Accessibility links

29 აგვისტოს ღამით წავკისი-ტაბახმელის გზაზე მომხდარ გასროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ერთიც დაიჭრა. მძიმედაა დაჭრილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე, გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა, გარდაცვლილი კი მისი დეიდაშვილია. მომხდარის შესახებ საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.

ოფიციალური ინფორმაცია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილის ლევან გვაზავას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრისა და მისი თანმხლები პირის გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 29 აგვისტოს ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, კვლავაც მძიმეა. ექიმ კონსტანტინე მუმლაძის თქმით, მას ჭრილობა ტყვიით სახის არეში აქვს მიყენებული:

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში ჯერჯერობით რჩება მძიმე. იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. არის სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, სახის ძვლების ოსტე-სინთეზი“.

ლევანი მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დანარჩენს რაც შეეხება, რა მოხდა და როგორ, დაველოდოთ გამოძიებას...

სროლის ხმა წავკისი-ტაბახმელის გზაზე გუშინ, გვიან ღამით, გაისმა. გასროლას ლევან გვაზავას დეიდაშვილი რევაზ კალომლეწავი ემსხვერპლა, თავად გენერალი ლევან გვაზავა კი სასწრაფო დახმარების მანქანით თბილისში, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, გადაიყვანეს. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ამბობს, ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტის საქმე შემდგომი გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეცა. მისი თქმით, საქმე განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილითაა აღძრული:

„შეტყობინების თანახმად, თბილისი-ტაბახმელის ავტომაგისტრალზე ნანახი იქნა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის გვამი, რომელიც, ჩატარებული გამოძიების შედეგად, აღმოჩნდა რეზო კალომლეწავი. ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლნასროლი ჭრილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაყვანილ იქნა ლევან გვაზავა. საქმეზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები - მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, იკითხებიან მოწმეები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“.

ლევან გვაზავა ამჟამად „სამართალდამცველთა დაცვის ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ორგანიზაციაში ამ ეტაპზე შემთხვევის ვერსიებზე არ საუბრობენ. როგორც ლიგის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამუნა მეტონიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, მომხდარის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს და რაიმე ვერსიებზე საუბარი ძნელია:

„ლევანი მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დანარჩენს რაც შეეხება, რა მოხდა და როგორ, დაველოდოთ გამოძიებას“.

ერთი რამ შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ ლევან გვაზავა იყო გენერალი და მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება...

ლევან გვაზავას ოჯახის ადვოკატი დარეჯან გილაშვილი კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს და სწორედ ამ ვერსიების გარშემო წარიმართება გამოძიება. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ლევან გვაზავას ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, საქმე ეხება თვითმკვლელობის მცდელობას. სააგენტოს ინფორმაციით, ლევან გვაზავა ორ დეიდაშვილთან და კიდევ ერთ ახლობელთან ერთად, რომელიც ავტომანქანას მართავდა, მარიამობის აღსანიშნავად მისი ძმის სახლში, პანტიანში, იმყოფებოდა. უკან დაბრუნებისას ავტომანქანაში ლევან გვაზავა იარაღმა შეაწუხა და ბუდიდან ამოიღო, რა დროსაც შემთხვევით გაუვარდა და ტყვია მის წინა სავარძელზე მჯდომ რეზო კალომლეწავს მოხვდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ლევანმა თვითმკვლელობა სცადა. შესაბამისად, ისინი გამორიცხავენ თავდასხმის ვერსიას. ოჯახის ადვოკატი დარეჯან გილაშვილი ასევე ეხმაურება სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის მუხლით:

„ერთი რამ შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ ლევან გვაზავა იყო გენერალი და მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება. რამდენიმე ვერსია ფიგურირებს, თუმცა რომელი ვერსიაა სწორი, ჩვენ არ ვიცით, არ იცის არც ოჯახმა და სწორედ ამის გარკვევას ვცდილობთ“.

შეიძლება თუ არა მომხდარი ფაქტი ანგარიშსწორების შედეგი იყოს, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობენ ლევან გვაზავას მეგობრები და კოლეგები. სამართალდამცველთა დაცვის ლიგის წევრი სოსო ალავიძე ჟურნალისტების ამ შეკითხვას სპეკულაციას უწოდებს:

„არ შეიძლება ყველაფერზე სპეკულირება და ყველაფერზე რაღაცების აგება“.

პოლიციის გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა 2008 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის დღეს „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG