Accessibility links

მიუსაფართათვის გორში კარვები არ გაშლილა, შარშან ზამთარში კომბინატის დასახლებაში იმ ადამიანებისთვის, ვისაც საცხოვრებელი არ გააჩნდა და ღამეს ქუჩაში ათევდა, 4 კარავი გაშალეს. ადგილობრივ გამგეობას მაშინ „წითელი ჯვრის“ ორგანიზაცია საბნებით და ლეიბებით, თავდაცვის სამინისტრო კი კარვებითა და საწოლებით დაეხმარა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიუსაფართა კვებასა და შეშაზე 15 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, კარვებში კი 20-მდე ადამიანი ცხოვრობდა. დეკემბრის დასაწყისში გორის მერიის სოციალურ სამსახურში განაცხადეს, რომ კარვებს გორში ისევ გაშლიდნენ, მაგრამ მოგვიანებით გადაიფიქრეს, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. სოციალური ქსელებით ხელისუფლების კრიტიკა მიმდინარეობდა. გორის მერიას კარვების გაშლის რეკომენდაციით ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისმაც მიმართა. ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლება დროულ რეაგირებას თუ არ მოახდენდა, მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა, მერიაში კი განაცხადეს, რომ მიუსაფართათვის, სოციალური დახმარების გარდა, ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1000 ლარი გამოიყო ბინების დასაქირავებლად. მერიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ათევდა ღამეს და ამის დასამტკიცებლად მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ და სოციალური სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქუთათელაძემ ქალაქში შემოვლა მოაწყვეს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც ღამით ქუჩაში იმყოფებოდა, უკვე უქირავეს სახლი, მაგრამ იქ წასვლას ოჯახის წევრებთან კონფლიქტის გამო არ აპირებდა. შალვა ტლაშაძე მას სთხოვდა, რომ ზამთრის ამ ცივ ღამეს სახლში წასულიყო.

მეორე მოქალაქე კი, რომელიც დიდი ხანია ქუჩაში ცხოვრობს, თვითონვე ამბობდა უარს დახმარებაზე. მას მთელი გორი იცნობდა, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე შემწეობას ითხოვდა და მუდმივად არყის ბოთლი ედგა გვერდით. მერიის თანამშრომლებმა ჯერ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს, მოგვიანებით კი საპატრულო პოლიციას უხმეს და ეს ადამიანი თბილისის თავშესაფარში გადაიყვანეს. მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ეკატერინე ქუთათელაძე აცხადებს, რომ მერიის მიუსაფართა პროგრამით უკვე არაერთმა ადამიანმა ისარგებლა, რამაც ქუჩებში უსახლკაროთა რიცხვი შეამცირა.

მერიის სოციალური სამსახური უსახლკაროდ დარჩენილებს მოუწოდებს, რომ ისარგებლონ ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსებით და ბინების დასაქირავებლად შესაბამისი თანხა მიიღონ.

XS
SM
MD
LG