Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასავრცელებელი მესიჯები და მითითებები ელჩებს


თბილისი ყოველწლიურ ამბასადორიალს მასპინძლობს. დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლება ერთი წლის ფარგლებში სახელმძღვანელო რეკომენდაციებსა და აქცენტებს უყალიბებს. ხომ არ შეცვლის საქართველოს საერთაშორისო გეგმებს ყოფილი პრეზიდენტის გასამართლების პროცესი, როგორია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და რა მესიჯები იკვეთება ნატოს უელსის სამიტისთვის მზადების პროცესში?

სასტუმრო “ქორთი-იარდ მერიოტში” შეკრებილ დიპლომატებს პირველმა საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა გასული წლის საგარეო პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე დიდ მიღწევად ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის დასაწყისად განიხილავს. ასევე ითქვა, რომ ეს არის საზღვარგარეთ გასავრცელებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი. რაც შეეხება საქართველოს გამოწვევებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამ საკითხს პრეზიდენტი პირდაპირ აკავშირებს უკრაინასა და რუსეთთან:

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია და ეს მესიჯი იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო 2008 წელს, რეალურად გრძელდება 2014 წელს, და ჩვენი ქვეყანა მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ამ პროცესების სტაბილიზაცია, დალაგება და მშვიდობის ჭრილში გადაყვანა”.

რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებს, პრეზიდენტის თქმით, საქართველო მშვიდობიან, კონსტრუქციულ კონტექსტში ცდილობს. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მიზანი კეთილმეზობლობაა, მაგრამ ამოსავალი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარება უნდა იყოს. ელჩებისთვის აუცილებელ საქმედ პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებასა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების კონცენტრაციას საოკუპაციო ხაზზე ბარიერების აღმართვის პროცესზე. ამასთან, პრეზიდენტის აზრით, ნატოს სექტემბრის უელსის სამიტისთვის მზადება ამ ეტაპზე უნდა იყოს ყველა ჩვენი დიპლომატიური მისიის ძირითადი მიზანი.

რეგიონში ბოლო პერიოდში არსებული სერიოზული გამოწვევების ფონზე, საქართველოს აქტიური მხარდაჭერის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიზნით...
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამბასადორიალის გახსნის ფაზაში, 4 აგვისტოს, პრეზიდენტის შემდეგ გამოვიდა სიტყვით, დარწმუნებულია, რომ საქართველო ნატოს უელსის სამიტიდან ამ დროისთვის შესაძლებელ მაქსიმალურ შედეგს წამოიღებს და რომ ქვეყანა კვლავაც გააგრძელებს მრავალმხრივ და აქტიურ თანამშრომლობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე მთავარ, ისტორიულ წარმატებად ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას მიიჩნევს. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვანი სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერის ჭრილში განიხილავს. უსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებელ ძირითად იარაღად პრემიერ-მინისტრი დემოკრატიის განვითარებას ასახელებს. აქვეა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის აქცენტიც:

”რეგიონში ბოლო პერიოდში არსებული სერიოზული გამოწვევების ფონზე, საქართველოს აქტიური მხარდაჭერის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა უმაღლესი დონის არაერთი ვიზიტი”.

შეიძლება ითქვას, რომ პრემიერ-მინისტრმა თავისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი საშინაო საქმეებს დაუთმო, რასაც ის საგარეო პოლიტიკური წარმატებების მთავარ საყრდენად განიხილავს. ითქვა, რომ უმთავრეს ამოცანას უმუშევრობის დაძლევა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. მიღწევებს შორის ხაზი გაესვა, მაგალითად: სასამართლო სისტემის გათავისუფლების ტენდენციას, მედიის თავისუფლების ხარისხის ზრდას, სასჯელაღსრულების სისტემაში ძალადობის აღმოფხვრას, ადამიანის უფლებების მტკიცედ დაცვას - სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად, კერძო მესაკუთრეთა უფლებების დაცვას, 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 6%-იანი ეკონომიკური ზრიდის მიღწევას, ბიზნესის წამახალისებელ პროექტებსა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. ამ ჭრილში პრემიერ-მინისტრმა ელჩებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად გააძლიერონ ძალისხმევა უცხოელი ინვესტორების მოზიდვის კუთხით.

ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ საქმეში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა...
მაია ფანჯიკიძე

პრემიერ-მინისტრის შემდეგ ტრიბუნასთან საგარეო საქმეთა მინისტრი მივიდა. მან საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიღწეული პროგრესი შეაჯამა და, გამოწვევებთან ერთად, იმედისმომცემ სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა ევროკავშირსა თუ ნატოსთან დაახლოების გზაზე. მაია ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ ჩამოთვალა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უცვლელი პრიორიტეტები:

”ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ საქმეში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაცია, ორმხრივი და მრავალმხრივი ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის გზით საქართველოს დემოკრატიული, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო როლის ამაღლება”.

სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი სახელმწიფო, არის სრული აბსურდი. ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო...
ირაკლი ღარიბაშვილი

ოპონენტები და, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“, საერთაშორისო კრიტიკულ გამოხმაურებებზე დაყრდნობით, მუდმივად იმეორებს, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა დაკავება - ახლა კი საქართველოს ექს-პრეზიდენტის გასამართლების პროცესის დაწყება - მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს საერთაშორისო წინსვლაზე. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ წინდაუხედაობად და საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციების იგნორირებად მიიჩნიეს ირაკლი ღარიბაშვილის 4 აგვისტოს კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ექს- პრეზიდენტის გასამართლების ფაქტს არავითარი უარყოფითი ზეგავლენა არ ექნება საქართველოს სამომავლო გეგმებზე:

”სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი სახელმწიფო, არის სრული აბსურდი. ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ ვაშენებთ რეალურ დემოკრატიას - ეს არის ყველაზე მთავარი და ვერ ცერთ ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობებს ვერ გადაწონის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც არის ბრალდებული ძალიან მძიმე დანაშაულებში... და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიებას”.

განსხვავებულია პრეზიდენტის პოზიცია. გიორგი მარგველაშვილისთვის ეს საკითხი საქართველოს მიერ ”ჩასაბარებელ გამოცდას” ჰგავს, რათა,

ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ინტენსიური მონიტორინგის ფონზე, ქვეყანამ დაამტკიცოს, რომ არ აწარმოებს პოლიტიკურ დევნას.

4 აგვისტოს გახსნილი ამბასადორიალი 4 დღეს გაგრძელდება. დიპლომატებს საშუალება ექნებათ, რომ საქართველოს გეგმები თუ გამოწვევები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილონ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG