Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მისიის გარეშე, თუმცა თბილისში


ილკა კანერვა (მარცხნივ), დავით უსუფაშვილი
ილკა კანერვა (მარცხნივ), დავით უსუფაშვილი

თბილისი პირველად მასპინძლობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას, რომლის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, უკრაინის საკითხზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, დევნილთა უფლებებსა და კლიმატის ცვლილებაზე. ასამბლეის დელეგატები იმსჯელებენ ასევე მიგრაციის საკითხზე ეუთოს მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბებისა და უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის გაგზავნის მიზანშეწონილობაზე. დელეგატები განიხილავენ სულ 30-მდე რეზოლუციის პროექტს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია, რომელიც ხუთ დღეს გასტანს, დასრულდება პრეზიდენტის არჩევით.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის 25-ე საიუბილეო სესია გაიხსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვით. დავით უსუფაშვილმა 300-ზე მეტ დელეგატს მსოფლიოს 57 ქვეყნიდან შეახსენა ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი საქართველო და ეუთო ისტორიული ტყუპები არიან და რომ ერთად ზეიმობენ დაბადებიდან 25 წელს, რომელიც დრამატიზმით სავსე იყო როგორც მთლიანად ეუთოსათვის, ასევე მისი ცალკეული ქვეყნებისთვის, პრობლემების დიდი ნაწილი კი გამოწვეული იყო დიალოგისა და ნდობის ნაკლებობით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი გამოსვლა დაასრულა ეუთოს ტრანსფორმაციის აუცილებლობაზე საუბრით:

„ამ მოსაზრებისკენ გვიბიძგებს, მაგალითად, საქართველოს შემთხვევა. ეუთომ არათუ ვერ შეძლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის პრევენცია და მისი შეჩერება, არამედ თავადაც კი აღმოჩნდა განდევნილი საქართველოს ტერიტორიიდან. სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს ეთნიკურ წმენდას თბილისიდან ეუთოს მისიის წმენდაც მოჰყვა. ეს დასაფიქრებელი შემთხვევაა იმისათვის, რომ ვიფიქროთ ორგანიზაციის მისიის შესასრულებლად აუცილებელ ტრანსფორმაციაზე“.

დავით უსუფაშვილის მსგავსად, საქართველოში ეუთოს მისიის არყოფნით გამოწვეული პრობლემების შესახებ ვრცლად ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ძლიერი ეუთო, რომლის მუშაობა საქართველოში დაბლოკილია რუსეთის მიერ 2009 წლის ზაფხულიდან. საქართველო რჩება ერთგული სამშვიდობო პროცესისა, თუმცა, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა შენიშნა, საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს, ძალისხმევა, რათა ამოქმედდეს კონფლიქტის გადაჭრის ეფექტიანი მექანიზმები:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„საქართველომ აიღო ძალის არგამოყენების ცალმხრივი ვალდებულება. დღემდე ველით საპასუხო ნაბიჯს რუსეთის მხრიდან. რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთულესი პრობლემების მშვიდობიანი მოგვარების მთავარ ფორმატს, იმის მიუხედავად, რომ ამ ფორმატის არსებობის მანძილზე მის ფარგლებში განხილულ ძირითად საკითხებში პროგრესი არ დაფიქსირებულა. წელს ჩვენ მაინც მივაღწიეთ გარკვეულ შედეგს, რაც გამოიხატა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენაში“.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფიდან გამომდინარე პრობლემებზე იყო აგებული საქართველოს პრეზიდენტის სიტყვაც. გიორგი მარგველაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებს შეახსენა, რომ იმყოფებიან ქვეყანაში, რომელშიც გავლებულია გამყოფი ხაზები.

„ხაზები, რომლებიც არ აძლევს შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს თავისუფლად გადაადგილდეს, ისაუბროს თავის ენაზე, ისწავლოს თავისი ქვეყნის ისტორია, იყოს მთლიანად ჩართული ქვეყნის ერთობლივი აღმშენებლობის საქმეში. მაგრამ, გარდა იმისა, რომ ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტი დარღვეულია, რეალურად ასეთი პროცესის გაღრმავება შესაძლებელს ხდის სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას და ისეთი ურთულესი პრობლემების გაღრმავებას, როგორიცაა ტერორიზმი, ნარკოტრაფიკი, ბირთვული ნარჩენებით უკანონო ვაჭრობა“.

აქაც, საქართველოშიც, ვხედავთ ორ სადავო რეგიონს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მართალია, ადგილზე ვითარება ამჟამად სტაბილურია, მაგრამ არსებული სტატუს კვო ბევრ ადამიანს ართმევს ნორმალური ცხოვრების უფლებას...
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

გიორგი მარგველაშვილის მიერ ჩამოთვლილ ყველა ამ საფრთხეზე ილაპარაკა თავის გამოსვლაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ილკა კანერვამ, რომლის თქმითაც, ფუნდამენტური პრინციპების განუხრელი დაცვით უნდა აღდგეს ნდობა მხარეებს შორის. გადაუჭრელი, ეგრეთ წოდებული გაყინული კონფლიქტებიდან მომდინარე საფრთხეები - ეს იყო ეუთოს თავმჯდომარის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის გამოსვლის ძირითადი თემა. გერმანელმა დიპლომატმა ვრცლად ილაპარაკა მთიანი ყარაბაღისა და უკრაინის კონფლიქტების შესახებ, ახსენა ასევე საქართველოც:

„აქაც, საქართველოშიც, ვხედავთ ორ სადავო რეგიონს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მართალია, ადგილზე ვითარება ამჟამად სტაბილურია, მაგრამ არსებული სტატუს კვო ბევრ ადამიანს ართმევს ნორმალური ცხოვრების უფლებას“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ხუთი დღე გაგრძელდება და დასრულდება თბილისის დეკლარაციის მიღებით. ბოლო დღეს აირჩევენ ასევე საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტს, რომელიც შეიძლება გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელი, რომლის კანდიდატურა ევროპის სახალხო პარტიამ წამოაყენა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG