Accessibility links

logo-print

ქალაქის საკრებულოს მიერ გასულ კვირაში მიღებული გადაწყვეტილებით, კვადრატული მიწის ფასი ქუთაისის ცენტრალურ და გარეუბნებში, ზონებისა და ქვეზონების მიხედვით, 180 ლარიდან 12 ლარამდეა. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მიმდინარე წელს, 2015 წელთან შედარებით, არ შეცვლილა.

2011 წლის შემდეგ კერძო აუდიტორი განსაზღვრავს ქალაქის მასშტაბით ზონირების რუკას, ახდენს მიწის დიფერენცირებას და ადგენს ფასს, ბიზნესდაინტერესებისა და სამოსახლო განაშენიანების მიხედვით. საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ბესიკ ბრეგაძის ინფორმაციით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ აუდიტორის მომსახურება, რომელსაც ქუთაისში, ზონების და ქვეზონების მიხედვით, 2016 წლისთვის მიწის ფასი უნდა განესაზღვრა, 2 700 ლარად შეიძინა. ბესიკ ბრეგაძე კანონის ნაკლოვანებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საკრებულოს მხოლოდ მერიის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის მიღება ან მასზე უარის თქმა შეუძლია, მიწის ფასს კი მხოლოდ აუდიტორი განსაზღვრავს და მასში ცვლილების შეტანის უფლება თვითთმმართველობას არა აქვს.

ბესიკ ბრეგაძე მიიჩნევს, რომ ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ფასის განსაზღვრა არასწორად ხდება და ფასის განსაზღვრისას სასურველია საბაზრო ფასის ინდიკატორი იყოს გათვალისწინებული.

ბესიკ ბრეგაძის საპასუხოდ, ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი განმარტავს, რომ მიწის ფასის განსაზღვრისას კერძო აუდიტორი ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი ნორმებით ხელმძღვანელობს.

პაატა კლდიაშვილის განცხადებით, გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელსაც გრძელდება ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული იმ მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გადმოცემა, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. პაატა კლდიაშვილი ქონების მუნიციპალური ქალაქისთვის გადაცემას მნიშვნელოვან ამბად მიიჩნევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG