Accessibility links

logo-print

29 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრში 16-მა ქალმა წაიკითხა მონოლოგი, რომელიც იტალიელი ჟურნალისტისა და მწერლის სერენა დანდინისა და მისი კოლეგის, მაურა მაზიტის, წიგნში გაერთიანდა. „სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც ძალადობის მსხვერპლი მკვდარი ქალები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, თავიანთ ამბებს ჰყვებიან. წიგნი შარშან სასცენო წარმოდგენად იქცა და ის მსოფლიოს არაერთ დიდ ქალაქში დაიდგა. წარმოდგენებში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკოსი ქალები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა. ასე მოხდა საქართველოშიც. 16 ქალი ამ იდეის გარშემო საქართველოში იტალიის ელჩმა გააერთიანა.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმ ამბებს, რაც შენ გარშემო ხდება, შენი კედლის მეზობლის სახლში ხდება, წინა კორპუსში ხდება, გვერდით ეზოში ხდება. შენ იცი ეს ყველაფერი, გესმის ეს ყველაფერი. ხან ყურებზე იფარებ ხელს, ხან კედელზე უბრახუნებ, ხან კარზე და ემუქრები, რომ პატრულს გამოიძახებ. მერე ცოტა ხნით მშვიდდება სიტუაცია, მაგრამ შენს მუქარას მალე გასდის ყავლი და ყველაფერი თავიდან იწყება. და მერე უცებ აღმოაჩენ, რომ ყველა ბრახუნი, რაც კი მეზობელი სახლებიდან გამოდის, ძალადობის ხმები გგონია. იქნებ მეზობელი კედელზე ლურსმანს აჭედებს, შენ კი ფიქრობ, რომ ქმარი ცოლს კედელზე არტყმევინებს თავს და იძაბები - ყველა კუნთი გეჭიმება, მუჭები თავისით იკვრება, თვალები ფართოვდება და მიდიხარ ახლოს, სულ ახლოს, კიდევ უფრო ახლოს კედელთან. შპალერის ყვავილები სულ უფრო დიდდებიან, იზრდებიან, მუქდებიან, ბოლოს საერთოდ ქრებიან და დგახარ კედელზე ყურაკრული, გული წუთში 120-ს ურტყამს და ელოდები მორიგ დარტყმას მეზობლის კედლიდან. სიჩუმეა. ხომ არ მოკლა? და იწყებ კედლის ბურღვას თვალებით. ბავშვის ტირილის ხმა ისმის. კაცი რაღაცას ბურდღუნებს. ქალიც. ცოცხლები არიან. მერე ჯდები სკამზე, პულსზე ხელს იდებ და დამშვიდებას ცდილობ. თან ფიქრობ: ასე არ შეიძლება, ეს უკვე პარანოიაა. მაგრამ იმასაც კარგად ხვდები, რომ შენი შიში არ არის უსაფუძვლო. როგორ უნდა იყოს შენი შიში უსაფუძვლო, როცა 2014 წელს საქართველოში ქმარმა ან ყოფილმა ქმარმა, ან შეყვარებულმა 24 ქალი მოკლა - ზოგი ნაჯახით, ზოგი ტყვიით, ზოგი ყელში დანის გამოსმით, ზოგი ცეცხლის წაკიდებით. და ზოგი იყო ახალგაზრდა, ზოგი ძალიან ახალგაზრდა, ზოგი ხანშიშესული, ზოგიც ორსული...

სერენა დანდინი იტალიელი ჟურნალისტი და მწერალია. მას ერთ-ერთ იტალიურ რადიოსადგურში საავტორო გადაცემა მიჰყავს და იტალიაში ცნობილი ქალია. ჟურნალისტის აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, თავისუფალ დროს კი წერს. სწორედ ასე დაიწერა წიგნი, სახელწოდებით „Ferite a morte“, „სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები“. სერენა დანდინისა და მისი კოლეგის, მაურა მაზიტის, წიგნი მკვდარი ქალების მონოლოგებს აერთიანებს - იმ ქალების, რომლებიც ქმრებმა, ყოფილმა ქმრებმა, შეყვარებულებმა დახოცეს. ეს მხატვრული პროზაა, თუმცა რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული. მკვდარი ქალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავიანთ ცხოვრებას და, ბოლოს, სიკვდილის წამებს იხსენებენ. ჰყვებიან ამბებს, რომლებიც ძალიან ჰგავს იმ ისტორიებს, რაც საქართველოში ხდება. ასე გგონია, იმ ამბებს კითხულობ, რომელიც გუშინ, გუშინწინ, ერთი კვირის წინ ადგილობრივმა ტელევიზიამ თუ რადიომ გადმოსცა. მკვლელების ფანტაზია არც ისე მრავალფეროვანია. ზუსტად ისე კლავენ იტალიაში, საფრანგეთში, ჩინეთში, სირიაში, ბოსნიასა თუ სამხრეთ აფრიკაში, როგორც საქართველოში. 22 მონოლოგი, რომელიც წიგნში გაერთიანდა, ჰყვება ორსული ქალის მკვლელობის ამბავს, მდინარეში გადაგდებული ქალის ამბავს, ვერდაბადებული გოგონას ამბავს, მშობიარობისას მომკვდარი 10 წლის გოგონას, ჰო, 10 წლის გოგონას ამბავს, რომელსაც ხუთჯერ უფროსი ქმარი ჰყავდა...

მის ამბავს ჰყვება სერენა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინის სცენიდან:

„მე მშობიარობას გადავყევი. ჰო, შეიძლება თქვათ, მერე რა, ყოველ წელს მილიონობით ქალი კვდება მშობიარობისასო. და ეს ასეა, მაგრამ, იცით, რა მინდოდა მეთქვა? მე მხოლოდ 9 წლის ვიყავი, როცა ჩემმა ქმარმა დამაფეხმძიმა. შეიძლება არ იცით, მაგრამ ჩვენ ბევრნი ვართ“...

ჰო, მე ვთქვი, სერენა ამ მონოლოგს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინის სცენიდან კითხულობს-მეთქი. წიგნი „სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები“ წარმოდგენად იქცა და ამ წარმოდგენამ, რომელიც უკვე მსოფლიოს რამდენიმე დიდ ქალაქში დაიდგა, არაერთი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქალი გააერთიანა, მათ შორის, პოლიტიკოსები, ხელოვნების მოღვაწეები, ჟურნალისტები და სხვა. ასე მოხდა საქართველოშიც. ჩვენს ქვეყანაში, იტალიის ელჩის ფედერიკა ფავის ინიციატივით, 16 ქალი შეიკრიბა და მოკლული ქალების მონოლოგები მარჯანიშვილის თეატრის სცენიდან ხმამაღლა, ყველას გასაგონად წაიკითხა.

ეს პრობლემა მხოლოდ ერთი კატეგორიის ქალებს არ ეხება. როგორც მონოლოგებში ჩანს, ძალადობა ეხება ცნობილ მსახიობ ქალს, ღარიბ ქალს, განათლებულ ქალს, მუსლიმ ქალს, ქრისტიან ქალს. ჩვენ გლობალურად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, რათა ავამაღლოთ ცნობიერება ქალებში, კაცებში, სხვადასხვა ინსტიტუციებში...

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შავი კაბა და წითელი ფეხსაცმელი აცვია. რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს შავი კაბა და წითელი ფეხსაცმელი აცვია. მაკა ჩიჩუას, პრეზიდენტის ცოლს, შავი კაბა აცვია და წითელი ქუდი ხურავს. ნათია ფანჯიკიძეს, ფსიქოლოგს, შავი კაბა აცვია და საყელოზე წითელი ვარდი უკეთია და ა.შ. შავი, როგორც გლოვის ფერი, და წითელი, როგორც სისხლის ფერი, ამ სპექტაკლის მსახიობების ე.წ. უნიფორმაა.

იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი მიამბობს, რომ სპექტაკლის საქართველოში ჩამოტანის იდეა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. თანხმობა სპექტაკლში მონაწილეობაზე ქალებისაგან შეთავაზებისთანავე მიიღო და წარმოდგენის დღეც დაინიშნა. მონოლოგი, რომელიც მან სცენაზე წაიკითხა, ძალიან მძიმე მოსასმენია, ისევე როგორც დანარჩენი მონოლოგები. მისი მონოლოგის მთავარი გმირი 7 თვის ფეხმძიმეა. მას ქმარმა ცეცხლი წაუკიდა და ისე მოკლა. მცირე მონოლოგში, სახელად „ურჩხული“, ძალიან ბევრი ისეთი პრობლემაა წამოწეული, რომელიც ქართულ რეალობასთან ძალიან ახლოს დგას: სამართალდამცავთა გულგრილობა, ძალადობის მსხვერპლის მიერ მოძალადის დაცვა, რაც ბოლოს სიკვდილით მთავრდება.

„ეს პრობლემა მხოლოდ ერთი კატეგორიის ქალებს არ ეხება. როგორც მონოლოგებში ჩანს, ძალადობა ეხება ცნობილ მსახიობ ქალს, ღარიბ ქალს, განათლებულ ქალს, მუსლიმ ქალს, ქრისტიან ქალს. ჩვენ გლობალურად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, რათა ავამაღლოთ ცნობიერება ქალებში, კაცებში, სხვადასხვა ინსტიტუციებში. ვგულისხმობ იმას, რომ ძალადობის წინააღმდეგ უნდა გამოვიდნენ რელიგიური ლიდერები, სამართალდამცავი სტრუქტურები. მნიშვნელოვანია ამ პროცესში სკოლის ჩართულობა. მედიას შეუძლია შეასრულოს უდიდესი როლი. აუცილებლად უნდა ჩატარდეს ტრენინგები პოლიციელებისა და ექიმებისთვის. როდესაც ძალადობის მსხვერპლი მიდის საავადმყოფოში და ამბობს, რომ ის დაეცა, ექიმმა უნდა ამოიცნოს, ის მართლა კიბიდან დაგორდა თუ ქმართან ჰქონდა პრობლემები“, - მეუბნება ფედერიკა ფავი.

მე ჩემი ძმის სიზმრებში ვჩნდები, ყოველღამე ერთად ვთამაშობთ და სახლის ამბებს მიყვება. ჩემს ძმას ვუყვარვარ. გაუხარდებოდა, რომ ვყოლოდი, მაგრამ ძალიან პატარაა და არავინ არაფერს ეკითხება. ჯერ ისიც არ იცის, რომ ოცი წლის რომ იქნება, ცოლის მოყვანა ძალიან გაუჭირდება, რადგან უკვე 25 მილიონით მეტი ბიჭია, ვიდრე გოგო...

„ურჩხული“, ნაწყვეტი მონოლოგიდან. კითხულობს ფედერიკა ფავი:

„...არა, ურჩხული რომ ყოფილიყო, ხომ ცოცხლადვე დამწვავდა? კიდევ კარგი, ჯერ თავში ჩამარტყა, გამთიშა და როცა ცეცხლი მომიკიდა, თითქმის არაფერი მიგრძვნია. ხედავ? სულაც არ იყო ურჩხული, მაინც ზრუნავდა ჩემზე ბოლომდე... ასე რომ არ ყოფილიყო, ხომ არ გამთიშავდა დაწვამდე და მაშინ უარესი იქნებოდა, უფრო ვიწვალებდი. ჩემზე ზრუნვით გააკეთა ასე, ხომ ხედავ, დედა, არ ყოფილა ურჩხული. უბრალოდ, ნერვიული იყო. ბავშვისთვის ვიტო მინდოდა დამერქმია, ბაბუას სახელი“...

ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს ვერდაბადებული გოგოს მონოლოგის წაკითხვა ერგო წილად. თავიდან მოიცილეს გოგო, იმიტომ რომ გოგოა, იმიტომ რომ ზედმეტი ტვირთია, იმიტომ რომ გოგოს გაჩენით თავიდანვე ზარალში ხარ. ერთი გოგოთი მეტი, ერთით ნაკლები, რა იცვლება:

„მე ჩემი ძმის სიზმრებში ვჩნდები, ყოველღამე ერთად ვთამაშობთ და სახლის ამბებს მიყვება. ჩემს ძმას ვუყვარვარ. გაუხარდებოდა, რომ ვყოლოდი, მაგრამ ძალიან პატარაა და არავინ არაფერს ეკითხება. ჯერ ისიც არ იცის, რომ ოცი წლის რომ იქნება, ცოლის მოყვანა ძალიან გაუჭირდება, რადგან უკვე 25 მილიონით მეტი ბიჭია, ვიდრე გოგო და გოგოები უფრო და უფრო ცოტავდებიან... მაგრამ ჯერ ამაზე არ ფიქრობს და რომ გამახაროს, ყოველ საღამოს ნამცხვრის ნაჭერი მოაქვს ჩემთვის, მაგიდიდან იპარავს. რა ცუდია, რომ არ დავიბადე, ასეთი დედიკო მეყოლებოდა, ასეთ ნამცხვრებს აცხობს... ჩვენკენ თუ მოხვდებით, აუცილებლად უნდა გასინჯოთ ჩემი დედიკოს ნამცხვარი“...

კაცებს ცემით კლავენ, ქალებს კი ჯერ კარგად გააუპატიურებენ და მერე კლავენ. რაც სამყარო არსებობს, ყოველთვის ასე ხდებოდა და აღარც არავის უკვირს. ასეთ დანაშაულზე პროცესის დაწყებაც კი ძნელია. ძნელია მოწმეები ალაპარაკო...

როგორ დააღწიოს ძალადობის მსხვერპლმა მოძალადეს თავი? სად გაიქცეს? სად დაიმალოს? ვის მიმართოს? ნათია ფანჯიკიძე ამბობს, რომ ამ მხრივ, როგორც საზოგადოების ცნობიერება, ისე ინსტიტუციები საქართველოში მზად არ არიან: „წავიდოდი, მაგრამ სად წავიდე. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა - ეს არის სოციალური საკითხი. ქალებს უნდა მივცეთ სათანადო განათლება, რაც იქნება მათი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ძლიერი იარაღი და ბერკეტი, რომ მათ ექნებათ თავის რჩენის საშუალება დამოუკიდებლად. გარდა ამისა, მათ უნდა ჰქონდეთ წასასვლელი. კარგი იქნება, თუ ამ საკითხზე თავად გოგოების მშობლებიც იზრუნებენ. ჯერ კიდევ არის საქართველოში ტენდენცია, რომ ქონება მთლიანად ბიჭს რჩება. ორი კვადრატული მეტრი რომ ჰქონდეს ოჯახს, ის უნდა გაიყოს თანაბრად, რომ ქალიშვილი არ იქცეს ქმრის ხელში ძალადობის მსხვერპლად, რადგან მას წასასვლელი არსად აქვს. მეორე მხრივ, ამ ყველაფერში ინსტიტუციები უნდა იყოს ჩართული. რომ წამოვიდეს ეს ქალი, სად წავიდეს, ვის მიმართოს? აქ უკვე აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუციების ჩართულობა, პოლიციის ადეკვატური ქმედება“, - ამბობს ნათია ფანჯიკიძე.

ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის მონოლოგი ერგო ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს. ეკას მონოლოგის მთავარი გმირიც მკვდარია, რაღა თქმა უნდა:

„კაცებს ცემით კლავენ, ქალებს კი ჯერ კარგად გააუპატიურებენ და მერე კლავენ. რაც სამყარო არსებობს, ყოველთვის ასე ხდებოდა და აღარც არავის უკვირს. ასეთ დანაშაულზე პროცესის დაწყებაც კი ძნელია. ძნელია მოწმეები ალაპარაკო: არავის აწყობს დადგენილი ნორმების დარღვევა. მაინც მოიძებნება დაცვის ადვოკატი, რომელიც დაამტკიცებს, რომ სქესობრივ აქტზე ქალი თანახმა იყო, უბრალოდ მერე რაღაც მოხდა და ყველაფერი ცუდად დამთავრდა. მაგრამ ასეთი ამბები კაცისთვის არასდროს მთავრდება ცუდად. მით უმეტეს - ფორმიანი კაცებისთვის. მათ ყველგან და ყველაფერზე მწვანე შუქი აქვთ - ეჭვიც არავის ეპარება, რომ კანონს ასრულებენ, უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, სახელმწიფოს იცავენ. დროშის ლაფში ამოსვრა, სამართალდამცავებში ეჭვის შეტანა დაუშვებელია. მნიშვნელობა არა აქვს, მასობრივი გაუპატიურება ხდება ომის დროს თუ ძალადობის ცალკეული შემთხვევები ჩაკეტილ ყაზარმებში“...

ხელისუფლება და პოლიტიკოსები უნდა იყვნენ უფრო აქტიურები, მეუბნება ეკა მიშველაძე. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით ცოტას, ძალიან ცოტას აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს ფემიციდის პრევენცია. ეკა წუხს იმაზე, რომ მარჯანიშვილის თეატრში გამართულ წარმოდგენას, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, პოლიტიკოსი მამაკაცები არ დასწრებიან. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლების წარმომადგენლების ოფიციალური შეკრებები, მიმართული ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ, უბრალოდ, შეკრებებად რჩება და ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს: „მაშინ როცა არ ხარ სოლიდარული, არ მოდიხარ თუნდაც ასეთ პერფორმანსზე და არ გინდა მოისმინო ის, თუ რა ხდება მსოფლიოში და რამდენად მასშტაბურია რეალურად ეს პრობლემა და, მით უმეტეს, როცა ეს შენს ქვეყანასაც ასე აქტიურად ეხება, მე ნამდვილად გაკვირვებული და გაოცებული დავრჩი. მე მათგან ვითხოვ უფრო მეტს. მე მათგან ვითხოვ მაგალითს იმისა, რომ ისინი არიან სოლიდარულები ამ ქალების მიმართ. ძალიან უნდა გააქტიურდეს მსგავსი აქციები და ეს არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ პერფორმანსებით და სიმღერებით. ყველა ოჯახამდე, ყველა ადამიანამდე უნდა მივიდეს ის, რომ ძალადობის მოთმენა არ შეიძლება, რომ ქალებს აქვთ ხმის ამოღების უფლება, რომ არ შეიძლება ცხოვრობდე მოძალადესთან, რომ მოძალადემ უნდა იცოდეს, რომ ის აუცილებლად დაისჯება“, - ამბობს ეკა მიშველაძე.

რაც შეეხება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ხელისუფლების ბოლოდროინდელ აქტიურობას, უნდა ითქვას, რომ, პრემიერ-მინსიტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნა უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის საზრუნავიც სწორედ ოჯახური ძალადობისა და, ზოგადად, ძალადობის პრევენცია უნდა იყოს. 22 ოქტომბერს ამ ჯგუფის პირველი შეხვედრაც შედგა. სწორედ იქ შევიტყვეთ, რომ ორ დღეში, ანუ 24 ოქტომბერს, შსს-ს საზოგადოებისათვის ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნული სტრატეგია უნდა წარედგინა, თუმცა ოქტომბერი დასრულდა, სტრატეგია კი არ ჩანს.

დაბოლოს. ოჯახური ძალადობის უკანასკნელი ფაქტი, რომელიც გახმაურდა: 26 ოქტომბერი. დედოფლისწყაროში შვიდი თვის ორსულ ქალს ქმარმა არასრულწლოვანი შვილებისა და მეზობლების თანდასწრებით სასტიკად სცემა. მეზობლებს კაცისთვის ხელი არ შეუშლიათ. ქალი გადარჩა. კაცი დაპატიმრებულია. კაცს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

და კიდევ, ბოლოს, იმედს ვიტოვებ, რომ იმ რამდენიმე საათში, სანამ ეს სიუჟეტი ეთერში გავა, სიკვდილისთვის გამეტებული ქალების რიცხვი არ გაიზრდება. იმის ილუზია, სამწუხაროდ, არ მაქვს, რომ იმ რამდენიმე საათში, სანამ ეს სიუჟეტი გავა, ქალებს არ სცემენ, თვალებს არ ჩაულურჯებენ, ტუჩს არ გაუხეთქავენ.

XS
SM
MD
LG