეთებულიყო ამისთვის? - ვეკითხებით გია ჭანიშვილს. ხელოვნებათმცოდნეს ასეთი პასუხი აქვს: „საჭირო იყო, რომ აქ რელიეფი არ მომსპარიყო და რელიეფზე მორგებული ყოფილიყო ორი, სამი, ოთხი, მაქსიმუმ ხუთსართულიანი შენობა. რეალურად ხუთი სართული იქნებოდა, მაგრამ ის რელიეფში ისე იქნებოდა ჩარგული, რომ მისი ხუთსართულიანობა ფრონტალურად არ გამოჩნდებოდა. უნდა შენარჩუნებულიყო ქუჩაკიბეები. არ იყო აუცილებელი ეს თბილისური აივნები, უბრალოდ, შორიდან ადამიანი აღიქვამდა ამას არა რაღაც ახალ ნაგებობას და თვალი მაინცდამაინც იქით კი არ გაექცეოდა, ეს იქნებოდა ბუნებრივი გაგრძელება თბილისის ისტორიული ნაწილის, აბანოთუბნის, სეიდაბადის განაშენიანების ბუნებრივი გაგრძელება. და ეკონომიკურადაც მოვიგებდით და ვიზუალურადაც და არ დავთრგუნავდით ლანდშაფტურ გარემოს“.

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, ძველი თბილისის ისტორიულ უბანში მირზა შაფის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებაზე ღია არქიტექტურული კონკურსი გამოაცხადოს. როგორც დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ახალმა ხელმძღვანელობამ უარი თქვა წლების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როცა სამსახური, მხოლოდ ინვესტორთან მოლაპარაკების გზით, პროექტს მწვანე შუქს უნთებდა. სამსახურის უფროსის ნინო ღოღობერიძის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა არქიტექტურის სამსახურმა პროექტის შესაქმნელად ღია არქიტექტურული კონკურსის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო: „კონკურსის თანახმად, გამოვლინდება სამი გამარჯვებული. ინვესტორს ამ შემთხვევაში ეძლევა არჩევანის საშუალება და აირჩევს სამი გამარჯვებულიდან ერთ-ერთს და იმ პროექტს განახორციელებს. კონკურსის პირობებზე მოლაპარაკება მიმდინარეობს ინვესტორთან, შევჯერდებით და ამის შემდეგ, როდესაც ინვესტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები შეჯერდებიან საერთო პირობებზე, გამოცხადდება ღია არქიტექტურული კონკურსი“.

პროექტი

პროექტი

2014 წლის 10 ივლისის წერილით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დადებითი შეფასება მისცა, არქიტექტურის სამსახურში შესული განაცხადით, მირზა შაფის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებას. საკითხი შემდგომი განხილვისათვის თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიას წარედგინა, მაგრამ კორექტირებული გეგმა კომისიისათვის მიუღებელი აღმოჩნდა და იმისათვის, რომ საკითხს არ მისცემოდა უარყოფითი შეფასება, დამატებითი შესწავლისა და განხილვის მიზნით, კომისიამ საკითხი განუხილველი დატოვა. ამის შემდეგ, თბილისის საკრებულოსა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინიციატივით, დაიწყო სამუშაო შეხვედრები ინვესტორთან. თბილისის საკრებულოს, არქიტექტურის სამსახურსა და პროექტის ინვესტორს შორის გაიმართა ორი შეხვედრა პროექტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად. საბოლოოდ კი, მხარეები ღია კონკურსის გამოცხადებაზე შეთანხმდნენ.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ნინო ღოღობერიძის თქმით, კონკურსი უახლოეს დღეებში უნდა გამოცხადდეს, ის 45 დღეს გასტანს და კომისიაში ჩართულნი იქნებიან როგორც ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები, ისე სხვა დაინტერესებული მხარეები, უფლებამოსილი სახელმწიფო სტრუქტურისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რათა პროექტის მიმდინარეობა არ შეფერხდეს. მისივე თქმით, კომისიას მიეცემა ორკვირიანი ვადა გამარჯვებული პროექტების გამოსავლინებლად.

ჯერჯერობით უარს აცხადებს ოფიციალურ კომენტარზე ინვესტორი კომპანია „აპოლო გ.ს“. მათი განცხადებით, სანამ საბოლოოდ არ გახდება ცნობილი საკონკურსო პირობები და არ შედგება შეთანხმება თბილისის მერიასა და კომპანიას შორის, ისინი კომენტარების გაკეთებისაგან თავს იკავებენ. რადიო თავისუფლებასთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელი გვიდასტურებს, რომ ინვესტიცია 100 მილიონ ლარს მოიცავს. მირზა შაფის ქუჩაზე იგეგმება მრავალფუნქციური კომპლექსის - „სამეფო ბაღების“ - მშენებლობა. მის მმართველობას, სავარაუდოდ, სასტუმროების ცნობილი ოპერატორი, „კემპინსკი“, აიღებს.

XS
SM
MD
LG