Accessibility links

logo-print
”საქართველოს ზრუნვის პლატფორმა” ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს - „საქართველოს კარიტასს“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციას“ და “შინ მოვლის კოალიციას“ - აერთიანებს, სულ - 33 საზოგადოებრივ ორგანიზაციას. ამ ორგანიზაციებს ერთმანეთთან ერთი მთავარი იდეა აკავშირებთ: მკურნალობას დაემატოს ზრუნვის კომპონენტი და, რაც მთავარია, შეიქმნას კონკრეტული მექანიზმი, რომელიც საქართველოში ზრუნვის სისტემის ამოქმედებას დაეხმარება. რას მოიცავს ზრუნვის კომპონენტი, რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სისტემისთვის და რამდენად ჩამორჩება საქართველო ამ მხრივ სხვა ქვეყნებს? - ”ზრუნვის პლატფორმამ” ამ საკითხებს სპეციალური პრეზენტაცია მიუძღვნა, რომელიც 23 აპრილს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

”საქართველოს ზრუნვის პლატფორმას” ერთი მთავარი მისია აქვს - ხელი შეუწყოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის - ზრუნვის - დამკვიდრებას და განვითარებას. მიზეზი მარტივია: ზრუნვის საჭიროება საქართველოს განსაკუთრებული სისწრაფით, ცუნამივით უახლოვდება და ის ქვეყნის მთელ მოსახლეობას შეეხება, - აცხადებს ”შინ მოვლის კოალიციის” წარმომადგენელი უჩა ვახანია. დღეს საქართველოში ასეთი სამიზნე ჯგუფის რაოდენობა 600 000-დან 900 000-მდე მერყეობს. უჩა ვახანია განმარტავს, რომ დღეს საქართველოში პაციენტს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მხოლოდ მკურნალობითი მომსახურება, რაც ზრუნვის კომპონენტს არ ითვალისწინებს. ხშირად სწორედ ამ მიზეზით პაციენტები საავადმყოფოში უფრო ხანგრძლივად რჩებიან, საავადმყოფო კი თავად კისრულობს მოვლასაც:

“ჩვენი წინადადებაა, აი, იმ სისტემაში, რომელიც ძვირია და არ არის ეფექტური, შემოვიდეს ზრუნვის სისტემა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო თუ დღის ცენტრებს, შინ მოვლას, მობილურ ჯგუფებს და სხვა მსგავს სერვისებს, რომლებიც გაცილებით უკეთ პასუხობს პაციენტის საჭიროებებს და არის ბევრად უფრო იაფი. შეიძლება ითქვას, რომ რეანიმაციაში მყოფი პაციენტები, რომლებიც დღე-ღამეში საშუალოდ 1500 ლარს ხარჯავენ, მათი ერთი მესამედი შესაძლებელია გადაიყვანონ ბინაში და საჭირო თანხის მეექვსედი დაეხარჯოს და, რაც მთავარია, უკეთესი მომსახურებაც მიიღოს”.

მაგალითად, საქართველოს აქვს გერმანიის გარკვეული რაოდენობის ვალი, რომელიც მას უნდა გადაუხადოს, თუმცა არსებობს ასეთი მექანიზმი: შესაძლებელია ქვეყანამ უარი თქვას ვალზე, ნაწილი საერთოდ აპატიოს და ნაწილი კი ქვეყანამ გამოიყენოს ზრუნვის სისტემის ფორმირებისთვის...
უჩა ვახანიას და „ზრუნვის პლატფორმაში“ შემავალ სხვა ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ამ სერვისების დაფინანსება შეიძლება მოხდეს მსოფლიოში აპრობირებული, ე.წ. ვალების გადამისამართების პროექტებზე დაყრდნობით:

”მაგალითად, საქართველოს აქვს გერმანიის გარკვეული რაოდენობის ვალი, რომელიც მას უნდა გადაუხადოს, თუმცა არსებობს ასეთი მექანიზმი: შესაძლებელია ქვეყანამ უარი თქვას ვალზე, ნაწილი საერთოდ აპატიოს და ნაწილი კი ქვეყანამ გამოიყენოს ზრუნვის სისტემის ფორმირებისთვის. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და მასში გერმანელი ექსპერტებიც აქტიურად მონაწილეობენ, პროექტიც შედგენილია და იმედი გვაქვს, რომ მალე წარმატებით დასრულდება”.

„ზრუნვის პლატფორმას“ ტექნიკურად „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ (CTC) ეხმარება, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ირინა ხანთაძე განმარტავს, თუ როგორ ფინანსურ მოდელს შეიძლება დაეფუძნოს ზრუნვის სისტემა საქართველოში:

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვალების გადამისამართების მოდელის დახმარებით ჩამოყალიბდეს განვითარების ფონდი, რომელიც მხარს დაუჭერს ამ სფეროში რეფორმების განხორციელებას და რესურსების შექმნას. ჩვენი იდეა არ არის ის, რომ ეს ფული სერვისების მიწოდებაზე დაიხარჯოს, ეს თანხა უნდა ჩაიდოს ინფრასტრუქტურის მომზადებაში, ადამიანური რესურსის მომზადებაში”.

„საქართველოს ზრუნვის პლატფორმასთან“ სათანამშრომლოდ მზად არის სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ის ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს მუდმივად ხვდება და მათ ინიციატივებს და რჩევებს სახალხო დამცველის თემატურ ანგარიშებშიც ასახავს:

თუ ეს საკითხი მართლაც დაიძვრება და განიხილება მაღალ დონეზე და „პლატფორმაც“ ითამაშებს წამყვან როლს, ეს მართლაც სერიოზული რესურსი იქნება...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პროფესიულ წრეებში არავის სჭირდება იმის ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაავადებათა მართვის პროცესში ზრუნვის კომპონენტის შემოტანა. რაც შეეხება ამ ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთ შემოთავაზებულ გზას, ვალების გადამისამართებას, ამირან გამყრელიძე იხსენებს, რომ ეს იდეა რამდენიმე წლის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწყობილ კონფერენციაზეც გაჩნდა, მაშინ დოკუმენტიც შემუშავდა, რომელსაც სწორედ ასე ერქვა - ”ჯანმრთელობა ვალების სანაცვლოდ”. ამ დოკუმენტით საქართველო სთხოვდა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ვალების რესტრუქტურიზაციას იმ პირობით, რომ ეს ფული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროს მოხმარდებოდა. მაშინ იმ 16 ქვეყანას შორის, ვისთვისაც ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, საქართველო ვერ მოხვდა, აცხადებს ამირან გამყრელიძე:

”თუ ეს საკითხი მართლაც დაიძვრება და განიხილება მაღალ დონეზე და „პლატფორმაც“ ითამაშებს წამყვან როლს, ეს მართლაც სერიოზული რესურსი იქნება, რადგან მთელმა რიგმა ქვეყნებმა სწორედ ამით მიაღწიეს ძალიან მნიშვნელოვან გარდატეხას ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG