Accessibility links

logo-print

თბილისის მერია მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებას პრიორიტეტად აცხადებს. პარალელურად წესდება ჯარიმა მიწისქვეშა გადასასვლელებში სხვადასხვა სახის პლაკატებისა და საინფორმაციო მასალების განთავსებისათვის. რა მდგომარეობაა დღეს თბილისში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში და როგორ აპირებს ქალაქის მერია მათ კეთილმოწყობას?

61 წლის ბორისს ერთ-ერთი ცენტრალური გამზირის მიწისქვეშა გადასასვლელში პატარა მაღაზია აქვს. თითქმის მთელ დღეს იქ ატარებს, ამიტომ მეუბნება, რომ მისთვის, როგორც მიწის ქვევით მომუშავე ადამიანისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურება და რა მდგომარეობაა დღეს მიწისქვეშა გადასასვლელებში. მისი თქმით, დღესდღეობით მიწისქვეშა გადასასვლელს, სადაც ის მუშაობს, სისტემატურად ასუფთავებენ.

„დილაობით, რომ მოვდივართ, სუფთა გვხვდება. მეეზოვეები ასუფთავებენ ხოლმე. ხანდახან ფხვნილითაც რეცხავენ. მოკლედ, კმაყოფილი ვარ“, - აბობს ბორისი.

69 წლის ციალა, შვილიშვილთან ერთად, მელიქიშვილზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელით დღეში ორჯერ სარგებლობს. დილით, როცა სკოლაში მიჰყავს შვილიშვილი, და შუადღისას, როცა სახლში ბრუნდებიან:

„აქ კიდევ შეიძლება, რომ გადახვიდე და გამოხვიდე, მაგრამ სხვაგან ეს საშინელებაა. აი, მაგალითად, ავლაბარში ერთ-ერთ გადასასვლელში მიწევს ხოლმე გადასვლა და ვერ გადახვალ, ისეთი ანტისანიტარიაა, სიბინძურე. ეს ხალხზეც არის დამოკიდებული. ტუალეტად აქვთ ქცეული გადასასვლელის ერთი კუთხე“.

დავით ნარმანია

დავით ნარმანია

4 თებერვალს თბილისის მერიაში გამართული მთავრობის სხდომიდან მოუწოდა საზოგადოებას თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, მიწისქვეშა გადასასვლელებში სისუფთავე დაიცვან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ჯარიმა დაეკისრებათ. გარდა ამისა, დაჯარიმდებიან ასევე ის ადამიანები, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელებში სხვადასხვა სახის პლაკატებსა და საინფორმაციო მასალებს განათავსებენ:

„თუკი უკანონოდ მოხდება მიწისქვეშა გადასასვლელში სხვადასხვა სახის პლაკატების განთავსება, პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება“.

იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მერია მიწისქვეშა გადასასვლელების მოსაწესრიგებლად აქტიური მუშაობის დაწყებას აპირებს, ქალაქში არსებული 41-ვე მიწისქვეშა გადასასვლელის კეთილმოწყობაზე ზრუნვა კი დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს „უძრავი ქონება - თბილისს“ დაევალა. კომპანიის ხელმძღვანელობას მიწისქვეშა გადასასვლელების პირველადი დასუფთავებისათვის 10- დღიანი ვადა მიეცა. გარდა ამისა, კომპანიას მათ მოსაწესრიგებლად და განათების უზრუნველსაყოფად გეგმა-გრაფიკის შემუშავებაც დაევალა. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში მიწისქვეშა გადასასვლელების მოსაწესრიგებლად ერთ მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მოგვეცა 10 დღე, ხოლო სანამ რემონტები დაიწყება, მოგვეცა ვადა, რათა დავასუფთაოთ ქალაქში არსებული ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი...

შპს „უძრავი ქონება - თბილისის“ დირექტორის მოადგილის ირაკლი ცაგარეიშვილის თქმით, სწორედ ეს თანხა დაიხარჯება მიმდინარე წლის ბოლომდე, რათა სრულად მოწესრიგდეს ქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები. საუბარია როგორც კაპიტალურ რემონტზე, ისე სისტემატურ დასუფთავებაზე. ირაკლი ცაგარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ კომპანია სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ტენდერს:

„სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მოგვეცა 10 დღე, ხოლო სანამ რემონტები დაიწყება, მოგვეცა ვადა, რათა დავასუფთაოთ ქალაქში არსებული ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი. ახლაც დილიდან მიმდინარეობს ვაკის პარკთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის დაგვა-დასუფთავება, მორეცხვა შესაბამისი ხსნარებით“.

4 თებერვლის მონაცემებით, დასუფთავებულია 17 მიწისქვეშა გადასასვლელი. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, პროცესი გრძელდება.

რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმულებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელების ადაპტირებისსაკითხს, ამ ეტაპზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ორ მიწისქვეშა გადასასვლელში - ვაკის პარკთან და რუსთაველზე, ოპერის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში - სპეციალური ლიფტები დამონტაჟდა. როგორც ირაკლი ცაგარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, თუკი იქნება შესაბამისი მოთხოვნა, კომპანია ამ მხრივაც იმუშავებს და მიწისქვეშა გადასასვლელებს ეტლით მოსარგებლეთა და ხანდაზმულთა შესაძლებლობებს მოარგებს.

XS
SM
MD
LG