Accessibility links

logo-print

წინა სიუჟეტში ამერიკელი პიანისტისა და კომპოზიტორის ჯონ მედესკის ტრიოს შესახებ ვსაუბრობდი. 1996 წლის ალბომზე, „Shack Man“-ზე, შევჩერდი, რომლის გამოცემის შემდეგ დიდი სჯა-ბაასი გაიმართა იმაზე, თუ რომელ ჟანრს მიეკუთვნებოდა დისკზე წარმოდგენილი მასალა. კრიტიკოსების ნაწილმა ის ინსტრუმენტული ფანკისა და ავანგარდული ჯაზის სინთეზად მოიხსენია, ზოგმა ორნეტ კოულმენისეული თავისუფალი ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის შერწყმად მონათლა, საერთო ჯამში კი, სტილისტიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ჯგუფს თანამედროვე "ჯემ-ბენდის" სტატუსი განუსაზღვრეს. თავად ჯონ მედესკის ამგვარი მიდგომა დიდად არ ეპიტნავება. პიანისტის თქმით, მთელი კარიერის მანძილზე იმპროვიზაციულ ხელოვნებას ემსახურება და სპონტანური მუზიცირების მომხრეა. ამ ფონზე კი, მისი ნამოქმედარის უბრალო "ჯემინგად" მოხსენიება შეურაცხყოფად მიაჩნია.

მართლაც, მეტად რთული გახლდათ ტრიოს მუსიკის ერთ კონკრეტულ ჟანრობრივ ჩარჩოში მოქცევა, რადგან როკი ჰიპ-ჰოპური რიტმებით იყო გაჯერებული, ფრი-ჯაზი პოსტბოპს ერწყმოდა, იკვეთებოდა ბრაზილიული, აფრიკული, იამაიკური ტრადიციული მოტივებიც. 90-იან წლებში კი, როცა მედესკის კლავიშმა ელექტრონული ჟღერადობა შეიძინა, მუსიკაში ბლუზის, გოსპელისა და სოულის ელემენტებიც გაჩნდა.

ამჯერად ჯგუფის დისკოგრაფიიდან რამდენიმე საინტერესო პროექტს გამოვყოფ. "The Dropper" 2000 წელს ბრუკლინში, ტრიოს პირად სტუდიაში, ჩაიწერა. საინტერესოა, რომ მუშაობის პროცესში მოწვეული მუსიკოსებიც ჩაერთნენ - მაგალითად, სან რას ანსამბლის ყოფილი საქსოფონისტი მარშალ ალენი, ასევე ამერიკელი ავანგარდისტი გიტარისტი მარკ რიბო, რომელიც ჯონ ზორნისა და ტომ უეიტსის ხშირი პარტნიორი ბრძანდება. რაც შეეხება ჰიპ-ჰოპ სამყაროში ცნობილ პროდიუსერს სკოტი ჰარდის, მან ალბომის ფრი-ჯაზული ხაზი საცეკვაო რიტმული სტრუქტურებით გაამდიდრა.

2004 წლის ალბომი "End Of The World Party" მუსიკოსებმა სრულიად ახალი ბგერითი ეფექტებით გაალამაზეს. ჯონ მედესკიმ მის არსენალში არსებული ყველაზე ეგზოტიკური ინსტრუმენტი, პოლიფონიურ-ელექტრომექანიკური ორღანი - მელოტრონი გამოიყენა, ხოლო კრის ვუდმა, ბას-გიტარის ნაცვლად, კონტრაბასი მოიმარჯვა და ეფექტური, ლაკონიური სოლო პარტიებით იმეტყველა. მასალის ჩაწერაში მონაწილეობა ზემოხსენებულმა მარკ რიბომაც მიიღო, რომელმაც 70-იანი წლების ჯაზ-როკ ფიუჟენის განწყობა შემოიტანა. მიუხედავად ამისა, როკის მარტივი რიტმულ-ჰარმონიული სტრუქტურებისგან განსხვავებით,"End Of The World Party" ჰარმონიულად მდიდარი და კომპოზიციურად უფრო დახვეწილი ნამუშევარი გამოდგა.

2008 წელს ნიუ-იორკული ხმის ჩამწერი სტუდიის "Little MOnster Records"-ის პროდიუსერმა კეიტ ჰაიმანმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, რომელიც ბავშვებში ჯაზისადმი ინტერესს გააღვივებდა. პროექტის განხორციელება მედესკის ტრიოს ანდეს. არტისტებმა პატარების მოხიბლვა მარტივი, სასმენად საამო და მხიარული მუსიკით სცადეს. შედეგად გამოვიდა ალბომი "Let’s Go Everywhere", რომელმაცკრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა - მიუხედავად მისი "ბავშვური" ბუნებისა, ტრიოს შემოქმედებაში ის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნამუშევრად შეაფასეს და ჯაზის სახელმძღვანელოდ მონათლეს. საინტერესოა ისიც, რომ დისკის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ამერიკელმა მუსიკოსმა და მსახიობმა ჯონ ლურიმაც, რომელსაც ჯგუფ The Lounge Lizards-იდან და ჯიმ ჯარმუშის ფილმებიდან ვიცნობთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG