Accessibility links

logo-print

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული რეფორმის გაჭიანურება მესაკუთრეთა ინტერესებს ზღუდავს, რომ საკუთრების უფლებას ვერც მთავრობის მიერ (გასული წლის ბოლოს) ინიცირებული კანონპროექტი დაიცავს და რომ სახელმწიფომ უფრო აქტიურად დაიწყო დაურეგისტრირებელი მიწების დასაკუთრება. „ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს ალტერნატიული კანონპროექტით მიმართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“, საპარლამენტო უმრავლესობა კი მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ("საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების) დახვეწას ელოდება. ხელისუფლება პირობას დებს, რომ მიწის მესაკუთრეთა უფლებები არ შეიზღუდება.

"საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში ინიცირებული ცვლილებები, რომელთა დაკანონებაც მთავრობას, სასწრაფო წესით, 2016 წლის 1 იანვრიდან სურდა, ჯერ კიდევ არ არის განხილული და თუკი იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის მიერ ორშაბათის ბიუროს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას მოვუსმენთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კანონპროექტი პირვანდელ სახეს ვეღარ შეინარჩუნებს:

„იმ კანონპროექტის განხილვა არ დაგვიწყია – მივიჩნიეთ, რომ არის იქ სერიოზული ხარვეზები. ამიტომ მიმდინარეობს გადამუშავება იმ კანონპროექტისა... ეს არ არის ის, რომ საერთოდ უარია ნათქვამი იმაზე. იქნება წარმოდგენილი სხვა სახით“.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე რაიონში კონკრეტული ფაქტები. მარტვილშიც და გორშიც გვაქვს კონკრეტული ფაქტები, სადაც კონკრეტული მიწის მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული მიწები დაირეგისტრირა სახელმწიფომ იმის საფუძველზე, რომ ჩაატარეს ინვენტარიზაცია და ნახეს, რომ არავის სახელზე არ იყო რეგისტრირებული...

მაშინ როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების პროცესების გაჭიანურებაში შემაშფოთებელს ვერაფერს ხედავს, ოპოზიციური ფლანგი თვლის, რომ დრო არ ითმენს. 23 თებერვალს ალტერნატიული კანონპროექტის შემუშავებისა და პარლამენტში განხილვის განზრახვის შესახებ საზოგადოებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამცნო, ხოლო პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია „ახალი პოლიტიკური ცენტრის - ,გირჩის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ასევე მიწის დარეგისტრირების რეფორმის დაჩქარებას ისახავს მიზნად. „გირჩის“ თანადამფუძნებლის, დეპუტატ პალიკო კუბლაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის კანონპროექტი პარლამენტს ჯერ არცკი განუხილავს, მან უკვე გამოიღო უარყოფითი შედეგი.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე რაიონში კონკრეტული ფაქტები. მარტვილშიც და გორშიც გვაქვს კონკრეტული ფაქტები, სადაც კონკრეტული მიწის მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული მიწები დაირეგისტრირა სახელმწიფომ იმის საფუძველზე, რომ ჩაატარეს ინვენტარიზაცია და ნახეს, რომ არავის სახელზე არ იყო რეგისტრირებული... არ მიაქციეს ყურადღება, რომ იქ მრავალწლიანი ნარგავებია. წლების განმავლობაში ადამიანები ამ მიწის ნაკვეთებს უვლიან, მოიხმარენ. მფლობელობაშია ჩვეულებრივად. უბრალოდ, იმის გამო, რომ დოკუმენტაცია არათუ არა აქვთ, არამედ ვერც შეიძლება, რომ თეორიულად ჰქონდეთ, – არ არსებობდა ამის სამართლებრივი მექანიზმი და ამიტომ ვერ დაირეგისტრირეს, თორემ ამ ხალხს კი არ ეზარება მიწების დარეგისტრირება, მათ იციან, რომ ეს მათი საკუთრებაა და უნდათ დარეგისტრირება, - ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ამის მექანიზმი“, – განაცხადა ორშაბათს ბიუროს სხდომაზე პალიკო კუბლაშვილმა.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდება და მათი განკარგვის ან სარგებლობაში გადაცემის კუთხით შესაძლოა ერთწლიანი შეზღუდვა დაწესდეს. მართალია, ამ ერთი წლის მანძილზე მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსგან გამოთხოვის უფლება მიეცემათ, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ, არასრული დოკუმენტაციის, თანხის არქონისა თუ სხვა პრობლემების გამო, შესაძლოა ფაქტიური მფლობელი ერთწლიან ვადაში ვერ ჩაეტიოს და სამუდამოდ დაკარგოს შანსი კანონიერად დაისაკუთროს მიწა, რომლითაც ის წლების განმავლობაში სარგებლობდა.

22 თებერვალს ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ჯერ არ განხილულა, არ უნდა ქმნიდეს საფუძველს იმისათვის, რომ სავარაუდო კერძო მესაკუთრეთა ინტერესები სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე შევიწროვდეს. მანანა კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობების მისამართით პოლიტიკური მესიჯიც გაახმაურა:

„დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის ხელმძღვანელობა ამას უსმენს – ეს იქნებიან გამგებლები, საკრებულოს წევრები თუ თავმჯდომარეები და, თუ გნებავთ, პარლამენტიდან იყოს მიმართვა, რომ თვითნებურად, ფორსირებულად, ნაჩქარევად ნუ განახორციელებენ ნურავითარ სამართლებრივ ქმედებას, იმ კანონზე დაყრდნობით, რომელიც ჯერ არ არსებობს. თუნდაც, გნებავთ, ეს იყოს გარკვეული პოლიტიკური გზავნილი, ჩვენი თვითმმართველობების მიმართ გაკეთებული“.

„ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის“ თავმჯდომარეს დავით ლოსაბერიძეს უკვირს, თუ რატომ მიმართა ვიცე-სპიკერმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მაშინ როცა მათ მიწების საკუთრების დარეგისტრირების პროცესთან აბსოლუტურად არაფერი ესაქმებათ.

დავით ლოსაბერიძე

დავით ლოსაბერიძე

„თვითმმართველობას ამის უფლება იურიდიულადაც არა აქვს... რომც უნდოდეთ, ვთქვათ, რომელიმე „საზიზღარ“ გამგებელს ანდა რომელიმე საკრებულოს გლეხებისთვის მიწის წართმევა, ამის იურიდიული უფლებაც არა აქვთ... თუკი ასეთ რაღაცას დავუშვებთ, წართმევის უფლება აქვს მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას, რადგანაც ცენტრალური ხელისუფლებაა მთელი ამ მიწების მესაკუთრე“, – უთხრა დავით ლოსაბერიძემ რადიო თავისუფლებას.

მთავრობის მიერ (2015 წლის დეკემბერში) ინიცირებულ კანონპროექტს, რაც "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობს, სამართლებრივი თვალსაზრისით არაფერი შეუცვლია, რადგანაც დაურეგისტრირებელი მიწების დასაკუთრებაზე სახელმწიფოს მანამდეც მიუწვდებოდა ხელი, – ამბობს ჩვენთან საუბრისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მთავარი იურისტი თეონა ზაქარაშვილი, თუმცა ის პოლიტიკურ ნებაზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ამ კანონპროექტის შეტანით პარლამენტში დაფიქსირდა სახელმწიფოს უალტერნატივო ნება, რომ მას სურს თავად დაირეგისტრიროს მიწების დაურეგისტრირებელი 80 პროცენტი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც ახლა პარლამენტშია და განხილვა უნდა დაიწყოს, სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ ერთი ოპერაციით ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოაქციოს მიწების დაურეგისტრირებელი 80 პროცენტი“.

23 თებერვალს მიწის რეგისტრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ის თვლის, რომ ოპონენტები „ღია კარს ამტვრევენ“, რადგანაც მთავრობა ყველანაირად შეუწყობს ხელს მიწის საკუთრების დარეგისტრირების პროცესს, ამ მიზნით „სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტიც“ შემუშავდა და ამის შესახებ მალე გახდება ცნობილი. მანამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც აღნიშნა, რომ კერძო მესაკუთრეები არავითარ შემთხვევაში არ დაზარალდებიან და რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მათი უფლებების დასაცავად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG